Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-02-24
Beginning 13:00 HR
Address თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი  24-27 თებერვალს ატარებს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში - Vitae Discimus. კონფერენცია ეძღვნება საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეს.

კონფერენციის გახსნა დაგეგმილია 24 თებერვალს, 13.00 საათზე.

კონფერენციაში მონაწილეობს 30-ზე მეტი მომხსენებელი მსოფლიოს 10 ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან (საქართველო, გერმანია, ინგლისი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, უკრაინა, აშშ, კოლუმბია, იაპონია).

კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები (keynote speakers) არიან: ქრისტიან ლესი და მერი პენდერგრაფტი, ევროკლასიკასა (Euroclassica) და ამერიკის კლასიკური ლიგის (American Classical League) პრეზიდენტები, ანუ ევროპასა და აშშ-ში შესაბამისი პროფილის მნიშვნელოვანი პროფესიული გაერთიანებების ხელმძღვანელები, კლასიკური ენების ცნობილი ბრიტანული სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი, ჯონ ტეილორი და კლასიკური ენებისა და ცივილიზაციის პოპულარიზაციისთვის საგანგებოდ შექმნილი "პაიდეია" ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ პედიკონე. 

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და შეეხება კლასიკური ენების სწავლებასთან დაკავშირებულ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა კლასიკური ენების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, კლასიკური ენების სახელმძღვანელოები, შეფასების, სწავლებისა და სწავლის მეთოდები, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, პანდემიის ზემოქმედება და სხვ. საგანგებო მოხსენებები ეთმობა კლასიკური ენების იმ სტანდარტებს, რომლებსაც ევროპასა და აშშ-ში იყენებენ.

კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოში ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციას, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის ქართული სკოლის ცნობადობის ზრდას, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, კლასიკური ენების სწავლების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონფერენციის როლი ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების რეაკრედიტაციისთვის მზადების პროცესში, რადგან კონფერენციის ფარგლებში განიხილება პროგრამების შინაარსთან, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიებთან, სახელმძღვანელოებთან, აგრეთვე კლასიკური ენების სტანდარტებთან/დარგობრივ მახასიათებლებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. 

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართავენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, თსუ ენების ცენტრის დირექტორი რუსუდან დოლიძე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი თინათინ დოლიძე.

 კონფერენციის ზუმ ლინკი:

https://us02web.zoom.us/j/89716064383?pwd=YVJUL1c3OEEzeTl3WWxvb3ZQSVlVUT09

Meeting ID: 897 1606 4383

Passcode: 663375 

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კონფერენციის პროგრამა. 

Related events