ნატო ობოლაძე
ქართულ სამეცნიერო-პოპულარულ საგამომცემლო სივრცეში პირველად გამოიცა წიგნი, რომელიც საჯარო გამოსვლის მნიშვნელობას აანალიზებს და საზოგადოებას საჯარო გამოსვლის ხელოვნების დასაუფლებლად პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს. წიგნის — „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ — ავტორი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი ნატა ასათიანია. ახალი გამოცემის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ნატა ასათიანი წიგნში „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ მსოფლიო მასშტაბის ორატორების (პოლიტიკოსები, მეცნიერები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები) გამოცდილებასთან ერთად მკითხველს საჯაროდ გამოსვლებისას მიღებულ საკუთარ 20 წლიან გამოცდილებასაც უზიარებს. შესაბამისად, წარმატებულ უცხოელ საჯარო გამომსვლელთა ისტორიების, თანამედროვე საქართველოში ზოგადად საჯაროდ საუბრის თვალსაზრისით არსებული ვითარების და ასევე აუდიტორიის შესწავლა-გაანალიზების შედეგად ნატა ასათიანმა საზოგადოებას ზუსტად ის ინფორმაცია შესთავაზა, რისი ცოდნის დეფიციტიც არსებობს.
- საჯაროდ საუბრის მნიშვნელობა
- საჯაროდ გამოსვლის სირთულეები და დაძლევის გზები
- ონლაინ საუბრები, როგორც „გამოწვევა 2020“ (პადემიის რეალობის კონტექსტში“
- საჯაროდ გამოსვლის სტრუქტუირება
- აუდიტორიის შესწავლის მეთოდები
- მოსმენის ხელოვნება
- არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობა წარმატების მისაღწევად და ა.შ.
„ამ წიგნში ვრცლად არის მიმოხილული საჯარო გამოსვლის სტრატეგია და ის ნაბიჯები, რაც გასათვალისწინებელია წარმატების მისაღწევად. შეხვდებით ინფორმაციას, თუ როგორ მიიპყროთ აუდიტორიის ყურადღება, როგორ აჩვენოთ თქვენი კომპეტენტურობა, რა ნაწილებისგან უნდა ააგოთ საჯარო გამოსვლა.
ეს წიგნი არ გვიყვება, თუ როგორ გავხდეთ წარმატებულები, ეს წიგნი მხოლოდ იმას გვირჩევს, თუ როგორ მოვახდინოთ ჩვენი ნიჭის უკეთ რეალიზება და აუდიტორიამდე სათქმელის მიტანა; ასევე, გვიყვება იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ საჯაროდ გამოსვლის შიში, რომელმაც შეიძლება ბევრ რაღაცაზე გვათქმევინა უარი. ყველა ცნობილი პოლიტიკოსი, საჯარო ფიგურა, ნობელის პრემიის ლაურეატი სიტყვით გამოსვლისას სწორედ ისე ღელავდა, როგორც ვღელავდი მე ჩემი პირველი წიგნის წარდგენისას. აღელვება საჯაროდ გამოსვლისას ჩვეულებრივი ამბავია და დარწმუნებული ვარ, რომ წიგნში ამ დეტალზე გამახვილებული აქცენტი ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება უხერხულობის განცდის დაძლევაში“, — განაცხადა წიგნის ავტორმა.
ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, მოსწავლეს, სტუდენტს, პოლიტიკოსს, ბიზნესმენს, ჟურნალისტს, ექიმს, მასწავლებელს, პროფესორს სხვა და სხვა ინტესივობით უწევს საჯაროდ საუბარი. ლექციების, პრეზენტაციების, საჯარო განცხადებების გაკეთებისას, თუნდაც, სამსახურის ძიების პროცესში გასაუბრების მიმდინარეობისას თითოეული მათგანი დგება გამოწვევის წინაშე — თუ როგორ მიიტანოს მსმენელამდე საკუთარი სათქმელი. სწორედ ამ კონტექსტში შეაფასა ახალი გამოცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც წიგნის დანიშნულების განმარტებისას აღნიშნა, რომ „ეს წიგნი არის ყველასთვის“.
„ჟურნალისტებმა მკითხეს — თუ ვისთვის არის ეს წიგნი და ვუპასუხე, რომ წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს საშუალება — გამოვიდეს საჯაროდ, თუმცა მერე დავფიქრდი: რატომ აქამდე არავის არ გაუკეთებია ის, რაც გააკეთა ნატა ასათიანმა, რადგან ჯერ კიდევ ავადსახსენებელ საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც ტელევიზიით გამოვიდოდა მუშა, მეშახტე და ძალიან დალაგებულად გადმოსცემდა საკუთარ აზრს... ამავე დროს, გამოდიოდნენ ძალიან განათლებული პროფესორები, რომლებსაც უჭირდათ სათქმელის გასაგებად ჩამოყალიბება. სიახლეს არ წარმოადგენს, რომ დღეს ბევრ პოლიტიკოსსაც უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა. ამის მიზეზი არის ის, რომ არ გვქონდა შესაბამისი წიგნი, რომელიც დაგვანახებდა პრობლემას და საშუალებას მოგვცემდა გამოგვესწორებინა ჩვენი მეტყველება და კომუნიკაციის უნარები. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესოდ დაწერილი ნაშრომი, რომლის ბოლო გვერდზე წერია: „ეს წიგნი არის ყველასთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს“... და გრძელი სია. მე ამ ჩამონათვალს შევამოკლებდი, რადგან წიგნი „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ არის ყველასთვის“, — აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
წიგნის ავტორის ნატა ასათიანის შესახებ, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და, ასევე, წიგნის მნიშვნელობის თაობაზე ისაუბრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამაც: „ნატა ასათიანზე მწერენ, ლაპარაკობენ და, ზოგადად, ყვებიან ძალიან ბევრ დადებითს ჩვენი სტუდენტები, რაც ძალიან მახარებს, რადგან ასეთ უკუკავშირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აკადემიური პერსონალის შეფასებისას. რაც შეეხება წიგნს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 2004 წელს, როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი, წაკითხული რომ მქონოდა „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“, გაცილებით უკეთ შევძლებდი ჩემი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც, წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჩემი კომუნიკაციის ხარისხი აუდიტორიასთან ბევრად გაიზრდება.“
„ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ გამომცემლობა „პალიტრა L“-მა „ლურჯი ოკეანის“ გრიფით გამოსცა, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურას გამოსცემს. „ლურჯი ოკეანე“ ნატა ასათიანის ნაშრომით მისი თემატიკის აქტუალურობიდან გამომდინარე დაინტერესდა, რადგან, როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ნაია აბაშიძემ აღნიშნა, თამამად და არგუმენტირებულად საუბრის პრობლემა დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ „ლურჯი ოკეანის“ გიფით გამოცემული ლიტერატურა მკითხველის ფართო წრეზეა გათვლილი — განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებთათვის. ნატა ასათიანის წიგნის პრეზენტაციაზე შეკრებილმა დარგის სპეციალისტებმა ახალი გამოცემის სწორედ ამ მახასიათებელზე ისაუბრეს — „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ ავსებს კომუნიკაციებისა და პიარის მიმართულებით არსებულ სახელმძღვანელოების დეფიციტს და მისი წაკითხვა რეკომენდირებულია როგორც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის“ — აღნიშნეს მათ. ამას ავტორის მიერ გამოყენებული ზომიერი სირთულის ლექსიკა და თხრობის მანერა განაპირობებს — წიგნი „ერთი ამოსუნთქვით იკითხება“ და საჯაროდ წარმატებულად საუბრისთვის მოცემული რჩევები შესაბამისი მაგალითებით არის განმარტებული.
„მადლობა ავტორს ამ წიგნისთვის, რადგან საჯარო გამოსვლების შესახებ ამ სტილის ლიტერატურა ქართულ რეალობაში არ არსებობდა. ვფიქრობ, წიგნის გაცნობის შემდეგ მკითხველი (საჯარო მოხელე, სტუდენტი...) უფრო მეტს გაიგებს, იქნება უკეთესი გამოსვლები და ნაკლები ლანძღვა-გინება“, — განაცხადა პიარის სპეციალისტმა თორნიკე გურულმა.
„ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ ძალიან საჭირო გამოცემაა. ჩვენ ვცხოვრობთ ყურადღების მიპყრობის ეპოქაში, კომუნიკაციის გარეშე წინსვლა გამორიცხულია. „ამირან გულში მღეროდა“ — მიდგომა არ მუშაობს, ამიტომ ახალ გამოცემაში მოცემული ინფორმაცია არის ძალიან კარგი ბაზა იმისთვის, რომ ადამიანებმა დახვეწონ საჯაროდ გამოსვლის უნარები,“ — აღნიშნა ალექსი ჩიქოვანმა.
„20 წელიწადზე მეტია, რაც ამ მიმართულებით ვმუშაობ, ბევრი სახელმძღვანელო დაწერილა, თუმცა პარადოქსია, როდესაც სტუდენტები მოგვამრთავენ თხოვნით — ვურჩიოთ წასაკითხი ლიტერატურა, ვურჩევთ პრაქტიკულ აქტივობებს. სწორედ აქედან გამომდინარე გამიხარდა ამ წიგნის გამოსვლა, რადგან ახლა თამამად შემიძლია ვურჩიო ახალგაზრდებს ლიტერატურა, საიდანაც მიიღებენ სასარგებლო ინფორმაციას. გამოცემაში თავმოყრილია სხვადასხვა ავტორების შეხედულებები, იმ ადამიანების პირადი გამოცდილებები, ვისაც ხშირად უწევდათ საჯაროდ გამოსვლა... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი შენაძენი და ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც წიგნი იკითხება თავისუფლად“, – ეს შეფასება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ფსიქოლოგ თინათინ ცერცვაძეს ეკუთვნის.
„ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ ნატა ასათიანმა შვილებს — რეზოსა და სანდროს მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სახლში სადილის ნაცვლად წიგნის ახალი დაწერილი თავი ხვდებოდათ, პატარა რეზო და სანდრო გაგებით და მოთმინებით ელოდნენ წიგნის დასრულებას.
ახალი გამოცემა მკითხველის ფართო წრისთვის უკვე ხელმისაწვდომია.