ნატო ობოლაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამას — „საჯარო მმართველობა“ — საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მეორედ, შვიდი წლის ვადით შენიშვნების გარეშე მიენიჭა. „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამაზე ყოველ წელს 25 სტუდენტს იღებენ, რომლებსაც ლექციებს ქართველი და გერმანელი აკადემიური პერსონალი უკითხავს. სწავლების პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში სტუდენტები სტაჟირებას ევროპის ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურებში გადიან.
„საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამის 11 წლიანი წარმატებული მართვისთვის პროგრამის კოორდინატორს თამარ ბერიშვილს უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადაეცა.
„უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვება ძალიან საამაყო და დიდი პატივია ჩემთვის! მადლობა ჩემს ფაკულტეტს დაფასებისა და გვერდში დგომისთვის. პროგრამას პირველი აკრედიტაცია მიღებული აქვს 2015 წელს, ასევე შენიშვნების გარეშე. სასწავლო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში პირველად ამ პროგრამამ მიიღო, რაც ძალიან საამაყო იყო ჩვენთვის.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შპაიერის უნივერსიტეტს, მის აკადემიურ პერსონალს, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდით გვედგა და ჩვენთან ერთად იღვწოდა პროგრამის განვითარებისთვის, განსაკუთრებით პროფესორებს ანდრეას კნორს და კარლ-პეტერ ზომერმანს. ასვე დიდი მადლობა ჩვენი პროგრამის აკადემიურ პერსონალს ქართული მხრიდან. განსაკუთრებული მადლობა პროფესორ ირაკლი ბურდულს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის პროგრამის შექმნაში, შენარჩუნებასა და განვითარებაში. ძალიან დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს გვანცა მაღრაძეს, მარტინ პიაცენას და ლია შატბერაშვილს. და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩვენს დიდ ოჯახს — კურსდამთავრებულებს და მოქმედ სტუდენტებს. იმედს ვიტოვებ, კიდევ მრავალი წელი იქნება პროგრამა საგანმანათლებლო სივრცეში და კიდევ ბევრ ევროპული ხარისხის განათლების მქონე საჯარო მოხელეს მოუმზადებს ქვეყანას“, — აღნიშნა თამარ ბერიშვილმა.
„საჯარო მმართველობის“ სამაგისტრი პროგრამა 2009 წლიდან ხორციელდება და პირველი იყო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა (2015 წ.). FIBAA გერმანიის საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც უმაღლესი განათლების სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. მას სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.
„საჯარო მმართველობით დაინტერესებულ პირებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოში მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები არა მარტო ქართულ შრომის ბაზარზე, არამედ ევროპის მასშტაბით კონკურენტუნარიანები იქნებიან. გარდა საერთაშორისო აკრედიტაციისა, ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტი, კერძოდ, ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი არის უმაღლესი ხარისხის გარანტი, რადგან ეს უნივერსიტეტი თავად გერმანიისთვის იმ მნიშვნელობისაა, რომ იგი ყველა ფედერაციული მიწიდან ფინანსდება და გერმანიის საჯარო მოხელეთა უმთავრეს სამჭედლოს წარმოადგენს.
ასევე, პროგრამის სტუდენტები ორთვიან პრაქტიკას გადიან ევროპის ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებში და ორკვირიან საზაფხულო სკოლას შპაიერის უნივერსიტეტში, რის ფარგლებშიც გასვლითი ვიზიტები ხორციელდება გერმანიის სხვადასხვა ქალაქის სასამართლოში, პარლამენტსა თუ სამინისტროში, ასევე სტრასბურგის ევრო-პარლამენტსა და ევროპის საბჭოში. ყოველივე ამის ფინანსური უზრუნველყოფა პროგრამის მხრიდან ხდება. შესაბამისად, სტუდენტებს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ეძლევათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გაეცნონ ევროპის პრაქტიკას საჯარო მმართველობის მიმართულებით“, — განმარტა თამარ ბერიშვილმა.
თამარ ბერიშვილი გერმანიის კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრი — LL.M და, ამჟამად, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ასისტენტია და ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფებს სისხლის სამართლის მიმართულებით. იგი დისერტაციას კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულების საკითხზე ამზადებს. მას პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება მიღებული აქვს გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში ფირმაში -“Degussa“, ასევე, მუშაობდა საადვოკატო ბიუროში — „სვანიძე და პარტნიორები“. გარდა „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამისა, იგი 2010 წლიდან კიდევ ერთ პროგრამას უწევს კოორდინირებას, გერმანულენოვან სამართლის სამაგისტრო პროგრამას „LL.M zu Köln“, რომლის დასრულების შემდგომაც სტუდენტები იღებენ კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომს.
„საჯარო მმართველობის“ განხორციელებაში ჩართული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ამბობს, რომ აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა არა მხოლოდ თსუ-სთვის, არამედ, ზოგადად, ქვეყნისთვის არის დიდი მნიშვნელობის მქონე.
„უნივერსიტეტის ოქროს მედალი იმ შრომის დაფასებაა, რაც თამარ ბერიშვილსა და მთელს გუნდს — გვანცა მაღრაძესა და ლია შატბერაშვილს მიუძღვით ამ წარმატებაში. ეს პროგრამა იურიდიულ ფაკულტეტზე 2009 წლიდან ხორციელდება, მის სათავეებთან იდგნენ პროფესორი გია ხუბუა და პროფესორი კარლ-პეტერ ზომერმანი. არ შეიძლება არ აღინიშნოს პროფესორ ირაკლი ბურდულისა და ანდრეას კნორის განსაკუთრებული დამსახურება. მთელ ფაკულტეტს და, განსაკუთრებით, ამ პროგრამაში ჩართულ აკადემიურ გუნდს ვულოცავ ამ წარმატებას“! — განაცხადა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 11-წლიანი თანამშრომლობა წარმატებულად შეაფასა შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა, თსუ-ის საპატიო დოქტორმა ანდრეას კნორმა და პროგრამის ცნობადობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა: „გვსურს, რომ პროგრამა უფრო პოპულარული გახდეს საერთაშორისო დონეზე და კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო სტუდენტი გვყავდეს“, — განმარტა პროფესორმა.