6 ივლისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის - „განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) დედაქალაქში“ წარდგენა გაიმართება.
გამოცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადდა. ექვსას გვერდიან წიგნში, გასული საუკუნის 20-იანი წლების პრესის მიხედვით, მოთხრობილია დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქის სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, სახალხო უნივერსიტეტისა და პროფესიული სკოლების ყოველდღიურობის ისტორია, გარდა ამისა, ცალკე თავი ეთმობა ოფიციალურ ქრონიკასა და პუბლიცისტიკას.
გამოცემა ორენოვანია (ქართულ-ინგლისური), იგი სტუდენტებს, ისტორიკოსებს, განათლების მკვლევრებსა და თბილისის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს ზედმიწევნით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში მიმდინარე საგანმანათლებლო პოლიტიკის შესახებ.
წიგნი გამოსაცემად მოამზადეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის თანამშრომლებმა.