საქართველოს სახალხო დამცველმა „ტოლერანტობის ქომაგი — 2020“ ტიტული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ პროფესორს — მარია ფილინასა და ნაირა ბეპიევს მიანიჭა. გადაწყვეტილების შესახებ 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გახდა ცნობილი. პროფესორი მარია ფილინა და პროფესორი ნაირა ბეპიევი სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებული წევრებიც არიან. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარია ფილინა მრავალი წელია სწავლობს ქართულ-პოლონურ და ქართულ-რუსულ ლიტერატურულ კონტაქტებსა და პოლონელთა მემკვიდრეობას საქართველოში და მთელ კავკასიაში. 1995 წელს მარია ფილინამ დააარსა საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ.“
„ტოლერანტობის ქომაგი — 2020“ ტიტულის მინიჭების მთავარი კრიტერიუმი გახდა ეროვნებათშორისი საქმიანობა, რითაც პროფესორებმა მიმდინარე წლის განმავლობაში (და არამარტო) ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას შეუწყვეს ხელი.
ჩვენ უკეთ გაგაცნობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, რომლისთვისაც მრავალეთნიკურობა განვითარებასა და კულტურულ სიმდიდრესთან ასოცირდება.
მარია ფილინა: ჩემთვის ტოლერანტობა სულის მდგომარეობაა
— ქალბატონო მარია, რას ნიშნავს თქვენთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტულის მიღება?
— ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო ჯილდო ტოლერანტობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რაოდენ რთულ წელიწადს მომენიჭა აღნიშნული ტიტული, ეს ამ ფაქტს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
ტოლერანტობა ძალზედ ფართო ცნებაა. იგი მოიცავს არა მხოლოდ ეთნიკურ საკითხებს, არამედ ადამიანური არსებობის ფართო სპექტრის აღიარებასა და მისდამი პატივისცემას. ტოლერანტობა, ისევე, როგორც ადამიანის სხვა თვისებები, ალბათ, შეიძლება და საჭიროცაა, რომ აღიზარდოს ადამიანში. თუმცა, ჩემთვის ტოლერანტობა სულის მდგომარეობაა. მე თვითონ შერეული ოჯახიდან ვარ, ჩემში ოთხი ხალხის სისხლი ჩქეფს, ხოლო ჩემი შვილი — ლევან რამიშვილი — ქართველია. ასე რომ, ტოლერანტობისთვის ვარ „განწირული“. ადრე ეს ტერმინი არ არსებობდა, მის ნაცვლად იყო ცნება — ურთიერთგაგება, რომლითაც გავიზარდე. მე და ჩემს ძმას ჩემი პოლონელი ბებია კათოლიკური რწმენით გვზრდიდა, მაგრამ, ამასთან, ყოველთვის აღვნიშნავდით მართლმადიდებლურ დღესასწაულებსაც. ეს ტრადიცია მით უფრო გრძელდება დღეს ოჯახში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ვაჟი მართლმადიდებელია.
მე სოლოლაკში ვიზრდებოდი, სადაც თბილისში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი იყო წარმოდგენილი. ჩვენ დიდი მხიარულებით აღვნიშნავდით როგორც ქართულ, ისე სომხურ, აზერბაიჯანულ, ქურთულ დღესასწაულებს. ვმეგობრობდით, ვჩხუბობდით, თუმცა არასდროს განგვისხვავებია ერთმანეთი ეროვნების მიხედვით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით ქართველები, რუსები, ებრაელები, სომხები, ბერძნები, ერთი ნახევრად აზერბაიჯანელი და ნახევრად ესპანელიც კი გვყავდა. კურსზე კავკასიოლოგთა ჯგუფიც გვყავდა, რომელშიც ჩვენთან ერთად სწავლობდნენ (თსუ მთელი კავკასიისთვის ამზადებდა კადრებს) ჩრდილოეთ კავკასიის ყველა ხალხის წარმომადგენლები. ბევრ მათგანთან დღემდე ვმეგობრობ. ამ სიყმაწვილის მეგობრობამ საშუალება მოგვცა სამუდამოდ შეგვეგრძნო სამყაროს მრავალგანზომილებიანობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეთნიკური მრავალფეროვნების კუთხით, მე, ჩვენ, ვერაფერი გაგვაკვირვებს. დაე, ევროპელებმა ჩვენგან ისწავლონ!
ასე მგონია, რომ თუკი ტოლერანტობას აქვს ღრმა და არა მხოლოდ ხშირად გამოყენებადი პოლიტიკური მნიშვნელობა, მაშინ თბილისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქალაქის ტიტული უნდა მიენიჭოს. მის მრავალეროვნულობაში კი უდიდესი შემოქმედებითი მუხტია. ამაყი ვარ, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა, პირველ ყოვლისა კი — თბილისი. მქონდა სერიოზული შესაძლებლობები სხვადასხვა ქვეყანაში გადასვლისა, თუმცა ამაზე არც კი მიფიქრია.
— თქვენ საქართველოს პოლონელთა კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“ 1995 წელს დაარსეთ. რამდენად მნიშვნელოვანია მისი ფუნქცია ეთნიკური უმცირესობების საკითხების მიმართულებით?
— საქართველოში პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „პოლონიას“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული აქვს უამრავი ღონისძიება, გამოფენა და რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია. ჩვენ წლების განმავლობაში ვეწევით საქართველოში პოლონეთის კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციას. ამ საქმიანობამ მოწონება დაიმსახურა როგორც საქართველოში, ასევე, პოლონეთშიც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1998 წლიდან ქართულ-პოლონურ ურთიერთობებთან და დიდ პოლონელებთან დაკავშირებული 9 სამეცნიერო კონფერენცია და სესია ჩატარდა, მათ შორის: ა. მიცკევიჩის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია (რომელსაც რთულ 1998 წლის დეკემბერში, თითქმის 300 პოლონელი ესწრებოდა), შოპენისა და ი. სლოვაცკის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია, კავშირ „პოლონიას“ 5 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია – „პოლონელების 200 წელი კავკასიაში: ისტორია და პერსპექტივები“, კ.ი. გალჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია, ა. მიცკევიჩის გარდაცვალების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია, ჰენრიკ სენკევიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია, საერთაშორისო კონფერენცია – „რომანტიზმი და თანამედროვეობა. პოლონურ-ქართული ურთიერთობათა სათავეები და პერსპექტივები“, რომელიც „პოლონიას“ 15 წლის იუბილეს მიეძღვნა, 20 წლის იუბილეს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია „პოლონური კავკასია. ქართულ-პოლონური ურთიერთობები“. სესიის მასალები 2 ტომად გამოქვეყნდა.
ამ წლების განმავლობაში გამოვეცით პოლონელი კლასიკოსების ორენოვანი პოეზიის კრებულების სერია, ქართველი ბავშვების მიერ თარგმნილი პოლონური საბავშვო ლიტერატურის ანთოლოგია, ჩავატარეთ ათეულობით პოლონური და ქართული მუსიკის კონცერტი, მოვაწყვეთ საქართველოში მცხოვრები პოლონელი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენები, კინოფესტივალები, კონკურსები და სხვა. ასევე, გამოვეცით ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ სამეცნიერო ნაშრომების რამდენიმე ტომი და მონოგრაფიები – კავკასიაში მოღვაწე პოლონელთა ცხოვრების თაობაზე. დაისტამბა პოლონელი კლასიკოსების ადამ მიცეკვიჩის, იულიუშ სლოვაცკის, კონსტანტი გალჩინსკისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ვისლავა შიმბორსკას თარგმანები ქართულ ენაზე. ამ საზოგადოებრივმა, სამეცნიერო და კულტურულმა მიღწევებმა მაღალი შეფასება მიიღო და შედეგად საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფოების უმაღლესი ორდენებით დავჯილდოვდით.
— რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, „პოლონიას“ ირგვლივ საკმაოდ საინტერესო თანამოაზრეთა წრე ჩამოყალიბდა...
— ჩვენ არასოდეს დაგვიყვია მეგობრები ეთნიკური ნიშნით. მათ შორის არიან ებრაელები, გერმანელები, სომხები, ფრანგები, ბერძნები და მრავალი სხვა. ასევე, ბევრია შერეული ოჯახის წარმომადგენელი. ქართული „პოლონია“ ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ესენი პოლონელთა შთამომავლები არიან – მე-4, მე-5 და მე-6 თაობებიც კი. მათი ნაწილი ნამდვილი ქართველია, რომლებმაც უბრალოდ იციან, რომ მათ ძარღვებში პოლონური სისხლია. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ კავშირის საქმეებსა და ღონისძიებებში მონაწილეობს ქართული ინტელიგენციის ელიტა, წარმომადგენლები საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, საქართველოს მწერალთა კავშირიდან, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირიდან, მეცნიერებათა აკადემიიდან, მუზეუმებიდან, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან, კავკასიური სახლიდან, პრესიდან და საქართველოს თითქმის ყველა ეროვნული დიასპორიდან.
— თქვენ იკვლევთ ქართულ-პოლონურ და ქართულ-რუსულ ლიტერატურულ კონტაქტებსა და პოლონელთა მემკვიდრეობას საქართველოსა და მთელ კავკასიაში. თქვენით აზრით, რა როლი აქვს ლიტერატურას ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაში?
— ტოლერანტობა ჩვენს დროში ყველაზე დეფიციტურია. პანდემიის პირობებში ადამიანები ერთმანეთთან დაახლოებას ცდილობენ, ცდილობენ ერთმანეთი ანუგეშონ, თუნდაც ინტერნეტის საშუალებით, თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით პოლიტიკოსებზე. ის პროცესები, რომელიც ჩვენთან და, ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარეობს, უბრალოდ შემაშფოთებელია. ამ პირობებში კულტურა რჩება ადამიანის საქმიანობის იმ ერთადერთ სფეროდ, რომელიც კაცობრიობის გადარჩენას უნდა შეეცადოს. კულტურა მტრული იერიშების მოგერიების პროცესშია, რაც თანდათან ძლიერდება. ლიტერატურა კი ხალხის უმაღლესი სულიერების გამოვლინებაა და მისი შესწავლა ხელს უწყობს იმის გაცნობიერებას, რომ კულტურული და ლიტერატურული ურთიერთქმედება ადამიანის შინაგან სამყაროს ამდიდრებს. აღნიშნული აზრი გასდევს ყველა ჩემს ნაშრომს, რომ კულტურული და ლიტერატურული კავშირები პოლიტიკურ ბარიერებზე მაღლა დგას.
— რას გეგმავთ სამომავალოდ?
— 2020 წელს ჩვენი კავშირის — „პოლონიას“ — 25 წლის იუბილეა. დაგეგმილი იყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოლონეთი – საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“. კონფერენციას ორგანიზებას უწევდნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი (პოლონეთი), საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“ და მსოფლიო თანამეგობრობა „ვსპულნოტაპოლსკა“. ვაპირებდით, რომ ჩაგვეტარებინა პოლონური და ქართული მუსიკის კონცერტი, თსუ-ში ვგეგმავდით პოლონური წიგნის გამოფენას (ჩვენი კავშირის ბიბლიოთეკებში არის ეგზემპლარები, რომლებიც მე-18 საუკუნის ბოლოს გამოიცა). პანდემიის გამო ღონისძიებები 2021 წლისთვის გადაიდო.
ამ დროისთვის ავტორთა ჯგუფთან ერთად ვმუშაობ ორენოვან წიგნზე, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე საქართველოში მოღვაწე გამოჩენილი პოლონელების შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს ავსახავთ. საქართველოში ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში (პოლიტიკაში, მშენებლობაში, მედიცინაში, მუსიკაში, ფერწერაში) დარჩა მნიშვნელოვანი „პოლონური კვალი“. ეს ქართველებისა და პოლონელების ერთობლივი საერთო ისტორიაა.
ასევე, არ შემიძლია არ ვახსენო სტუდენტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც თსუ-ის პოლონისტიკის ბაზაზე იზრდებიან, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში, სასწავლებლად და სტაჟირების მიზნით პოლონეთსა თუ სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან და იცავენ დისერტაციებს ლიტერატურული და კულტურული კონტაქტების საკითხებზე – ეს არის გზა უმაღლესი ტოლერანტობისაკენ.
მოამზადა ნატო ობოლაძემ