Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელენე მურვანიძე

ელენე მურვანიძის გზა საერთაშორისო კომპანიამდე 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ელენე მურვანიძე Microsoft-ის ტექნიკური რეკრუტერი გახდა. ელენე  Microsoft-ისთვის ინჟინრულ პოზიციებზე კადრებს შეარჩევს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებიდან. ესტონეთში, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის ტალინის ოფისში მოსახვედრად თსუ კურსდამთავრებულმა სამი გასაუბრება გაიარა და ინტერვიუერებთან  პროფესიულ წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე გულწრფელად ისაუბრა.

 

„შესაბამისი კვალიფიკაციის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციულ კულტურასთან თავსებადობა. ამის დასადგენად არა მხოლოდ მაიკროსოფტში, არამედ ბევრ საერთაშორისო, განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში რამდენიმე ასპექტს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ერთ-ერთი ასეთი უნარია - გულწრფელობა, როგორც ცხოვრებისეულ,  ასევე პროფესიულ წარმატებებსა თუ  წარუმატებლობებზე საუბრის დროს. ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად შეგიძლია შენს შეცდომებზე საუბარი და იმის ახსნა, თუ როგორ იქცევი ან მოიქცევი არასდანტარტულ, შედარებით სტრესულ სიტუაციებში და რისი სწავლა შეგიძლია ამ ტიპის გამოცდილებებიდან. 
 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, თუ რამდენად ხარ სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული, რადგან ისეთ ორგანიზაციაში, როგორიცაა მაიკროსოფტი, ერთადერთი კონსტანტა - ცვლილებაა და შენ, როგორც თანამშრომელი, მუდამ ღია უნდა იყო ცვლილებებისადმი და შეგეძლოს სწრაფად ადაპტირება,“- გვეუბნება ელენე. 

 

Microsoft-ში გასაუბრებამდე, ელენე მურვანიძემ შესარჩევი ეტაპი გაიარა. მსოფლიოს ასობით ქვეყნიდან მრავალ კანდიდატს შორის ელენეს გასაუბრებაზე მიწვევა, თსუ კურსდამთავრებულის აზრით, წარსულში მიღებულმა სასწავლო, თუ სამუშაო გამოცდილებებმა განაპირობა. ელენე მურვანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხური სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის მიმართულებით დაასრულა,  შემდეგ კი მაგისტრატურა შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის  პროგრამაზე გააგრძელა. 

 

„სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლა საშუალებას მაძლევდა რამდენიმე მიმართულებით გამევლო შესავალი კურსი, რაც, ვფიქრობ, პირველი კურსის სტუდენტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამგვარი მიდგომა გეხმარება უკეთ გაერკვე საკუთარ ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანში და ასევე გეხმარება მეორეული პროფესიის არჩევაში.
 

 ჩემ შემთხვევაში პირველი კურსისა და ზოგადი საგნების გავლის შემდეგ, გადავწყვიტე ყველა ჩემი კრედიტი ფსიქოლოგიის მიმართულებით გამომეყენებინა და ამ არჩევანით დღემდე კმაყოფილი ვარ,“- გვიყვება ელენე და იხსენებს, რომ ბაკალავრიატზე სწავლის პარალელურად, რამდენიმე ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მიმართულებით სტაჟირებას გადიოდა. სამუშაო გამოცდილებამ აკადემიური ინტერესიც გაუღვივა და მაგისტრატურაც, შესაბამისად, ამ დარგში გააგრძელა.
 

„სწავლის პროცესში იყო რამდენიმე გამორჩეული ლექტორი და, შესაბამისად, ძალიან საინტერესო ლექციები. ძირითადად, ამ განსაკუთრებულობას ჩემთვის საინტერესო საგნები, ლექტორის მომზადების ხარისხი, პრაქტიკიდან მოყვანილი მაგალითები და დისკუსიის შესაძლებლობა განაპირობებდა. თუმცა, ყველაზე საინტერესო და განსაკუთრებული ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც თსუ-ში შევხვდი და დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრები, კარგი მეგობრები თუ კარგი ნაცნობები არიან,“- იხსენებს ელენე.

 

ადამიანური რესურსების შერჩევის, სწავლებისა და განვითარების გამოცდილება ელენე მურვანიძემ კიდევ ერთ ცნობილ საერთაშორისო კომპანიაში გაიღრმავა. ელენე Pipedrive-ის რეკრუტერი იყო, კომპანია მსოფლიოს გარშემო არსებულ 100 000-ზე  მეტ მცირე თუ საშუალო ბიზნესს გაყიდვების პროცესის გამარტივებასა და ფინანსური სარგებლის მიღებაში კონსულტირებას უწევს. ელენეს აზრით, Microsoft-ის შესარჩევი ეტაპების გადალახვა  საერთაშორისო სამუშაო გამოცდილების  მნიშვნელოვანი დამსახურებაა.
 

„ვფიქრობ, რომ მაიკროსოფტამდე დაგროვებული საერთაშორისო გამოცდილება მსგავს სექტორში,  ყველაზე მეტად დამეხმარა იმაში, რომ განხილული ვყოფილიყავი, როგორც კანდიდატი, შერჩევის პროცესში,“- ამბობს ელენე.
 

ყველაზე მეტად მომავალის გეგმებზე საუბარი უჭირს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში ჯერ კიდევ პანდემიაა. ერთადერთი, რასაც ნათლად ხედავს და ზუსტად იცის,  ისაა, რომ მომავლის გეგმები საქართველოს უკავშირდება. მანამდე კი, უკვე ოქტომბრიდან,  ელენეს ყოველდღიურობა Microsoft-სთან ყოველდღიურ რეჟიმში გადაიკვეთება. ამბობს, რომ ეს სიახლე მის ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის.
 

„მოვხვდი კომპანიაში, სადაც უამრავი რამ შემიძლია ვისწავლო და ყოველდღიურად განვვითარდე, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. შესაბამისად, ძირითადად, ამაზე ვიქნები ორიენტირებული. მომავალაში კი ახალი უნარებითა და ცოდნით უკეთ მივხვდები რა მიმართულებით მსურს პროფესიული ცხოვრების გაგრძელება,“- გვეუბნება ელენე.