29 ნოემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მოხალისეთა პროგრამის ერთ-ერთი პროექტის „გააგონე კომპიუტერს ქართული ხმა“ პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში პლატფორმაზე https://commonvoice.mozilla.org/en მოხალისეები წერენ ქართულ წინადადებებსა და ტექსტებს. პროექტის მიზანია, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე ქართულად ჩაიწეროს მინიმუმ 100-საათიანი აუდიოჩანაწერი. ამჟამად მხოლოდ 20 საათია ჩაწერილი.
პრეზენტაციაზე პროექტის ავტორი რაზმიკ ბადალიანი დამსწრე საზოგადოებას განუმარტავს, როგორ უნდა ჩაიწეროს და შემოწმდეს ტექსტები ინტერნეტპლატფორმა common voice-ის“ გამოყენებით და რა მნიშვნელობა აქვს მსგავს პლატფორმებზე ქართულენოვანი ხმოვანი ჩანაწერების არსებობას.
შეხვედრაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისაუბრებენ ორგანიზაციის მოხალისეთა პროგრამისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.