Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული ენა პროფესიული წარმატებისთვის

თსუ პროფესიულ პროგრამებზე ახალი პროფესიის შესწავლას წარმატებით აგრძელებენ არაქართულენოვანი სტუდენტები, რომლებიც სასსწავლო პროცესის საწყის ეტაპზე ქართულ ენას ეუფლებიან.

 

ვართითერ აკოფიანი, ანდრანიკ კაჯოიანი და გუნაი გასანოვა ქართული ენის კურსის გავლის შემდეგ სკოლამდელი აღზრდის, საოფისე საქმის და საფინანსო სერვისების პროფესიულ პროგრამებზე დაეუფლებიან სასურველ პროფესიებს.

 

სახელმწიფო ენის შესწავლაში მათ დაეხმარათ თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრი. 5 თვის განმავლობაში მასწავლებლისა და სტუდენტების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ახლა მათ სასურველი პროფესიების შესწავლა კვლავაც სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსებით შეუძლიათ.

 

ვართითერ აკოფიანი ბავშვების სიყვარულმა მოიყვანა თსუ პროფესიული განათლების ცენტრში. სკოლამდელი აღზრდის პროფესიულ პროგრამა მისი არჩევანია. „ავირჩიე სკოლამდელი აღზრდის პროგრამა, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მინდა ვიმუშაო მათთან. ამისთვის აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა. ეს დამეხმარება ჩვენი პროფესიის შესწავლაში“,-ამბობს იგი.

 

ქართული ენის შესწავლის სირთულეები დაძლია ანდრანიკ კაჯოიანმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საოფისე საქმის პროფესიული პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებით შეძლებს ოფისის მართვას, მენეჯერულ საქმიანობას და ოფიციალური მიმოწერის გაძღოლას. მისი სიტყვებით, „ქართული ენა რთული ენაა, მაგრამ როცა ბევრს ვიმეცადინებთ, სირთულეებს გადავლახავთ. საოფისე საქმის პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ მომწონს მენეჯერის საქმიანობა და საქმიანი წერილების მომზადება“.

 

გუნაი გასანოვა საფინანსო სერვისების პროფესიული პროგრამის დასრულების შემდეგ პროფესიით დასაქმებას გეგმავს. ქართული ენის წარმატებით შესწავლის შემდეგ ის საფინანსო მიმართულებით გაიღრმავებს ცოდნას. „მე ვარ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტი. ქართულ ენას გვასწავლიდა ნანა მასწავლებელი, მან თავიდანვე თქვა, რომ ქართული ენა რთული ენაა, მაგრამ თუ იმეცადინებთ, არ იქნება რთული. მე ავირჩიე საფინანსო სერვისების პროფესია იმიტომ, რომ მიყვარს მათემატიკა და ფინანსებთან დაკავშირებული საქმე. იმედი მაქვს, რომ მომავალში გავხდები კარგი ფინანსისტი“, -განაცხადა გუნაი გასანოვამ.

 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ლევან წიქარიძის თქმით, არაქართულენოვან აპლიკანტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც არამარტო მათ პროფესიულ ინტერესზე მიუთითებს. „ჩვენი პროგრამები მოიცავს ქართული ენის შესწავლის კურსს, რომელსაც წარმატებით უძღვებიან მასწავლებლები. სახელმწიფო ენის შესწავლა, შემდგომში უკვე ახალი პროფესიის დაუფლება თითოეულ არაქართულენოვან სტუდენტს საშუალებას მისცემს მოახდინოს საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობა და ახალი პროფესიის დაუფლება. თითოეულ მათგანის სრულფასოვანი ინტეგრაცია პროფესიაში სახელმწიფოს წარმატებაცაა“,-აღნიშნა ლევან წიქარიძემ.

თარიღი: 13/06/2024