Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რატომ ვეღარ იქნება COVID-19-ის კრიზისის შემდეგ უმაღლესი განათლება ისეთი როგორც ადრე

რატომ ვეღარ იქნება COVID-19-ის კრიზისის შემდეგ უმაღლესი განათლება ისეთი როგორც ადრე

 

დღემდე ტრადიციულ სწავლებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტები ონლაინ სწავლა-სწავლებაზე გადასვლას არ ჩქარობდნენ. იგივე ითქმის უნივერსიტეტებზეც სადაც ჩვეული ლექციები და სახელმძღვანელოები სწავლების ძირითად ინსტრუმენტად რჩებოდა. ტრადიციული სწავლების მეთოდები და მისი დამხმარე, ფიზიკურ სივრცეზე მიბმული მომსახურებები, ამუხრუჭებდნენ ახალ, ჩართულობაზე ორიენტირებულ ონლაინ სწავლებისა და მიდგომების გასავითარებლად საჭირო ინოვაციებს.

 

ეს ყველაფერი COVID-19-მა მოულოდნელად შეცვალა – ახლა ყველას ჭირდება ონლაინ ყოფნა (სწავლა, მუშაობა). ცოტა უმაღლესი სასწავლებელი აღმოჩნდა მზად ასეთი სწრაფი ცვლილებისთვის. 

 

ფართოდ გავრცელებული აზრის მიხედვით სწავლების ოქროს სტანდარტს ტრადიციული, პირისპირ სწავლება წარმოადგენს, ონლაინ სწავლება კი მეორეხარისხოვანია. აქამდეც ბევრ დაწესებულებას უცდია თავისი ტრადიციული სასწავლო პრაქტიკის გადატანა ონლაინ რეჟიმში, თუმცა დიდი მოტივაციის გარეშე და ფრაგმენტულად. ხშირად ეს წარმოადგენდა ტრადიციული საკლასო სწავლების რეპლიკაციის, გამეორების მოუქნელ მცდელობებს და გულისხმობდა ისეთ ვიდეო ლექციებს, სახელმძღვანელოებს, ონლაინ ტესტებსა და სწავლების მართვის სისტემებს, რომელიც ძველმოდურ სასწავლო პროგრამებს ჰგავდა. ზემოხსენებულის შედეგი კი, როგორც წესი უკან გადადგმული ნაბიჯია იმ ყველაფერთან, რაც ისედაც არასწორია დიდაქტიკური სწავლების მეთოდების შემთხვევაში. 

 

შესაძლოა COVID-19-ის გარეშეც უმაღლესი განათლება ღრმა, სტრუქტურული კრიზისის წინაშე იდგა. ამის ერთ-ერთი მიზეზი სტუდენტების მიერ სწავლისთვის აღებული სესხებიც არის. პრესტიჟული აუდიტორიები და კოხტა, მოვლილი კამპუსები ძალიან ძვირი სიამოვნებაა. სტუდენტებს უფრო და უფრო დიდი თანხების გადახდა უწევთ განათლების მისაღებად და ასეთი განათლება უფრო და უფრო ხელმიუწვდომელი ხდება მათთვის. 

 

კრიზისის კიდევ ერთ განზომილებას ჩვენ “ყურადღებას” ვუთმობთ. დღევანდელი სტუდენტებისთვის ლექციაზე ყოფნა და მოსმენა აბსურდულად არაოპტიმალური კოგნიტური დატვირთვაა. გასათვალისწინებელია, რომ სტუდენტები მიჩვეული არიან საკუთარ მოწყობილობებზე [მაგ. სმარტფონებზე] შექმნან და მართონ საკუთარი საინფორმაციო არხები და სურვილისებრ გადაავლონ თვალი შეტყობინებებს. 

 

შესაბამისად, COVID-19-ის გარეშეც როგორც მინიმუმ პირისპირ სწავლება მომწიფებული იყო რადიკალური ტრანსფორმაციისთვის.

 

ილინოისის უნივერსიტეტში ჩვენ სწორედ ამ ტრანსფორმაციას ვიკვლევთ, ვავითარებთ და ონლაინ სწავლების გადაწყვეტილებებს ვცდით. ამ ტრადიციულ უნივერსიტეტში ჩვენ უკვე მხოლოდ ონლაინ ვასწავლით. 

 

ქვემოთ გთავაზობთ ხუთ მიზეზს რატომ ვიქცევით ასე. მარტივად, რომ ვთქვათ შესაბამისი საშუალებებითა და მეთოდებით ონლაინ სწავლება შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული და პოტენციურად ბევრად ეფექტური ვიდრე პირისპირ, აუდიტორიაში წარმართული სალექციო სწავლება. სწორედ ამიტომ უარი უნდა ვთქვათ “უკან, მომავალში” ყაიდის სწავლების მართვის სისტემებზე. ონლაინ სწავლების სიკეთეების გამოსაყენებლად უნდა მივატოვოთ უკვე არსებული საგანმანათლებლო ტექნოლოგიები – სისტემები და პროცესები, რომელიც ბევრს არაფერს აკეთებს ტრადიციული საკლასო გარემოს გამეორების გარდა. 

 

რატომ ვირჩევთ ონლაინ სწავლებას?

 

1. უმაღლესი განათლების მასშტაბის გაზრდა და მისი ხარჯების შემცირება

 

პირისპირ, ინიდივიდუალურად წარმართული საგანანმანათლებლო პროცესის მასშტაბირება შეუძლებელია. საყოველთაო სკოლისშემდგომი განათლების მისაღწევად – და ეს საჭიროა, რათა ყველა მოქალაქე იყოს მზად საკუთარი და კოლექტიური მომავლისთვის – ჩვენ გვჭირდება სწავლისა და სწავლების ხარჯების შემცირება. 

 

ეს არაა მხოლოდ ფიზიკური ქირის შემცირების საკითხი – ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც სახლიდან შრომობს, ოჯახის წევრებზე ზრუნავს, ფიზიკურად ვერ ტოვებს საცხოვრებელ სივრცეს, უმაღლეს განათლებაზე წვდომა უნდა ჰქონდეთ საკუთარი საცხოვრებლიდან, სახლის დატოვების გარეშეც. 

 

ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ განათლებას მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ როგორც დისტანციური სწავლების განახლებულ ვერსიას. დღეს, ონლაინ კურსების მონაწილეებს ჩვენ მხოლოდ მცირე შეღავათს ვთავაზობთ. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს წვდომა ყველასთვის, ონლაინ სწავლების ღირებულება მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. 

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საშუალო სასკოლო განათლების მსგავსად, სკოლისშემდგომი განათლება საჯარო დაფინანსებაზე გადავა, ის უფრო იაფი, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მთავრობისა და გადასახადის გადამხდელთათვის. 

 

2. სოციალური და კოლაბორაციული ცოდნის მიღების მეთოდოლოგიური ბაზის განვითარება

 

პირისპირ სწავლების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ასე წარმართულ სასწავლო პროცესში ღირებული ადამიანებს შორის ინტერაქციაა. მიუხედავად ამისა, ტრადიციულ აუდიტორიაში სტუდენტები ჩუმად უნდა ისხდნენ, სანამ ლექტორი საუბრობს. საკლასო დისკუსიის დროს მხოლოდ ერთი ადამიანი საუბრობს ერთ ჯერზე. ამ თვალსაზრისით აუდიტორია და საკლასო ოთახი სოციალური ინტერაქციის მხარდამჭერი ნაკლებადაა, ვირუსული დაავადებების გავრცელებას თუ არ გავითვალისწინებთ. სოციალური მედიის ეპოქაში კომუნიკაციის ასეთი ფორმები არა მარტო არაოპტიმალურია, არამედ რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, მათი საკომუნიკაციო არქიტექტურა სოციალური იზოლაციის სისტემებს წარმოადგენს. 

 

აი, რა არის ონლაინ სწავლების განსხვავება: მასწავლებელს/ინსტრუქტორს შეუძლია სასწავლო ვიდეოს შექმნა, ოღონდ არა ტიპიური ლექციის ყაიდაზე – ეს უნდა იყოს მოკლე და მარტივად აღსაქმელ ბლოკებად დაყოფილი ვიდეო. ისეთი, რომელიც უბრალოდ თხრობაზე კი არაა ორიენტირებული, არამედ სტუდენტებს საშუალებას უნდა აძლევს დისკუსია გამართონ ამ თემაზე და თავისი აზრი გააზიარონ ვიდეოს ქვეშ არსებულ “ფიდში”. (“შებრუნებული საკლასო ოთახის” ფორმატის ვიდეო ლექცია არ უნდა იყოს ძველი ყაიდის ლექციის ჩანაწერი.) სტუდენტს უნდა შეეძლოს ვიდეოს გაჩერება, გადახედვა, გამოტოვება, შენელება, აჩქარება და ა.შ. სასწავლო ანალიტიკა სტუდენტების ჩართულობას უნდა აფასებდეს. 

 

საკლასო დისკუსიებს რაც შეეხება: ერთ ჯერზე ერთი ადამიანის საუბრის ნაცვლად სოციალური მედიის ანალოგიურ სივრცეში ყველას შეუძლია კომენტარის კეთება, აზრის გამოხატვა ერთდროულად, ან მაშინ როდესაც მათთვისაა მოსახერხებელი. ასეთი დისკუსიები შეიძლება იყოს სინქრონულიც და ასინქრონულიც. სულ არაა აუცილებელი სტუდენტების ჩართულობა შემოფარგლული და ჩაკეტილი იყოს აუდიტორიის ოთხ კედელში, ან განრიგის უჯრაში. 

 

ასეთ სივრცეში სტუდენტები არ ჯილდოვდებიან გადამეტებული თავდაჯერებულობის გამო და არც ჯარიმდებიან თავშეკავებულობის გამო – იცვლება ის დინამიკა, რომელიც მონაწილეობის კუთხით დისბალანსს ქმნიდა ტრადიციული საკლასო ოთახის/აუდიტორიის პირობებში. ცხადია შესაძლებელია ყველას ვთხოვოთ პასუხის გაცემა და შესაბამისად შევაფასოთ – სასწავლო ანალიტიკას შეუძლია თითოეული შემსწავლელის ჩართულობაზე თვალყურის დევნება. ეს უბრალოდ უკეთესი საკომუნიკაციო და პედაგოგიური არქიტექტურაა. 

 

3. ინტენსიური ჩართულობის სწავლების მეთოდოლოგიური ბაზის განვითარება

 

ტრადიციული სწავლების მოდელში შემსწავლელები ცოდნის (მაგ. ლექციის, სახელმძღვანელოს შინაარსის) მომხმარებლები არიან, მათ მოეთხოვებათ მიღებული ცოდნის ათვისების დემონსტრაცია კურსის ბოლოს, შემაჯამებელ შეფასებებში.

 

ლექციები და სახელმძღვანელოები ლოგისტიკური აუცილებლობა იყო ტრადიციულ საგანმანათლებლო არქიტექტურაში. ელსწავლების ინფრასტრუქტურა ახალ შესაძლებლობებს ხსნის, რაც ცდება ჩაწერილი ლექციებისა და სახელმძღვანელოების ონლაინ განთავსების პრაქტიკას. 

 

ონლაინ სასწავლო ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს შემსწავლელს გახდეს ცოდნის შემქმნელი და თანაშემოქმედი. ამის განხორციელების ერთ-ერთი გზაა სტუდენტებს საშუალება მისცეთ მოიკვლიონ თქვენს მიერ შეთავაზებული თემა/საკითხი და შემდეგ დაწერონ ამის შესახებ კლასის/ჯგუფის ონლაინ საკომუნიკაციო სივრცეში. ასევე შესაძლებელია თანასწორთა მიერ რეცენზირებული პროექტების შექმნა, სადაც შუალედური უკუკავშირი ცოდნის შექმნის პროცესის შესახებ რამდენიმე წყაროდან და პერსპექტივიდან მოდის: თანასწორისგან (ჯგუფელისგან), ინსტრუქტორისგან (ლექტორისგან) და მანქანური სისტემიდან (კომპიუტერული/ციფრული სასწავლო სისტემიდან). ამის შემდეგ შესაძლებელია მსგავსი პროექტები გამოქვეყნდეს და გაზიარდეს შესაბამის თემში კოლექტიური ცოდნის სახით.    

 

ინსტრუქტორის/ლექტორის როლი ამ შემთხვევაში ელსწავლების გარემოს შემუშავებაა სოციალური ცოდნის ტექნოლოგიების და სოციალურ-კოლაბორაციული კომპლექსურობის გათვალისწინებით. (ჩვენ ვიყენებთ ტერმინს “სოციალური ცოდნა” რადგან მეინსტრიმული სოციალური მედია ყოვლად შეუსაბამოა სწავლებისთვის, ამის მიზეზია მათი საკომუნიკაციო ბლოკების სიდიდე და ის, თუ როგორ ანიჭებენ პოსტებს პრიორიტეტებს მათი ალგორითმები) 

 

ინტეგრირებული, ოპერატიული შეფასებები საშუალებას გვაძლევს გავზომოთ შემსწავლელთა ჩართულობა და ინდივიდუალური პროგრესი. მაგალითად: ჩვენს ერთ-ერთ 8-კვირიან კურსში, რომელშიც 54 სტუდენტი მონაწილეობდა, ჩვენი CGScholar პლატფორმის გამოყენებით 14,500 ქმედითი უკუკავშირი გაიცა 3.3მ. მონაცემზე, რამაც სტუდენტებსაც და ისნტრუქტორებსაც სწავლების ბევრად უფრო მდიდარი და სანდო სურათი მისცა, ვიდრე ეს ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა ტრადიციული ტესტის გამოყენებით. 

 

4. ფოკუსი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე 

 

ტრადიციული ყაიდის სწავლება და შეფასება ზომავს ფაქტის გრძელვადიან მახსოვრობას და მოქმედების სწორ შესრულებას („გრძელვადიანი“ აქ ხშირად ტესტის დღეს გულისხმობს). 

 

დღეს, მოწყობილობები, რომელთაც სულ თან დავატარებთ, ფაქტობრივად ჩვენი კოგნიტური პროთეზებია. ისინი იმახსოვრებენ ჩვენ ნაცვლად, საშუალებას გვაძლევენ მოვიპოვოთ და შევინახოთ იმაზე მეტი ინფორმაცია, ცოდნა, ვიდრე ოდესმე მათ გარეშე შევძლებდით. ჩვენი აპლიკაციები ჩვენ ნაცვლად ასრულებენ მოქმედებებს. 

 

გამომდინარე აქედან, განათლების ფუნქციური ამოცანებიც იცვლება. სწავლა ხელმისაწვდომი ცოდნის გულმოდგინე (ეფექტურ) ნავიგაციას გულისხმობს. ასევე გულისხმობს მანქანური პროცედურების, მოქმედებების სწორად გამოყენებას. ასეთ ვითარებაში მახსოვრობაზე მნიშვნელოვანი მაღალი სააზროვნო უნარებია, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, დიზაინერული აზროვნება. 

 

საკვანძო კომპეტენციები, რაც კურსდამთავრებულებს ჭირდებათ, სწრაფად იცვლება. ეს ამცირებს გრძელვადიანი მახსოვრობის მნიშვნელობას. დღევანდელი კურსდამთავრებულების შესაძლებლობები მოიცავს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დასაბუთებას, გადამოწმებადი დებულებების შესახებ არგუმენტირებულ მსჯელობას და გადამოწმებად გადაწყვეტილებებს. 

 

ონლაინ გარემოს აღნიშნულის მიღწევის უნიკალური შესაძლებლობა აქვს, კოლაბორაციული ცოდნის პროცესების გამოყენებით. ცოდნის წარმოქმნისას და სწავლების პროცესში ინდივიდუალური გონების ნაცვლად, სოციალური გონისა და თანასწორთა თანამშრომლობითი წვლილის აღიარება ხდება. 

 

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია თვალყურის დევნება და შეთავაზებების კეთება იმის საფუძველზე რასაც ჩვენ “კომპლექსურ ეპისტემოლოგიური მაჩვენებლებს” ვუწოდებთ. ამგვარად შესაძლებელია სინერგია მანქანურ სწავლებასა და ადამიანურ სწავლებას შორის. 

 

5. სწავლა ცხოვრების მანძილზე 

 

ბოლო საუკუნეების მანძილზე საუნივერსიტეტო განათლება წარმოადგენდა ადამიანის ცხოვრების კონკრეტულ მონაკვეთს. ასეთი მიდგომა ასევე გულისხმობდა, რომ სტუდენტი სწავლის პერიოდში მოწყვეტილია თავის ჩვეულებრივ ცხოვრებას. ეს ინსტიტუციური ფორმა ადრე მოდერნულ პერიოდში უნივერსიტეტების მონასტრული საწყისებიდან იღებს სათავეს. 

 

ამის საპირისპიროდ ონლაინ სწავლება რეალურ ცხოვრებაზეა დაფუძნებული. ის შეიძლება უწყვეტი იყოს, გაგრძელდეს მთელი ცხოვრების მანძილზე და მოიცვას სოციალური და პირადი საჭიროებების ფართო სპექტრი. ჩვენ მოგვწონს, რომ ჩვენი ონლაინ კურსების მონაწილე სტუდენტები არ არიან მოწყვეტილი რეალურ ცხოვრებას. მათ შემოაქვთ ის ცოდნა და გამოცდილება, რაზე წარმოდგენა ჩვენ, როგორც ინსტრუქტორებს სხვანაირად არც გვექნებოდა; ისინი ხდებიან პარტნიორები, თანაშემოქმედნი ჩვენი ცოდნის საზოგადოებაში. მათ ასევე შეუძლიათ რეალურ ცხოვრებისეულ კონტექსტში გამოსცადონ ის, რაც ჩვენთან ისწავლეს.  

 

მაგრამ ახლა პრობლემის თაობაზე: ამჟამად ხელმისაწვდომ არც ერთ კომერციულ თუ ღია სწავლების მართვის პლატფორმას არ შეუძლია იმის სრულად გაკეთება, რაზეც ვისაუბრეთ. პოტენციალი არსებობს, მაგრამ უმეტესობა ეყრდნობა 1990-იანების მასწავლებელზე ორიენტირებულ, hub-and-spoke, ფაილის ატვირთვა/ჩამოტვირთვის არქიტექტურას. არცერთია ადეკვატურად აღჭურვილი საიმისოდ, რომ ხელი შეუწყოს სოციალურ ცოდნას, კოლაბორაციულ სწავლას ან ხელოვნურ ინტელექტს. ყველა ცდილობს ტრადიციული საკლასო ოთახის რეპლიკაციას, რიგ შემთხვევაში საკმაოდ მოუქნელი სოციალური ნეთვორქინგის მცდელობით. 

 

მიმდინარე კრიზისის პერიოდში ჩვენ შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. უნდა წარმოვიდგინოთ განსხვავებული მომავალი უმაღლესი განათლებისთვის. თუ სტრატეგიული ოპტიმიზმის პოზიციას ავირჩევთ შეიძლება ღმოვჩნდეთ ყველაზე დიდი ცვლილების წინაშე, რაც კი ადრე მოდერნული პერიოდის უმაღლესი განათლების სოციალური პროცესებისა და არტეფაქტების გამოგონების შემდეგ მომხდარა.  

 

საფრთხეს ის წარმოადგენს, რომ ონლაინ სწავლებაში ასე მოულოდნელად ჩართვა თავისთავად გულისხმობს სათანადო მომზადების გარეშე ხარვეზიანი სისტემების გამოყენებას, რაც ონლაინ სწავლების ხარისხის და სასწავლო გამოცდილების შესახებ ყველაზე უარესი შიშების გაძლიერებას იწვევს. საჭიროა ფოკუსირებული ინვესტიცია ადამიანებსა და ტექნოლოგიებში, რათა ჩვენი პედაგოგიური და სოციალური ღირებულებების განახლება და გამოცოცხლება მოხდეს. სხვა თუ არაფერი, ამ კრიზისმა მაინც უნდა გვიბიძგოს ამისკენ.  

 

ავტორები: მერი კალანძისი და ბილ კოუპი (ილინოისის უნივერსიტეტი)

თარგმანი: თამარ ტატიშვილი

(წყარო: https://universitybusiness.com/covid-19-why-higher-ed-may-never-be-the-same/ )