Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ კურსდამთავრებულები ჩინეთში

 

 

 

თსუ კურსდამთავრებულები ჩინეთში ინფექციური დაავადებების პრევენციისათვის საჭირო რნმ-ვაქცინებზე მუშაობენ. 

 

ყველაფერი კი 2015 წელს დაიწყო, როდესაც თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის "გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია" მესამე სემესტრის სტუდენტებმა: ნინო რჩეულიშვილმა და დიმიტრი პაპუკაშვილმა, მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ, პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) გამოცხადებული სტიპენდიების მოსაპოვებელ შესარჩევ კონკურსში 2015-2016 სასწავლო წლისთვის და  პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში  ქიმიის საინჟინრო და ტექნოლოგიის  სამაგისტრო პროგრამაზე (Chemical Engineering and Technology) სწავლის უფლება მოიპოვეს. ეს სასწავლებელი მსოფლიო რეიტინგში  300 საუკეთესო  უნივერსიტეტშია.

პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ქიმიის საინჟინრო და ტექნოლოგიის  სამაგისტრო პროგრამაზე ერთი სემესტრის გავლის შემდეგ, მათ განაცხადი ჩინეთში სადოქტორო პოგრამის "ბიოსამედიცინო ინჟინერია" (Biomedical Engineering) მიმართულებაზე გააკეთეს და აღნიშნულ პროგრამაზე სასწავლებლად სრული დაფინანსება მიიღეს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მოიპოვეს დოქტორის ხარისხი.
 

2020 წლიდან ორივე ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამხრეთის უნივერსიტეტში (Southern University of Science and Technology, SUSTech), სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტში მუშაობს (Department of Pharmacology, School of Medicine). პარალელურად კი აქტიურად არიან ჩართულნი SUSTech-ში ვაქცინაციის „რნმ“ ტექნოლოგიების განვითარების კვლევებში.
 

“საბაკალავრო პროგრამის პერიოდში, TEMPUS-ის ფარგლებში, საბაკალავრო ნაშრომის ნაწილი გავაკეთეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: მე - პორტუგალიაში, ხოლო დიმიტრიმ ესპანეთში. ეს პირველი დიდი და საჭირო გამოცდილება იყო ორივე ჩვენგანისთვის რაც ჩვენმა პროგრამამ მოგვცა. თუმცა, ამის შემდეგ ორივეს გვსურდა საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილების მიღება. ამიტომ, როდესაც ჩვენი სამაგისტრო პროგრამაც დასასრულს მიუახლოვდა დავიწყეთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შანსების ძიება. ვინაიდან ყოველთვის გვინდოდა აზიაში, კერძოდ, ჩინეთში მოგზაურობა, ჩინური კულტურის მიმართ დიდი ინტერესის გამო, ძალიან გაგვიხარდა, როდესაც თსუ-ს ვებგვერდზე აღმოვაჩინეთ CSC (Chinese Scholarship Council) სტიპენდია, რომელიც ქართველი სტუდენტების დაფინანსების საშუალებას იძლეოდა პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლისთვის. მოვიძიეთ ინფორმაცია და როგორც აღმოჩნდა, ეს სასწავლებელი საკმაოდ პრესტიჟულად მიიჩნეოდა ჩინეთშიც და მსოფლიო მასშტაბითაც. მაშინვე დავეკონტაქტეთ ქ-ნ ლელა კაცაძეს, რომელიც ამ პროგრამას კურირებდა თსუ-ში, შევაგროვეთ ყველა საჭირო საბუთი, გვქონდა ინგლისური ენის ტესტი, გასაუბრება ინგლისურ ენაზე და საბედნიეროდ მეც და დიმიტრიმაც დავაკმაყოფილეთ მოთხოვნები. გარდა სწავლის 100% დაფინანსებისა, CSC სტიპენდიის ფარგლებში ასევე უფასოდ ვცხოვრობდით სასწავლებლის სტუდენტურ საცხოვრებელში და გვქონდა ყოველთვიური სტიპენდია ($500), რაც საკმარისი იყო სტუდენტური ცხოვრებისთვის”, - გვიყვება თავის ისტორიას ნინო.
 

რადგან პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი პირველი იყო, სადაც ნინომ და დიმიტრიმ საბუთები შეიტანეს და დადებითი პასუხიც მიიღეს,  კურსელებს სხვა ვარიანტები აღარ განუხილავთ. თუმცა, სავარაუდო ჩამონათვალში სამხრეთ კორეა და ევროპის ქვეყნებიც იყო.
 

„ვინაიდან მაგისტრატურის დიპლომი ჯერ არ გვქონდა აღებული, რადგან სამაგისტროს დაცვის შემდეგ რამდენიმე თვე იყო საჭირო დიპლომის დასამზადებლად. ხოლო ჩინეთში ზუსტად ამ პერიოდში გვიწევდა წასვლა. ამიტომ სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად გავაფორმეთ საბუთები. ეს იქნებოდა ჩვენთვის მეორე სამაგისტრო პროგრამა. მართლაც, რომ ჩავედით, ერთი სემესტრი ქიმიის ინჟინერიის საგნებს გავდიოდით. საბუთების ატვირთვისას და აპლიკაციის შევსებისას, სხვა ვარიანტი არ გვქონდა. თუმცა, იქ ყოფნისას ჩვენი დიპლომებიც დამზადდა და ადგილზე გადავწყვიტეთ, გვეცადა როგორმე ჩვენივე სპეციალობის სადოქტორო პროგრამაზე გადავსულიყავით. ამისთვის დავეკონტაქტეთ Life Sciences (სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების) ფაკულტეტის დეკანს, რომელთანაც გასაუბრების შემდეგ, მოგვეცა შესაძლებლობა საბუთების გადატანისა ამავე ფაკულტეტის Biomedical Engineering (ბიოსამედიცინო ინჟინერიის) მიმართულებაზე. საჭირო ბიუროკრატიული პროცედურების გავლის შემდეგ, მეორე სემესტრიდან დავიწყეთ სადოქტოროზე სწავლა და ჩვენს სამეცნიერო კვლევებზე მუშაობა, განმარტავს დიმიტრი. 
 

ნინოს თქმით,  სამეცნიერო კვლევების ფარგლებში ორივეს  სიმულირებული მიკროგრავიტაციის ექსპერიმენტებზე მუშაობა უწევდა.  
 

„ჩემი შესწავლის ობიექტს წარმოადგენდა ბაქტერიები და სოკოები, რომლებიც ჩინეთის კოსმოსური სადგურის ასაფრენი ზონის სხვადასხვა ზედაპირებიდან აღებული ნიმუშებიდან იყო გამოყოფილი. დიმიტრი, ლაბორატორიული ვირთაგვების სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იკვლევდა სიმულირებული მიკროგრავიტაციის პირობებში. ეს კვლევები ემსახურებოდა ასტრონავტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას კოსმოსის პირობებში ყოფნისას. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ეს კვლევები და ზოგადად, ჩვენმა სადოქტოროზე სწავლამ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება მიგვაღებინა. გარდა ამისა, შესაძლებლობა მოგვეცა საერთაშორისო კონფერენციებში მიგვეღო მონაწილეობა, მათ შორის დუბაიში 2019 წელს და ასევე შევხვდით და გავესაუბრეთ ბევრ ცნობილ ასტრონავტს სხვადასხვა ქვეყნიდან“,- აღნიშნავს ის.
 

ამჟამად ნინო რჩეულიშვილი და დიმიტრი პაპუკაშვილი, SUSTech-ში (Southern University of Science and Technology), ქალაქ შენზენში (Shenzhen), სამედიცინო ფაკულტეტზე, ფარმაკოლოგიის განყოფილებაში მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მუშაობენ. მათი კვლევითი ჯგუფი მუშაობს რნმ-ვაქცინების დიზაინზე, სინთეზსა და კვლევებზე სხვადასხვა ინფექციური დაავადებების პრევენციისათვის. მაგალითად, იკვლევს ვაქცინებს კოვიდ-19-ის, გრიპის ვირუსის, B ჰეპატიტის ვირუსის, ფსეუდომონას, და სხვა ვირუსისა თუ ბაქტერიის წინააღმდეგ.
 

„რნმ ტექნოლოგია ძალიან ეფექტიანი, უსაფრთხო და მომავლის ტექნოლოგიაა. ისეთი წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანიები როგორიცაა Moderna, და Pfizer მუშაობენ უამრავ რნმ-ვაქცინაზე როგორც ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის, ისე სხვადასხვა სიმსივნის სამკურნალოდ. კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ამ ტიპის ვაქცინებით ბრძოლამ გვაჩვენა თუ როგორი ხელსაყრელია რნმ-ვაქცინები. მ-რნმ (მატრიცული რნმ) წარმოადგენს მოლეკულას, რომელსაც შეუძლია ამა თუ იმ ვირუსის ნაწილის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს ჩვენს ორგანიზმში, რასაც მოყვება იმუნური მეხსიერების ჩამოყალიბება და იმ შემთხვევაში, თუკი რეალური ვირუსი დაგვაინფიცირებს, ჩვენი იმუნიტეტი უკვე მზად იქნება მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლებშიც შესუსტებული ან მოკლული მაგრამ მთლიანი ვირუსი ან ვირუსის შემადგენელი ნაწილი მოიაზრება, რნმ-ვაქცინა გაცილებით უსაფრთხოა, მარტივად და სწრაფად მზადდება და ასევე, ძალიან ეფექტიანია“,- განმარტავენ ახლაგაზრდა მკვლევრები.
 

რამდენად რთული აღმოჩნდა პანდემიის პერიოდში ჩინეთში სწავლა  და მუშაობა  უცხოელი სტუდენტისთვის?
 

„2019 წლის ბოლოს, როდესაც პანდემია დაიწყო ჩინეთში, ჩვენ პეკინში ვიყავით. ვინაიდან ჩვენთვის სადოქტორო პროგრამის დამამთავრებელი სასწავლო წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი უნივერსიტეტი და ქვეყანა ისვენებდა ჩინური ახალი წლის გამო, ჩვენ მაინც ვაპირებდით ექსპერიმენტების გაგრძელებას. ასეც ვიქცეოდით, როდესაც პანდემია დაიწყო. ჩვენი ოჯახის წევრებს ერჩივნათ საქართველოში დავბრუნებულიყავით ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. თან მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე გავრცელდებოდა ეს ვირუსი მთელს მსოფლიოში. იმისიც შეგვეშინდა, რომ ჩინეთი ფრენებს შეაჩერებდა. ჩვენ გარშემო უცხოელი სტუდენტებისგან გვესმოდა უამრავი ფრენის გაუქმების შესახებ. 2020 წლის პირველ თებერვალს დავბრუნდით საქართველოში და დაახლოებით ერთი წელი დავყავით. საქართველოდან ვმუშაობდით თეზისზე, გვქონდა ონლაინ-შეხვედრები ხელმძღვანელთან. 2020 წლის ზაფხულში გვქონდა ონლაინ-დაცვა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. პარალელურად ვეძებდით პოსტდოკის (პოსტ-დოქტურანტურის) პოზიციებს ისევ ჩინეთში და ასევე ევროპის ქვეყნებშიც. თუმცა, პანდემიის გამო ძალიან გართულებული იყო ნებისმიერ ადგილას მუშაობის დაწყება. გამოგვიჩნდა პოსტდოკის გაკეთების ვარიანტი ორივე ჩვენგანს ვილნიუსის უნივერსიტეტში, რომელიც ასევე საკმაოდ პრესტიჟული უნივერსიტეტია ევროპაში. გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა, საბუთებიც უკვე გაკეთებული იყო, მაგრამ მივიღეთ იმეილი SUSTech-იდან გასაუბრებასთან დაკავშირებით. როდესაც ეს გასაუბრებაც გვქონდა, პროფესორმა მიგვიღო. მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული გვქონდა ჩინეთში პანდემიის დროს დაბრუნებასთან დაკავშირებული სირთულეები, მაინც ვარჩიეთ ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა და ვილნიუსში წასვლაზე უარი ვთქვით. რამდენიმე თვის მოცდის შემდეგ, ბიუროკრატიული პროცედურები დასრულდა და მივიღეთ ოფიციალური მოწვევა SUSTech-დან, თუმცა, მაგ დროისთვის ჩინეთის საკონსულო საქართველოში ვიზებს საერთოდ არ გასცემდა პანდემიის და ჩინეთის მთავრობის მიერ დადგენილი კანონებიდან გამომდინარე. ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ დავკონტაქტებოდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს  ნუნუ მიცკევიჩს, რომელიც თსუ-ში სწავლის პერიოდში იყო ჩვენი ლექტორი იმუნოლოგიაში. მისი დახმარებითა და სამინისტროს შუამდგომლობით, ჩინეთის საელჩომ დაუშვა გამონაკლისი, საკონსულომ მოგვცა ვიზები და ამის შემდეგ მალევე, 2021 წლის მარტში წამოვედით ჩინეთში. ჩინეთში ჩამოსვლის შემდეგ შევხვდით გარკვეულ სირთულეებს. მოგვიწია 2-კვირიანი კარანტინი შანხაიში, და შემდეგ 2 კვირიანი თვითიზოლაცია შენზენში. გარდა ამისა, აქაური მკაცრი რეგულაციების გამო ყოველდღიურად ვიკეთებდით ტესტს კოვიდ-19-ზე. უარყოფითი ტესტის პასუხის გარეშე გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი იყო. მკაცრი რეგულაციები სულ ახლახანს მოხსნეს, რამაც თავის მხრივ ვირუსის საოცრად სწრაფი გავრცელება გამოიწვია დიდ მასშტაბებში და მათ შორის ჩვენც ვერ დავემალეთ“,-ამბობს ნინო.
 

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩინეთში მყოფი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები სხვა სტუდენტებს ამგვარ რჩევას აძლევენ: „საქართველოს სტუდენტების უმრავლესობა ცდილობს ევროპის და ამერიკის მიმართულებით წასვლას, რაც ნამდვილად გამართლებულია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს არც გამოუვიდეთ, ვინაიდან კონკურენცია საკმაოდ დიდია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთში კონკურენციის გარეშე იღებენ უცხოელ სტუდენტებს. აქ აუცილებელია ძლიერი პროფილის ქონა და დიდი შრომისმოყვარეობა.  ვურჩევთ მონდომებულ და შრომისმოყვარე სტუდენტებს არ დაივიწყონ დედამიწის მეორე მხარესაც რომ არის მაღალი დონის სასწავლებლები, სადაც დიდი დაფინანსებაა. მაგალითად, ჩვენს სფეროში, პრობლემას არ წარმოადგენს  სამეცნიერო კვლევების ჩატარება, რომლებიც ყოველთვის დაკავშირებულია ფინანსებთან. პეკინში კიდევ არის მსოფლიო დონის უნივერსიტეტები, როგორიცაა Tsinghua University და Peking University. ერთი მთავარი გამოწვევა ჩინეთში ცხოვრებისას ჩინური ენაა. აქ ცხოვრებამ დაგვანახა, რომ ჩინური ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა აუცილებელია უცხოელისთვის“.