მაია ტორაძე
გამოიცა „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ 2021 წლის ნომერი. ეს გახლავთ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური, საერთაშორისო, რეფერირებადი, ბილინგვური ჟურნალი, რომელსაც გამოსცემს უნივერსიტეტის გამომცემლობა. ჟურნალის რედაქტორია პროფესორი ლალი სურმანიძე. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო.
2021 წლის ნომერში წარმოდგენილია თეორიისა და მეთოდოლოგიისადმი მიძღვნილი სტატიები, ტრადიციულად დაეთმო ადგილი ემპირიულ კვლევებზე დაფუძნებულ ნაშრომებს, აგრეთვე, წარმოდგენილია სტატია ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის ინტერდისციპლინურ სფეროში.
„აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აფინანსებს აკადემიური პერსონალის მიერ ჟურნალში წარდგენილი სტატიების ინგლისურ ენაზე თარგმნა-რედაქტირების პროცესს. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია აქტიურად იწყებს მუშაობას ჟურნალის საერთაშორისო ბაზებში ინდექსაციისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეასრულებს საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიის გაფართოებისთვის და მასში ჟურნალის ავტორთა ჩართულობისთვის,“ – განაცხადა „თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბარში ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის პასუხისმგებელი მდივანმა დიმიტრი ჩუბინიძემ.
ჟურნალი იმითაა გამორჩეული, რომ მასში სტატიების შერჩევა ორი დამოუკიდებელი რეცენზენტის მიერ ხდება ე.წ. „ბრმა" მეთოდით, რაც ამ ჟურნალს ე.წ. „peered-review" ჟურნალის სტატუსს ანიჭებს.
ჟურნალის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები არიან: დავით ჩარკვიანი, ირაკლი იმედაძე (საქართველო), ალიოშა ნოიბაუერი (ავსტრია), ლია ყვავილაშვილი (დიდი ბრიტანეთი) და ქეთევან ჭანტურია (დიდი ბრიტანეთი); ხოლო ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შემდეგი პროფესორებისაგან შედგება: ნათელა იმედაძე, დალი ფარჯანაძე, თამარ გაგოშიძე, მარინე ჩიტაშვილი, ბოჟიდარ კაცზმარეკი, იამზე კუტალაძე, ტარა მერფი (დიდი ბრიტანეთი), ნანა სუმბაძე, მზია წერეთელი, დანიელ სტარკი (დიდი ბრიტანეთი), მედეა დესპოტაშვილი, ლუიზა არუთინოვი და მაია რობაქიძე.
2021 წლის ჟურნალი საინტერესო თემატიკით გამოირჩევა. მასში წაიკითხავთ ნაშრომებს: „დეპრესიის და შფოთვის მოკლე კითხვარების ქართული ვერსიების ვალიდაცია“, (ნინო ჯავახიშვილი – დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სეტ. ჯ. შვარცი – განათლების კოლეჯი, ტეხასის ოსტინის უნივერსიტეტი აშშ, ნინო სხირტლაძე – დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); „შეზღუდული რაციონალობა და მარტივი ევრისტიკები“ (დავით ჩარკვიანი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი); „სამართლიანობა, თანამშრომლის ხმა და ანტაგონისტური ქცევები ორგანიზაციაში“ (იამზე კუტალაძე, ნინო წულაია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); „ქალები ფეხბურთის გულშემატკივრების თვალთახედვით: თბილი, კომპეტენტური, აღმაფრთოვანებელი“ (ნინო ჯავახიშვილი, ნინო ბუწაშვილი, ხატია თორდუა, ირინა ვარდანაშვილი – დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); „პერფექციონიზმისა და ასერტიულობის როლი ორგანიზაციული სოციალიზაციის პროცესში“ (მარინა ელბაქიძე, იამზე კუტალაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); „ზოგადი კოგნიტური უნარისა და სამუშაოს მახასიათებლების ინტერაქციის ეფექტი შინაგან შრომით კმაყოფილებაზე“ (იამზე კუტალაძე, ლამარა სუხიტაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია – სხვა ფლანგიდან დანახული“ (ლალი სურმანიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
შეგახსენებთ, რომ ჟურნალის პირველი ნომერი 2019 წელს გამოვიდა. იგი წელიწადში ერთხელ გამოიცემა. შესაბამისად, 2022 წლის ნომრისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება უკვე დაწყებულია.