საქართველოს სახალხო დამცველმა „ტოლერანტობის ქომაგი — 2020“ ტიტული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ პროფესორს — ნაირა ბეპიევსა და მარია ფილინას მიანიჭა. გადაწყვეტილების შესახებ 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გახდა ცნობილი. ნომინაციაში „ორგანიზაცია“ „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული თსუ-ის ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევით ცენტრსაც მიენიჭა.
პროფესორი ნაირა ბეპიევი და პროფესორი მარია ფილინა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებული წევრებიც არიან. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „პროფესორი ნაირა ბეპიევი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ცენტრი დაარსების დღიდან აწყობს ქართულ-ოსური კულტურულ-საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სასწავლო კონფერენციებს; ცენტრს თავისი საქმიანობით გამორჩეული წვლილი შეაქვს ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენის, ხელშეწყობისა და სამშვიდობო ურთიერთობების საქმეში, მას ამ თვალსაზრისით ანალოგი არ გააჩნია.“
„ტოლერანტობის ქომაგი — 2020“ ტიტულის მინიჭების მთავარი კრიტერიუმი გახდა ეროვნებათშორისი საქმიანობა, რითაც მათ მიმდინარე წლის განმავლობაში (და არამარტო) ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას შეუწყვეს ხელი.
ჩვენ უკეთ გაგაცნობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, რომლისთვისაც მრავალეთნიკურობა განვითარებასა და კულტურულ სიმდიდრესთან ასოცირდება.
ნაირა ბეპიევი: ეს საქმე განგებას ჩემ გარშემო, ჩემს დაუკითხავად, ჩემს დაბადებამდე შემოუხაზავს...
— ქალბატონო ნაირა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტულის მიღება?
— მიმაჩნია, რომ მხოლოდ მადლობაც რომ გითხრან, ესეც დიდი პატივია ადამიანისათვის და თუნდაც ეს მას დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს. მითუმეტეს, უმაღლესი ზნეობრივი ღირებულების აღმნიშვნელი ტიტული -“ტოლერანტობის ქომაგი“ — შინაგანად სხვაგვარად განგაწყობს: კიდევ უფრო მეტად შემწყნარებელი უნდა იყო, კიდევ უფრო მეტად მიმტევებელი, ვიდრე იყავი დღემდე, სანამ ამ ტიტულს მოგანიჭებდნენ.
ეს ჯილდო არის დიდი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნისა და იმ ადამიანების წინაშე, რომელთაც შენ ამის ღირსად გცნეს. ეს ჯილდო კი მომაკუთვნა ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი; ეს ჯილდო მომაკუთვნა ისეთმა საბჭომ, რომელშიც ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მოღვაწეობს. ეს არის მათი ნდობის, მათი პატივისცემის გამოხატულება და მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო ამისათვის.
კითხვაზე პირდაპირ გიპასუხებთ: ძალიან საპატიოა და მნიშვნელოვანი ტიტული „ტოლერანტობის ქომაგი“, რომელიც ახლახან მომანიჭეს.
— ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა დაარსების დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. როგორ მიმდინარეობს ცენტრის მუშაობა პანდემის პერიოდში?
— ქართულ-ოსური ურთიერთობების მიმართულებით მრავალი წელია ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში ჩავატარეთ უამრავი ღონისძიება, შეხვედრები, კონფერენციები, გამოვეცით ოსი კლასიკოსების: კოსტა ხეთაგუროვის, გიორგი ბესთაუთის, ნაფი ჯუსოითის, გიორგი ძუგაევის და სხვათა ორენოვანი ოსურ-ქართული პოეტური კრებულები (საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით); აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ გამოცემული წიგნები: „ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი“, „ქართულ-ოსურ-რუსულ-ინგლისური სასაუბრო“, „ნართების ეპოსი“ (ორტომეული), „ოსური ზეპირსიტყვიერება“, „ოსური თქმულებები“, ოსური ენის დამხმარე სახელმძღვანელოები და სხვა მრავალი გამოვეცით ქართულსა და ოსურ ენებზე, ცხინვალელ და თბილისელ კოლეგებთან თანამშრომლობით. ამ წიგნებს, რასაკვირველია, ცხინვალშიც ვგზავნით, მაგრამ მცირე ტირაჟის გამო მხოლოდ ძალიან ცოტას ხვდება, მოთხოვნილება კი დიდია. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთმა მონაწილემ მითხრა: — ოსი კოლეგები სულ გვსაყვედურობენ — საქართველოში ოსებისათვის არაფერს აკეთებთო და, თუ შეიძლება, თქვენ მიერ გამოცემული წიგნები გამატანეთო. ათზე მეტი ჩვენი წიგნი გავატანე. ჩამოსულმა კი გახარებულმა მითხრა: — თქვენი ორენოვანი გამოცემები ყველას ძალიან მოეწონა და დადებითად შეაფასესო.
პანდემიის პერიოდში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. მუშაობის ტემპი არ შეგვიცვლია. ჩვენი სამუშაო დღე იწყებოდა ჩვეულებრივ დროს. ვმუშაობდით იმ გრაფიკით, რომლითაც შესაძლებელი იყო იმ ვალდებულებათა შესრულება, რომელიც ჩვენი სამუშაო გეგმის მიხედვით იყო გათვალისწინებული.
პანდემიამდე კარგა ხნით ადრე დაგეგმილი გვქონდა მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა, ტრადიციულად, ქართველ და ოს მოღვაწეებს, ამჯერად, დიდ ქართველ მწერალს დანიელ ჭონქაძესა და ოს საზოგადო მოღვაწეს ვასილ ცორაევს. კონფერენცია ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო. თითქმის მზად იყვნენ ჩვენი კოლეგები წამოსასვლელად არა მხოლოდ რეგიონული უნივერსიტეტებიდან (გორის, ბათუმისა და სხვ.), არამედ საზღვარგარეთიდანაც: იტალიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ადიღედან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, მოსკოვიდან, ყაზახეთიდან... ველოდებოდით 100-ზე მეტ მონაწილეს. კონფერენცია მოვამზადეთ და ჩავატარეთ დაგეგმილ დროს, ონლაინ-ფორმატში. ახლა უკვე ვმუშაობთ მასალებზე, რომელთაც ვამზადებთ გამოსაცემად.
გარდა ამისა, ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შედეგია სულ ახლახან გამოცემული „ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი“ (თბ., 2020), რომელიც დღემდე არასდროს გამოცემულა. ეს წიგნი ფასეული იქნება იმ სკოლებისათვის, რომლებშიც ასწავლიან ოსურ ენას. 2020 წელს გამოვეცით ნართების თქმულებების ადაპტირებული ტექსტები ბავშვებისათვის ქართულ, ოსურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. წიგნები გაფორმებულია ქართველი და ოსი მხატვრების მიერ და ძალიან კარგი საჩუქარია ბავშვებისათვის.
ეს წიგნები მნიშვნელოვანია ორივე ენის, ქართული და ოსური ენების პოპულარიზაციისათვის. გარდა პირდაპირი დანიშნულებისა, ამავე დროს, წიგნებს სამშვიდობო დანიშნულებაც აქვს. დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ერთობლივ პროგრამა „COBERM“-ს, რომელთა მხარდაჭერითაც გამოიცა ეს (და არამარტო ეს) მნიშვნელოვანი წიგნები.
კარგა ხანია, ცენტრი მუშაობს ოსური ლიტერატურის ბიბლიოგრაფიაზე, გავქვს სხვა გეგმებიც. ასე რომ, პანდემიის პირობებში ცენტრი დისტანციურად, მაგრამ ნაყოფიერად განაგრძობს მუშაობას.
— რა სახის სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში?
— სირთულეების გარეშე არ არსებობს არანაირი საქმე. მაგრამ სირთულე ადვილი გადასალახავია, როცა გვერდით გიდგას ისეთი ქომაგი, როგორიცაა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; როცა გვერდით გიდგას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე, ადმინისტრაცია, მისი თითოეული თანამშრომელი გამომცემლობისა და სტამბის მუშაკთა ჩათვლით. უნდა გითხრათ ერთი მაგალითი. მოხდა ისე, რომ სასწრაფოდ უნდა დაგვებეჭდა და გამოგვეცა კონფერენციის პროგრამა, თეზისები. ჯერ უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამაოცა თანამშრომელთა თავდაუზოგავი სინქრონული თანამშრომლობით (ნათია დვალი და სხვები), მერე სტამბამ (თენგიზ სირაძე და სხვ.). მათ დამღლელი დღის ბოლოს ჩვენ გამო კიდევ რამდენიმე საათს იმუშავეს და მაინც მოასწრეს — მეორე დღეს, დილით, სააქტო დარბაზში ეწყო გამოცემული პროგრამა და თეზისები. ვერ აღგიწერთ უნივერსიტეტის თანამშრომელთა გულისხმიერებას. ყველგან, ყველა ნაბიჯზე, მისალმებაშიც კი ვგრძნობ მათ თბილ დამოკიდებულებას. ფამილიარობაში ნუ ჩამომართმევთ და არ შემიძლია არ აღვნიშნო თქვენი გაზეთის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი. არ მახსოვს ჩვენ მიერ ჩატარებული არცერთი ღონისძიება, რომ გაზეთს არ გაეშუქებინოს. დიდი მადლობა ამისათვის რედაქტორს, ქალბატონ ნინო კაკულიას და თქვენს შესანიშნავ გუნდს. ასე რომ, უნივერსიტეტში ერთი შეკრული გუნდია — ხელმძღვანელობიდან და ადმინისტრაციიდან დაწყებული, ნებისმიერი თანამშრომლით დამთავრებული. აუცილებლად მინდა აღვნიშნო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ახალგაზრდა ხელმძღვანელი, ბატონი ლაშა საღინაძე. მან ახალი ხედვები, ახლებური მუშაობის სტილი შემოიტანა და ძალიან ნაყოფიერად მუშაობს. ჩვენ დიდი სიყვარულითა და დიდი ზრუნვით ვართ გარემოცულნი და სირთულეების გადალახვაშიც მათი ეს სიყვარული და თანადგომა გვეხმარება.
— შეიძლება თუ არა, რომ მეცნიერებას ვუწოდოთ კონფლიქტის დარეგულირების მნიშვნელოვანი მექანიზმი და რამდენად ეფექტიანად ვიყენებთ ამ ეტაპზე?
— ჩვენს კონფერენციაზე დამეგობრდნენ აკადემიკოსი მზექალა შანიძე და პროფესორი ელენე ბესოლოვა; ქალბატონი მარიკა ჯიქია და ჩვენი კონფერენციის მონაწილე მეცნიერები, პროფესორები მერაბ ჩუხუა და ვლადიმერ ბესოლოვი, ასევე, ახალგაზრდა ქართველი და ოსი მეცნიერები. გულწრფელად გეუბნებით, მგზავრობის უსიამოვნო ბარიერების მიუხედავად, ერთი სული აქვთ, კიდევ როდის ჩამოვლენ და როდის შეხვდებიან ერთმანეთს ქართველი და ოსი მეცნიერები ახლა უკვე გაფართოებულ ფორმატში — მთლიანი ამიერ და იმიერ კავკასიის წარმომადგენლები, რომლებიც წელს უკვე მრავლად იყვნენ ჩვენს კონფერენციაზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო: არც ერთ კონფერენციაზე არცერთი სიტყვა არ ყოფილა გამაღიზიანებელი, ან უხერხულ მდგომარეობაში ჩამყენებელი არც ერთი მხრიდან. ესაა ის მაღალი კულტურა, რომელიც ამ მეცნიერებს, განათლების მსახურთ აქვთ, ესაა ის მაღალი პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს ამ კონფერენციაზე. ერთსა და იმავე თემებზე მომუშავე სპეციალისტები მშვიდობიან ატმოსფეროში თანამშრომლობენ; ყურადღებით ეცნობიან ერთმანეთის მოსაზრებებს — ესაა სასიკეთო შემობრუნება, ქართულ-ოსური საერთო პრობლემების გაშუქება ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ, ლიტერატურულ თუ სხვა ჭრილში. იქ, სადაც ბევრისა და კარგის თქმაა შესაძლებელი, ამას ყველაფერს ახლავს მონაწილეების მაღალი სამეცნიერო კულტურა, მაღალი სამეცნიერო პასუხისმგებლობა. კავკასიელებს ხომ დიდი ტრადიცია გვაქვს სამეცნიერო ურთიერთობისა, მეგობრობისა, ურთიერთპატივისცემისა.
დიახ, ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენეთ სამეცნიერო ურთიერთობების დიდი ტრადიცია. დიახ, ამ ეტაპზე, ჩვენ შევძელით ტრადიციული ურთიერთობების ჰარმონიული გაგრძელება.
— პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ქართულ–ოსური ურთიერთობები, რამდენად ძვირფასია?
— ამ თემაზე საუბრის დროსაც კი ყველაფერი — სიტყვაც და საქმეც ასჯერ აწონილ-გაზომილი უნდა გქონდეს. აქ ისეთი ხედვაა საჭირო, ორივე მხარეს თანაბრად რომ იყურება, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც; აქ არა მარტო აზრი, სიტყვა და თითოეული ცნება უნდა იყოს შერჩეული თავისი ზუსტი მნიშვნელობით, არამედ საუბრის ტონიც კი საფრთხილოა...
მე ქართულ-ოსურ ოჯახში დავიბადე. ბიოგრაფიით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ მოკლედ მოგახსენებთ უზოგადეს ცნობებს: მამაჩემი — ირაკლი ბეპიევი — ზნაურის რაიონიდან, ბალთიდან იყო. დედაჩემი — ნადია ცეცხლაშვილი -ყვარლის რაიონიდან, სოფელ შილდიდან. შეუყვარდათ ერთმანეთი, დაქორწინდნენ და დაწვრილშვილდნენ. ვცხოვრობდით სოფელ მთისძირში. მამაჩემს ყოველ ზაფხულს მივყავდით პატარები თავის მშობლებთან, რომლებსაც ეს ერთი ვაჟიღა ჰყავდათ. თავს გვევლებოდა მარტო ოსი პაპა-ბებია კი არა, ყველა იქ მცხოვრები, ყველას სახლი ჩვენთვის სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე. მერე ისევ ვბრუნდებოდით კახეთში. აქ ქართველი პაპა-ბებოს სითბო გვხვდებოდა. სტუმრად ჩვენთან მოდიოდნენ ოსებიც, ქართველებიც. ყველანი ერთნი ვიყავით... ისეთი სიყვარული, როგორიც მე ამ ქართულ-ოსურ გარემოში ვნახე, არსად მეგულება... ჩემი ცხოვრება დიდწილად განსაზღვრა იმან, რომ მე სკოლაში მისწავლია ყვარელშიც და ზნაურშიც, უმაღლეს სასწავლებელში კი — ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტშიც და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, სადაც დავიცავი დისერტაცია. ახლო სამეცნიერო ურთიერთობები მქონდა ქართველ და ოს მეცნიერებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან.
ერთ დღეს ყველაფერი აირია... ქართულ-ოსური ურთიერთობები კი არა, ნათესავებმა დაკარგეს ერთმანეთი, ოჯახები დაიშალა... ისე უცბად დატრიალდა ეს მოულოდნელი ქარბორბალა, თავბრუდახვეულები თუ აქეთ-იქით მიმოფანტულნი, კარგა ხანს გონს ვერ მოვდიოდით. ერთნი მეორეებს იქითა მხარეს უწოდებდნენ, მეორეები პირველებსაც ასევე და ა.შ. მალე ეპითეტად სიტყვა „მტერიც“ გაჩნდა, სისხლიც დაიღვარა.... იქითა და აქეთა მხარე — ეს სიტყვები ახლაც მეუცხოება. გავაცნობიერეთ მე და ჩემნაირებმა, რომ ჩვენ მხარე ვერ ვიქნებოდით ვერც — იქითა, ვერც — აქეთა, ჩვენ ან შუაში უნდა გავჭყლეტილიყავით, ან უნდა გვეშრომა, გვეწვალა, რომ ეს ორი ნახევარი, რომელიც ერთიანი იყო, ისევ შეგვეერთებინა. დღემდე ამის მცდელობაში ვარ ჩემი არსებით, ჩემი საქმიანობით და მინდა მთელი ცხოვრება ვემსახურო საქმეს, რომელიც „ორივე მხარეს“ ისევ დააბრუნებს თავისი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში; საქმეს, რომელიც ქართველებსა და ოსებს ერთმანეთის სიყვარულს ხელახლა შთაუნერგავს და საქმეს, რომელსაც ტრადიციული სახელი — ქართულ-ოსური ურთიერთობები ჰქვია.
ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი ასეთია: ეს საქმე ჩემთვის ძალიან ძვირფასია. გამოგიტყდებით: ეს საქმე განგებას ჩემ გარშემო, ჩემს დაუკითხავად, ჩემს დაბადებამდე შემოუხაზავს.
— რა გეგმები გაქვთ სამომავალოდ?
— პანდემიის პირობებში ფანტაზიას ფართოდ ვერ გაშლის ადამიანი. კაცობრიობის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია. ჩვენ ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ ამ საფრთხეს, ამიტომ მომავალსაც სიტუაციის შესაბამისად დავგეგმავთ. ერთი ვიცი, ძალიან მინდა, ყველაფერმა კარგად, მშვიდობიანად ჩაიაროს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2021 წელს კვლავ იყოს მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულ და ადგილობრივ მონაწილეთა უშუალო მასპინძელი. დაგეგმილი გვაქვს სამეცნიერო და სასწავლო მასალებზე მუშაობა, საგამომცემლო საქმიანობა.
მოამზადა ნატო ობოლაძემ