შურთხია ბეროშვილი
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი პავლე ჯაგუნავა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია... ნაშრომი — „საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები 1918-1921 წლებში“ — ითვალისწინებს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების შესწავლას დიპლომატიური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი აზრის ჭრილში. კვლევის მიზანია დაადგინოს ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებად შესწავლილი საკითხები, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ეხება. ახალგაზრდა მეცნიერის ინფორმაციით, კვლევის მთავარი ამოცანაა ამერიკულ და ქართულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით განმტკიცდეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ პერიოდში ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობდა საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობები, რაც საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში ჯდებოდა.
„დაახლოებით ექვსი წელია, რაც ქართლ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიის შესწავლაზე ვმუშაობ. ისტორიის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას ნაშრომებს სწორედ ამ თემაზე ვწერდი. დოქტორანტურაზე ჩაბარების შემდეგაც გადავწყვიტე დისერტაცია ამ მეტად აქტუალურ საკითხზე დამეცვა. აღნიშნულ თემაზე მუშაობა სრულყოფის მიზნით აუცილებლად გულისხმობს ამერიკაში, ვაშინგტონში კონგრესის ბიბლიოთეკაში კონგრესის არქივსა და სხვა უწყებების არქივებში მუშაობას. ამერიკაში ვიზიტის დაფინანსების მიზნით რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო... საბედნიეროდ, გავიმარჯვე და ამავე პროექტის ფარგლებში რუსთაველის ფონდი უზრუნველყოფს ჩემს ორთვიან ვიზიტს აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში კვლევის ჩასატარებლად“, — ამბობს პავლე ჯაგუნავა.
ახალგაზრდა მეცნიერის ინფორმაციით, სულ რამდენიმე დღეში გამოიცემა მისი და ირაკლი ნოდიას მონოგრაფია, რომელიც პირველ ქართულ-ამერიკულ კონტაქტებს შეეხება. წიგნის სათაურია — „ამერიკელი მოგზაურები საქართველოში (XIX საუკუნის I ნახევარი)".
„კვლევის მთავარი ინსტრუმენტი იქნება ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკასა და ეროვნულ არქივში არსებული მასალების მოძიება და დამუშავება. კვლევის შედეგი იქნება ქართული ისტორიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესწავლა, არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. აქტუალურობას განაპირობებს თანამედროვე პოლიტიკური სიტუაციაც, კერძოდ კი ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი დასავლელი პარტნიორი და დიდ წილად სწორედ ის განაპირობებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენი მიზანი სრულად პასუხობს ამოცანას — შევისწავლოთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური ვექტორები 1918-1921 წლებში. ჩვენი კვლევის პირდაპირი შედეგი იქნება 3 წლიანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ფუნდამენტური შესწავლა, მისი განმაპირობებელი გეოპოლიტიკური ფაქტორები და საბოლოო შედეგები. გარდა ამისა, გაეცემა პასუხი მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელიც არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ, ზოგადად, საზოგადოებას უჩნდება — როდის ჩაეყარა საფუძველი დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის და რა განაპირობებდა მის განვითარებას?“ — ამბობს ახალგაზრდა მეცნიერი.