მაია ტორაძე
„დავიწყე წიგნების კითხვა და უბედნიერესი ვარ, რომ ასეთი კარგი წიგნები შემატეთ ჩვენს ბიბლიოთეკას“, – დვანის საჯარო სკოლის მოსწავლე თამთა სამსონაშვილი; „2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩვენი – დვანის საჯარო სკოლა დაიწვა და თავისთავად, სკოლის ბიბლიოთაკაც განადგურდა. მთავრობის, არასამთავრობოების, მეგობრებისა და უცხო ადამიანების მხარდაჭერით აღვადგინეთ და ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას ახალი სიცოცხლე შევძინეთ. შეივსო წიგნებით თაროები და მოსწავლეებიც გულმოდგინედ შეუდგნენ წიგნის კითხვას. მე ვიცი, რა არის ომი, დანაკარგი და შემდეგ მისი აღდგენა. მადლობა თქვენ“, – დვანის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარიამ მამაგულაშვილი.
ასეთი მესიჯები მოდის უკვე რამდენიმე კვირაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების მიმართულების პედაგოგის, რეჟისორ ნინო გელოვანის სახელზე. „იმაზე დიდი ბედნიერება თურმე არ არსებობს, როგორიც სიკეთის ქმნით გამოწვეული ბედნიერებაა“, — ამბობს ნინო და იხსენებს დღეს, როცა გაჩნდა იდეა — სათავეში ჩადგომოდა საქველმოქმედო აქციას „ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით“.
„დრო და დრო კარგი იდეა ყველას შეიძლება მოაფიქრდეს, მაგრამ მისი განხორციელება ბევრად უფრო რთულია. საქველმოქმედო აქციის იდეა დაიბადა თსუ-ის მეოთხე კორპუსში ტელე-კინო ხელოვნების მიმართულების კათედრაზე მას შემდეგ, რაც ჩვენთან მოვიდა ქარელის რაიონის სოფელ დვანის მკვიდრი, თსუ-ის კურსდამთავრებული თამარ მედოიძე, რომელმაც მოგვითხრო, თუ რა პირობებში ცხოვრობენ და სწავლობენ მოსწავლეები საოკუპაციო ზონისპირა სოფელში. გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე, ფიქრის დროც არ დავუტოვე საკუთარ თავს და თავდაპირველად ვერც გავიაზრე, რა რთული მიზანი დავისახე, როცა თამარს დავპირდი, რომ მე და ჩემი გუნდის წევრები – ქეთევან ქებაძე, ირაკლი გოგრიჭიანი, მიხეილ ქართველიშვილი, აკაკი პაპიაშვილი – ყველაფერს გავაკეთებდით სკოლის დასხმარებლად. დავიწყეთ აქტიურობა და, ბოლოს, როცა უამრავი პრობლემა მოვიტოვეთ უკან, მივხვდი – როცა გინდა სიკეთის გაკეთება, ყველა დაბრკოლებას გადალახავ“, – ამობობს ნინო და გვიყვება იმ საოცარი ადამიანების შესახებ, ვინც ამ უანგარო აქციაში დახმარება გაუწია.
თავდაპირველად ტელე-კინო ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელს მერაბ კოკოჩაშვილს დაუკავშირდნენ, რომელმაც ჯგუფს თანადგომა აღუთქვა, მერე დაიწყო იმ ადამიანების ძებნა, რომლებიც საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვებოდნენ და დვანის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მცირედით მაინც დაეხმარებოდნენ. მსურველი ბევრი აღმოჩნდა და, ასეთი კეთილი ხალხის მეოხებით, სოციალურ ქსელში 2021 წლის 3 მარტს დაიწყეს აქცია: „ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით“.
„გადანაწილებული ფუნქციები არ გვქონია. უბრალოდ, ვცდილობდით, გვეპოვა ადამიანები, ვისაც კარგი საქმის კეთების შესაძლებლობას მივცემდით. პირველი წიგნი ჩემმა მეგობრმა ერიკ ბურდოიანმა და მისმა მეუღლემ ალისა არჩვაძემ გადმომცეს. მერე ნელ-ნელა შემოგვიერთდა ხალხი და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საქველმოქმედო აქციაში გვერდში დაგვიდგნენ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ქალბატონები ნანა კაშია და ირინა შენგელია; თსუ-ის ადმინისტრაციიდან: გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი ნინო კაკულია, თსუ-ის გამომცემლობიდან ნათია დვალი, თსუ-ის მუზეუმიდან მანანა ლილუაშვილი, ასევე თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ნდობას და მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ; დიდი სიყვარულით გაუწიეს დახმარება სკოლას თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა და თანამშრომლებმა: ქალბატონმა ინესა მერაბიშვილმა, თეა ქამუშაძემ, ნათია ფუტკარაძემ, ეკა გოგალაძემ, დარეჯან გარდავაძემ, გულიკო აფციაურმა, ელენე გელაშვილმა, ვანო მჭედელაძემ, ნათია ამირეჯიბმა, პავლე ჯაგუნავამ, ჭაბუკა მეტონიძემ, ნანა ჯმუხაძემ, თამთა შენგელიამ, ქეთევან ნატმელაძემ, ვაჟა რაზმაძემ და სხვებმა. აი, ამ ადამიანების გარეშე ვერაფერს შევძლებდით“, – იხსენებს ნინო.
აქციის ფარგლებში შეგროვდა ჟანრობრივად სხვადასხვა ლიტერატურა, გეოგრაფიული რუკები, გლობუსები, ატლასები... დახმარების სურვილით გაერთიანებულმა ადამიანებმა თავიანთი წილი სიკეთე გაატანეს საგზლად ნინო გელოვანს და მის ჯგუფს, რომლებიც მალევე ეწვივნენ სოფელ დვანს (ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ბოლო ქართული სოფელი). აქ მავთულხლართებთან მდებარე სახლები დაცლილი და მიტოვებულია. სოფელი ქართული პოლიციის საგუშაგოთი იწყება, სადაც კონტროლის გავლა იქ შესვლის აუცილებელი პირობაა.
„გავიარეთ საგუშაგო და მივედით საჯარო სკოლასთან, ორსართულიანი შენობის წინ მომღიმარე დირექტორი რამაზ მედოიძე, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები შემოგვეგებნენ. სკოლა 2008 წელს რუსმა ოკუპანტებმა გადაწვეს და ხელისუფლების დახმარებით მალევე აღდგა, მაგრამ ამ ადამიანებისთვის, რომლებიც არ აღიარებენ ე.წ. საზღვარს და რომელთა საცხოვრებელი ტერიტორიიდან 50 მეტრში უკანონოდ გავლებული ბარიერი და მავთულხლართებია, ყურადღება ჰაერივით საჭიროა, რაც ჩვენი იქ ყოფნის დროს ნათლად დავინახეთ“, – გვიამბობს ნინო და აღწერს, როგორ იდგენენ და სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ადამიანებს, რომლებმაც მათ წიგნები, საჩუქრები და ქველმოქმედ ადამიანთა სიყვარული ჩაუტანეს, რითაც იმ 120 მოსწავლეს, რომელიც ამ სკოლაში სწავლობს, მოტივაცია გაუღვივეს – მეტი წაიკითხონ და საფუძვლიანი განათლება მიიღონ.
„მინდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი. როგორც კი ყუთები გავხსენით, ბავშვებმა წიგნების დათვალიერება დაიწყეს. უცებ ანა ჩოჩიშვილის ხმამაღალი სიტყვები მომესმა: „ჩემი ოცნების წიგნი აღმოვაჩინე!“. თავი ავწიე და ვხედავ, ანას გულში ჩაუკრავს ეკზიუპერის „პატარა უფლისწული“. მერე ხელოვნების მასწავლებელმა თათუკა კანდელაკმაც მოგვმართა მადლიერებით – ეს წიგნი არ მქონდა და გამახარეთო. იქვე ქალბატონი მაია მამაგულაშვილი ქეთევან ლორთქიფანიძის მიერ გადმოცემულმა წიგნმა გაახარა... ვიდექი და ვიქრობდი, როგორ აშორებს მავთულხლართები ადამიანებს და როგორ აახლოებს სიკეთე და სიყვარული, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს“, – გვითხრა ნინო გელოვანმა.
სპონტანურად დაწყებული საქმე არ სრულდება. აქცია „ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით“ ისევ გრძელდება და ამჯერად ნიქოზის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკისთვის დაიწყეს წიგნების შეგროვება. მათ სჯერათ – ერთად ყველაფერს შეძლებენ და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებენ ოკუპირებულ რეგიონთან მცხოვრებ ადამიანებს, რომ სიკეთე გადამდებია და ეს სიკეთე აუცილებლად მოშლის ხელოვნურად გავლებულ „საზღვარს“.