Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინა გოგაძე - თსუ-დან ლაიდენის უნივერსიტეტამდე

„თსუ-მ მომცა არა მხოლოდ განათლება, არამედ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების უკეთ გაცნობიერების, განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა. თსუ-ში სწავლის პერიოდში მქონდა შესაძლებლობა მესწავლა დარგის მოწინავე აკადემიური პერსონალისგან, როგორც სოციოლოგიის ისე განათლების მეცნიერებების მიმართულებით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე,“ - გაიცანით ნინა გოგაძე, რომელიც გვიყვება თავის წარმატებულ გზაზე თსუ-დან ლაიდენის უნივერსიტეტამდე.

 

ჩემი და თსუ-ის ურთიერთობა 2013 წელს ბაკალავრიატზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაბარებით დაიწყო. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული თსუ ჩემს გაცნობიერებულ არჩევანს წამოადგენდა და უნივერსიტის შერჩევისას ბევრი არ მიფიქრია. მართალია, ბევრი აბიტურიენტის მსგავსად 18 წლის ასაკში მეც არ მქონდა კონკრეტულად გადაწყვეტილი რომელი მიმართულება მაინტერესებდა, თუმცა სოციალური მეცნიერებები ყველაზე ახლოს იყო ჩემთან. სწორედ ამიტომ, არჩევანი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შევაჩერე.

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დამეხმარა აღმომეჩინა და განმევითარებინა ჩემი ინტერესები და უნარები. პირველ კურსზე სტუდენტებს შესაძლებლობა გვქონდა გაგვევლო საფაკულტეტო არჩევითი შესავალი კურსები სოციოლოგიის, სოციალური მუშაობის, ჟურნალისტიკის, პოლიტიკის მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით, რამაც საშუალება მოგვცა უფრო კონკრეტულად განგვესაზღვრა ჩვენი ინტერესები. საბოლოოდ, არჩევანი სოციოლოგიაზე შევაჩერე, რადგან კვლევები ყველაზე მეტად მიზიდავდა. თამამად შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც მიმიღია. ვთვლი, რომ სოცპოლმა კარგი ბაზისი მომცა სოციალურ მეცნიერებებში და დიდი როლი ითამაშა ჩემი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2017 წელს დავამთავრე, საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდგომ კი მუშაობა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახურში დავიწყე. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტის საკითხებით ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში დავინტერესდი. თუმცა, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს მსგავსი ინტერდისციპლინური პროგრამა, გადავწყვიტე მუშაობის პარალელურად სწავლა განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე გამეგრძელებინა და პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად ცოდნა გამეღმავებინა. არჩევანი კვლავ თსუ-ზე შევაჩერე რამდენიმე მიზეზის გამო: სასწავლო პროგრამის, აკადემიური პერსონალის, მობილობის შესაძლებლობების, საერთაშორისო ცნობადობისა და პარტნიორების გამო. სამაგისტრო პროგრამა 2021 წელს დავასრულე, 2022-ში კი მოვიპოვე ევროკომისიის სრული დაფინანსება ერაზმუს მუნდუსის  ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე Research and Innovation in Higher Education (MARIHE).

 

ჩემი აკადემიური მოგზაურობა MARIHE-ს პროგრამის ფარგლებში იყო ტრანსფორმაციული გამოცდილება, რომელმაც საშუალება მომცა გამეღრმავებინა ცოდნა და გამოცდილება  ევროპული, ამერიკული, აზიური განათლებისა და მეცნიერების სისტემების შესახებ და  უმაღლესი განათლების, კვლევებისა და ინოვაციების პოლიტიკის მიმართულებით. პროგრამა მოიცავდა სასწავლო კურსებს, სემინარებს, ვიზიტებსა და სტაჟირებას კონსორციუმის წევრ და ასოცირებულ პარტნიორ შემდეგ ინსტიტუციებში:

University for Continuing Education Krems (ავსტრია)

Tampere University (ფინეთი)

Beijing Normal University – Institute of International and Comparative Education (ჩინეთი)

University of Georgia (აშშ) - ინსტიტუციური კვლევების სპეციალიზაციის კურსები

CIPES - Centre for Research in Higher Education Policies (პორტუგალია, სტაჟირება)

 

ამჟამად ვარ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  სფეროში ევროპული  თანამშრომლობის პროგრამა COST Actions-ის PROFEEDBACK (Platform of Policy Evaluation Community for Improved EU Policies and Better Acknowledgement) სამუშაო ჯგუფის წევრი, 2024 წლის სექტემბრიდან კი, როგორც ლაიდენის უნივერსიტეტის (Leiden University) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის (CWTS) დოქტორანტი, შემდეგი 4 წელი სრული დაფინანსებით შევისწავლი და ვიკლევ ევროპაში მიმდინარე კვლევის პასუხისმგებლობით შეფასების რეფორმასა და CoARA-ს შეთანხმებას.

 

ჩემი პროფესია, რომელიც უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტს მოიცავს, განსაკუთრებით აქტუალურია ცოდნის ეკონომიკის ეპოქაში. თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის მდგრადი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და საზოგადოების კეთილდღეობა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული მის სამეცნიერო-კვლევით და ინოვაციურობის პოტენციალზე. სამეცნიერო კვლევები და ინოვაციები ახალი ცოდნის შექმნის წინაპირობაა, საზოგადოებისათვის ცოდნა კი ერთი მხრივ, პიროვნების თვითაქტუალიზაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ფაქტორი, ხოლო მეორე მხრივ, ინტელექტუალურ-ტექნოლოგიური პროგრესის, კვალიფიციური სამუშაო ძალის ფორმირების, ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია.  

 

შესაბამისად, სახელმწიფოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია განათლებისა და მეცნიერების სფეროში მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკის შემუშავება და გატარება, რაც მოიცავს განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, პოლიტიკის სისტემურ და სისტემატიურ შეფასებას, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას, დაფინანსების ეფექტური და ეფექტიანი მოდელის დანერგვას, ეროვნული და რეგიონული პრიორიტეტების განსაზღვრასა და გლობალურ გამოწვევებზე მზაობას. გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული ხელს უწყობს განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას, ხარისხის გაუმჯობესებას, მეცნიერების განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობას. სწორედ ამას ემსახურება ჩემი პროფესია.

 

ამ ეტაპზე ჩემი კვლევითი ინტერესები ძირითადად ფოკუსირებულია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების პოლიტიკის ევროპეიზაციის საკითხებზე, ასევე მეცნიერების მენეჯმენტზე. გარდა ამისა, დაინტერესებული ვარ უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ინსტიტუციური ეფექტიანობის შეფასებისა და ინტერნაციონალიზაციის საკითხებით. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ 4 წელს ლაიდენის უნივერსიტეტში გავატარებ, საქართველოს უმაღლეს საგანამანათლებლო სივრცესთან კავშირის შენარჩუნების მიზნით, დაინტერესებული ვარ ქართულ უნივერსიტეტებთან და კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით.