მაია ტორაძე
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელისა და მისი ძმის, ენათმეცნიერ კიტა ჩხენკელის უნიკალური პირადი არქივის ნაწილი გამოიფინა. არქივი თსუ-ის ბიბლიოთეკის ფონდს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 2018 წელს, გადმოეცა. დამთვალიერებელს წელს პირველად მიეცა საშუალება — გაცნობოდა კიტა ჩხენკელის ეპისტოლარულ მემკვიდრეობას, ხელნაწერებს, უნიკალურ ფოტო მასალასა და საარქივო დოკუმენტებს, რომლებშიც ნაჩვენებია კიტა ჩხენკელის ფუნდამენტურ ნაშრომებზე მუშაობის პროცესი, გამომცემლობა „ამირანის“ საქმიანობა, ასევე მიმოწერები ცნობილ ქართველ მეცნიერებთან: ვიქტორ ნოზაძესთან, გიორგი ნაკაშიძესთან…
გამოფენის გახსნაზე თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა კიტა ჩხენკელის პიროვნებასა და მოღვაწეობის ფართო არეალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფონდში დაცული დოკუმენტაცია დიდ დახმარებას გაუწევს ქართველ ენათმეცნიერებსა და დიპლომატებს. მან საზოგადოებას შეახსენა კიტა ჩხენკელის მიერ ციურიხში ქართული გამომცემლობა „ამირანის’’ დაარსება და აღნიშნა, რომ სწორედ აქ გამოიცა 1958 წელს გერმანულ ენაზე 1500 გვერდიანი ორტომიანი ნაშრომი „ქართული ენის შესავალი“. ამ ნაშრომისთვის ციურიხის უნივერსიტეტმა კიტა ჩხენკელს ფილოსოფიის საპატიო დოქტორის — ჰონორის კაუზას ღირსება – მიანიჭა. 1960 წლიდან კიტა ჩხენკელმა „ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე’’ მუშაობა დაიწყო. ლექსიკონი ავტორის გარდაცვალების შემდეგ, 1974 წელს გამოიცა და იგი მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა ქართველოლოგიის ისტორიაში.
საგამოფენო ექსპონატები წარმოადგინა ახალგაზრდა ისტორიკოსმა, „დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჯავახიშვილმა. ღონისძიებას რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სტუდენტები და მკვლევრები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართულ ადამიანებს, რომლებმაც არქივის გადმოცემაში ქართულ მხარეს დახმარება გაუწიეს: „რთული მოლაპარაკება იყო. არქივის ჩამოტანა არ გახლდათ ადვილი. დოკუმენტაციას ჰყავდა მფლობელი და შვეიცარიაში ერთ-ერთ ბანკში ინახებოდა. მრავალწლიანი მოლაპარაკება ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა – მათ ნდობა გამოუცხადეს თსუ-ს. უნდა გითხრათ, რომ ამ არქივში სენსიტიური მასალები ინახება, მათ შორის, ისეთი, რასაც შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს ჩვენი წარსულის გაანალიზებაში. არქივი გაციფრებულია და ციფრული ვერსია ისევ შვეიცარიის ბანკში ინახება“, – თქვა მან.
ღონისძიების დასასრულს, დედა ენის დღესთან დაკავშირებით თსუ-ის ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ვიქტორინის – „ქართული ენის თავგადასავალი“ – გამარჯვებულები, თსუ-ის სტუდენტები: მარიამ სულიკაშვილი, ნანა შოშიაშვილი და ლალი ჭეშმარიტაშვილი დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნები გადაეცათ.