Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა უნდა გავითვალისწინოთ დისტანციური კურსის დაგეგმვისას

რა უნდა გავითვალისწინოთ დისტანციური კურსის დაგეგმვისას

 

COVID-19- მა რადიკალურად შეცვალა ჩვენი ჩვეული ცხოვრების სტილი. იზოლაციისა და ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობამ გაურკვეველი პერიოდით ჩაგვიკეტა აუდიტორიის კარი და კიდევ უფრო მწვავედ დაგვანახა თუ როგორი მნიშვნელოვანია დისტანციურად სწავლების კარგად განვითარებული სისტემის არსებობა. ალბათ გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში სწავლების ახალ ფორმატზე გადაწყობის მთელი სირთულე მასწავლებლებზე გადადის, რადგან ბევრ ჩვენგანს რეკორდულად მოკლე ვადებში მოუწია ახალი ტექნოლოგიების ათვისება, სასწავლო კურსებში სწავლების განსხვავებული მეთოდების და ინსტრუმენტების ინტეგრირება, ელექტრონული რესურსების შექმნა თუ მოძიება და ა.შ. თანაც ეს ყველაფერი ისე უნდა იყოს შერჩეული და გამოყენებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს კურსებში მოსწავლეების/სტუდენტების/მსმენელების ჩართულობა. ქვემოთ გთავაზობთ 12 რჩევას,  რომელთა გათვალიწინებაც დისტანციური კურსის ეფექტურად დაგეგმვაში დაგეხმარებათ:

 

1. გაიგეთ უფრო მეტი თქვენი სამიზნე აუდიტორიის შესახებ

 

სანამ ონლაინ კურსის დაგეგმვას დაიწყებთ, ჯერ უნდა გაითვალისწინოთ ვინ არიან თქვენი მსმენელები/სტუდენტები/მოსწავლეები. შეძლებისადაგვარად დააზუსტეთ მათი ასაკი, წინასწარი გამოცდილება, როგორი წვდომა აქვთ ინტერნეტზე, რა ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ ონლაინ სწავლისთვის, ა.შ.

ახალგაზრდა მსმენელებს უმეტესწილად ურჩევნიათ, გაკვეთილი უფრო მცირე ზომის მონაკვეთებად/თემებად იყოს დაყოფილი და სწავლებისას უფრო მეტად იყოს გამოყენებული ინტერაქტიური საშუალებები, ზრდასრულები კი შეიძლება უპირატესობას სალექციო ფორმატის კურსს ანიჭებდნენ, როდესაც სწავლის პროცესში განსაკუთრებული ტექნოლოგიური უნარების გამოყენება არ სჭირდებათ.  

 

2. წინასწარ ჩაიწერეთ ლექციები

 

თუ ჯგუფის წინასწარი შესწავლით გამოიკვეთება, რომ მსმენელბის ნაწილს მაინც აქვს ინტერნეტის მიწოდებისას შეფერხებები ან სხვადასხვა მიზეზის გამო კონკრეტულ დროს შეიძლება არ ჰქონდეთ წვდომა ონლაინ სწავლისთვის აუცილებელ მოწყობილობებზე, ნუ ჩაატარებთ ლექციებს პირდაპირი ჩართვებით, ჯობს ლექციები წინასწარ ჩაწეროთ და მოკლე ვიდეოების სახით გაუგზავნოთ მსმენელებს, ნებისმიერ დროს რომ შეძლონ ყურება.

 

3. აჩვენეთ თქვენი სახე

 

კვლევები აჩვენებს, რომ ინსტრუქტორის/მასწავლებლის სახის დანახვა ზრდის მსმენელთა/სტუდენტების/მოსწავლეების ჩართულობისა და კონცენტრირების ხარისხს, ამიტომ ვიდეო გაკვეთილებს ნუ დაუთმობთ მთლიანად სლაიდებს ან სხვა ვიზუალურ მასალას, ეცადეთ პერიოდულად მაინც თავადაც გამოჩნდეთ ვიდეოში.

 

4. აკონტროლეთ ვიდეო გაკვეთილის ქრონომეტრაჟი

 

15 წუთზე უფრო ხანგრძლივი ვიდეოები შეიძლება რთულად ჩამოსატვირთი აღმოჩნდეს თქვენი მსმენელებისათვის. გარდა ამისა უფრო ხანგრძლივი ვიდეოს ყურებისას იკლებს ყურადღების კონცენტრირების ხარისხი. თუ მოკლე ვიდეოში ვერ ასწრებთ თემის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გადაცემას, ერთი თემის შესახებ გააკეთეთ ორი ან მეტი ვიდეო.

 

5. წინასწარ შეამოწმეთ სლაიდები

 

სანამ სლაიდებიან პრეზენტაციას ჩართავთ ვიდეოში, შეამოწმეთ რამდენად ადვილად იკითხება მცირე მოცულობის ეკრანზე, მაგალითად თქვენს სმარტფონზე. კარგად შეამოწმეთ ფერები, ფონტის ზომები, ეკრანზე ტექსტისა და სხვა ვიზუალური მასალის გადანაწილება და ა.შ.

 

6. გამოიყენეთ უკვე არსებული ონლაინ რესურსები

 

ხშირად, განსაკუთრებით ისეთ ფორსმაჟორული სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვიმყოფებით, შეუძლებელია მთელი კურსის მასალის შესაბამისი ონლაინ რესურსების შექმნა, ამიტომ ისარგებლეთ თქვენი კურსის თემატიკაზე უკვე შექმნილი ონლაინ რესურსებით (ფილმები, ვიდეოები, აუდიო რესურსები, ტექსტები, კვლევები, ა.შ.) და მსმენელებს გაუგზავნეთ ამ რესურსების ბმულები. ოღონდ წინასწარ შეამოწმეთ რომ ამ რესურსებზე წვდომა ყველასთვის იყო ღია.

 

7. მიეცით მკვეთრი ინსტრუქციები

 

როდესაც მსმენელებს უგზავნით 15 წუთზე უფრო ხანგრძლივ ვიდეო მასალის ბმულს, აუცილებლად მიუთითეთ იმ კონკრეტული მონაკვეთების დაწყების და დასრულების დრო ვიდეოზე, რომლის ყურებაც თქვენი აზრით უფრო მნიშვნელოვანია (მაგ. 01:23-დან 02:45-მდე). ამით კიდევ უფრო მეტად დააინტერესებთ სტუდენტებს. რამდენიმე ბმულის გაგზავნისას მიუთითეთ რომლითაა სწავლის დაწყება სასურველი.

 

8. შესთავაზეთ ინტერაქტიური აქტივობები

 

ონლაინ სწავლების პლატფორმების უმეტესობა დიფერენცირებული მიდგომების გამოყენების საშუალებას გვაძლევს. დეტალური ინსტრუქციების მიხედვით მარტივია ქუიზების, ტესტების და ა.შ. შექმნა.

 

9. დასახეთ გონივრული მოლოდინები

 

როდესაც ადგენთ ქუიზებს, ტესტებს, აუცილებლად გაითვალიწინეთ, რომ შეკითხვებზე პასუხები აუცილებლად უნდა იყოს გავლილ მასალაში. გაითვალისწინეთ, რომ 15 შეკითხვიანი ქუიზი ან 300 სიტყვიანი ტექსტის დაწერა ნახევარ საათიანი დავალებაა.

 

10. კარგად დაგეგმეთ ჯგუფთან კომუნიკაცია

 

თუ სწავლებისთვის მთლიანად ასინქრონულ ფორმტს აირჩევთ, გამოყავით ინდივიდუალური კონსულტაციების დრო, რისთვისაც წინასწარ მითითებულ დროს იქნებით ონლაინ და ყველა მსმენელს ექნება შესაძებლობა შემოვიდეს და გაგესაუბროთ, დაგისვათ შეკითხვები. შეიძლება, განსაკუთრებულად არ იაქტიურონ კურსის მონაწილეებმა ინდივიდუალურ კონსულტაციებზე, თუმცა მნიშნელოვანია იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევისთვის ეს შესაძებლობაც არსებობს.

 

11. შექმენით სადისკუსიო სივრცე

 

ამისათვის გამოიყენეთ ელექტრონული სწავლების პლატფორმის შესაძლებლობები (ფორუმის ფუნქცია აქვს moodle -ს მაგალითად) ან მარტივად შეგიძლიათ ამ საკითხის გადაწყვეტა სოციალური მედიის დახურული ჯგუფის შექმნით. ჰკითხეთ მსმენელებსაც, რომელი სივრცე ურჩევნიათ მსგავსი დისკუსიებისათვის და მოერგეთ მათ ინტერესებსაც თუ საჭიროა. ყინულის გასატეხად თავიდან თავად დასვით შეკითხვები და წამოიწყეთ დისკუსია.

 

12.   შეინარჩუნეთ სტაბილურობა

 

დისტანციური სწავლებისას მსმენელებს არ მოსწონთ სწავლების სტილის და მეთოდების ხშირი ცვლილება, ეცადეთ სტაბილურად მიჰყვეთ კურსის დასაწყისში განსაზღვრულ მიმართულებას.

 

ქეთი ცინცაძე

 

ლექტორი, ტრენერი, კონსულტანტი