Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-09-22
Beginning 14:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ I კორპ. შიდა ეზო

22 სექტემბერს, 14.00 საათზე, დიდი ქართველი მეცნიერის, ორიენტალისტისა და ისტორიკოსის გოჩა ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი „საისტორიო კრებულის“ მერვე ტომის პრეზენტაცია გაიმართება.

სიმბოლურია, რომ გოჩა ჯაფარიძისადმი მიძღვნილი კრებული დიდგორის ომის 900 წლისთავზე გამოდის, გამარჯვების წლისთავზე იმ მეფისა, რომელსაც მიუძღვნა თავისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი და რომლის ეპოქა და მოღვაწეობა ახლებურად და არსებითად გააშუქა თავისი ცნობილი მონოგრაფიით − „საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში“. იგი „საისტორიო კრებულის“ დამფუძნებელიც გახლდათ.

გოჩა ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ამ კრებულში თავმოყრილია  წერილები იმ თემებზე, რომლებზეც თავად მუშაობდა. ესენია ორიენტალისტიკის, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის, სამხედრო ისტორიისა და ნუმიზმატიკის საკითხები. აქ გაეცნობით მრავალრიცხოვან მოგონებებს გოჩა ჯაფარიძის შესახებ როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. აქვე იხილავთ მისი ნაშრომების ბიბლიოგრაფიასა და სამეცნიერო მიმოხილვას.

გოჩა ჯაფარიძე იყო ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფართო მასშტაბის მეცნიერი, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის საკვანძო პრობლემათა მკვლევარი, მნიშვნელოვანი მონოგრაფიებისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, არაბისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების ყოფილი დეკანი, წლების მანძილზე აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების გამგე, 1998-2010 წლებში საქართველოს საელჩოს დესპანი ეგვიპტეში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის 5 ქვეყანაში (საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტესა და სირიაში.  ღვაწლმოსილი  მეცნიერისა და პედაგოგის სიცოცხლე გაგრძელდება მის სამეცნიერო ნაშრომებში და აღზრდილთა შემოქმედებაში. მისი უნიკალური ბიბლიოთეკა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა.

Related events