Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საბავშვო უნივერსიტეტის ალუმნი - ნინო შიომღვდლიშვილი

ნინო შიომღვდლიშვილი: „ამ წლების განმავლობაში სულ უფრო ვრწმუნდებოდი ჩემი არჩევანის სისწორეში“
ნინო თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურს ასრულებს. პარალელურად სასწავლო ცენტრ T&T-ში მუშაობს, რომელიც ტრენინგებს დამწყები და მოქმედი პედაგოგებისთვის ატარებს. ამბობს, რომ სწვალის პროცესი მარტივი არ არის, მაგრამ ეს ის სფეროა, რომელიც მის ცხოვრებას საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. საბავშვო უნივერსიტეტის მსმენელი მეათე კლასიდან გახდა. ესწრებოდა სხვადასხვა დარგობრივ ლექციებს.
„ყველა განხრით ვიყავი დაინტერესებული“, - იხსენებს ნინო - „პირველად ფიზიკა-მათემატიკის ლექციებს დავესწარი, შემდეგ სოციოლოგიისა და პოლიტოლოგიის ლექციებსაც, მაგრამ საბოლოოდ ჩავაბარე ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტზე. საბავშვო უნივერსიტეტში მოსვლამდე ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩამოყალიბებული, თუ რომელი განხრით მსურდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რა პროფესიაც არ უნდა ამერჩია, აუცილებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარებდი“.


რატომ თსუ? ნინო განმარტავს, რომ ამის მიზეზი პროფესორებსა და სტუდენტებს შორის არსებული ურთიერთობა და პროფესიონალების აღზრდაზე ორიენტირებული გარემოა, რასაც ჯერ კიდევ საბავშვო უნივერსიტეტიდან
გაეცნო.
„ეს უნივერსიტეტი ჩემთვის ბავშვობიდან განსაკუთრებული, საკრალური ადგილი იყო. ახლა უკვე მეოთხე კურსზე ვარ, წარჩინებით ვამთავრებ უნივერსიტეტს და ამ წლების განმავლობაში სულ უფრო ვრწმუნდებოდი ჩემი
არჩევანის სისწორეში. თსუ საბავშვო უნივერსიტეტი რამდენადაც პროფესიის არჩევის თვალსაზრისით არის კარგი შემოთავაზება, იმდენადვე ხელსაყრელია საუნივერსიტეტო გარემოსთან შესაგუებლად. მე როდესაც უნივერსიტეტში
დავბრუნდი (მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი წელი პანდემიის გამო ონლაინ ვისწავლე) ჩემთვის ეს გარემო უცხო არ იყო, სკოლის მერე მარტივად შევეგუე უნივერსიტეტს. 

   რთულია 18 წლის ბავშვმა პროფესია სწორად აარჩიოს, იმ გზით წავიდეს, რომელზე სიარულიც მთელი ცხოვრება ენდომება. თსუ საბავშვო უნივერსიტეტში შეგიძლია სხვადასხვა ფაკულტეტის საგნებზე დასწრება, ასე მარტივად მიხვდები ეს განხრა შენთვის საინტერესო არის თუ არა და გამოცდებამდე გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობაც გექნება. სწორედ ამ პროცესის გავლამ განაპირობა ის, რომ მე ჩემი პროფესია ახლა ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ იქ ვარ, სადაც ყოველთვის უნდა ვყოფილიყავი. 
   თვითონ უნივერსიტეტში სწავლის პროცესი, რა თქმა უნდა, სტრესული იყო, რთულია ამდენი წელი სწავლის ქარ-ცეცხლში ტრიალი, მაგრამ ეს პროცესი ჩემთვის იმდენად საინტერესო, კომფორტული აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ ამ
მომენტით ტკბობაც დავიწყე. ცხადია, ამაში გეხმარებიან ლექტორები. თითქმის ყველა ჩემი სპეციალობის ლექტორი უკიდეგანოდ შემიყვარდა, რადგან მე მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე. 
   ბოლო ერთი წელია დასაქმებული ვარ, ვმუშაობ სასწავლო ცენტრ T&T-ში ჩემი პროფესიით და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ შემიძლია ჩემი ცოდნა გავუზიარო ბავშვებს“, - ამბობს ნინო შიომღვდლიშვილი.