ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სიმპოზიუმი — „საუბრები მორფოლოგიაზე“ ჩატარდა. სიმპოზიუმი აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით დაფუძნდა და აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. სამეცნიერო ფორუმის მიზანი თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრების ერთობლივი კვლევების წარმოჩენაა. წელს სიმპოზიუმი მოხსენებით გახსნა 2021 წლის ნინო ჯავახიშვილის პრემიის მფლობელმა, პროფესორმა დიანა ძიძიგურმა. პროფესორმა ახალი კვლევა — „სხვადასხვა პათოლოგიის საწყის ეტაპზე ღვიძლში კომპენსატორულ-ადაპტაციური პროცესების აქტივაციის თავისებურებების ექსპერიმენტული დასაბუთება“ — წარმოადგინა.
„პრემიის გადაცემის ცერემონიაზე, ტრადიციისამებრ, ლაურეატი მკვლევარი საკუთარ მოხსენებას კითხულობს. წელს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ინიციატივით სიმპოზიუმიც ჩატარდა, რაც ასევე ტრადიციად იქცევა და ფრიდონ თოდუას სამეცნირო კვლევით ინსტიტუტთან ერთად უკვე იგეგმება „საუბრები ონკოლოგიაზე“, რომელიც მომავალ წელს ჩატარდება“, — აღნიშნა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი კორძაიამ.
„ზოგადად, ჩვენი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება დაფუძნებულია იდეაზე — წარსული, აწმყო და მომავალი — შესაბამისად, გვსურს, რომ სტუდენტებმა კარგად იცოდნენ ქართული სამედიცინო სკოლის დამფუძნებლების შესახებ და, ამავე დროს, გაეცნონ მიმდინარე უახლეს კვლევებს“, — აღნიშნა სიმპოზიუმის ინიციატორმა, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი გაგუამ.
სიმპოზიუმზე მოხსენებები ასევე წარმოადგინეს ახალგაზრდა მკვლევრებმა ნინო ქარუმიძემ -“ცალმხრივი ნეფრექტომიის გავლენა ზრდასრული ვირთაგვების პარენქიმულ ორგანოებში მაღალპლოიდური უჯრედების რაოდენობრვ ცვლილებაზე“ (ხელმძღვანელი დიანა ძიძიგური), სალომე კიპაროიძემ — „ქოლესტაზურ ღვიძლში ჰეპატოციტების პოლიპლოიდიზაციის სასიგნალო გზების დადგენა“ (ხელმძღვანელი დიანა ძიძგური), მარიამ კაკაბაძემ — „კონტროლირებადი მიზანმიმართული წამლის მიწოდების სისტემის შექმნა ბიოთავსებადი, ორშრიანი „სენდვიჩ“ გელის საფუძველზე და მისი გამოყენება ენის ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნის სამკურნალოდ“ (ხელმძღვანელი მანანა კაკაბაძე და თამარ რუხაძე), ნინო ინაურმა — „გადასანერგი ღვიძლის მორფოლოგიური შეფასება მისი „in situ“ პრეზერვაციის შემდეგ“ და თეონა ფარესიშვილმა — „სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნის ინტერსტიცული წნევა და მისი როლი, სიმსივნის მკურნალობა“ (ხელმძღვანელი ზურაბ კაკაბაძე).
„ჩვენ შევისწავლეთ სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნის მახასიათებლები და ვეცადეთ, რომ ძირითად კითხვებზე გაგვეცა პასუხი — რა განასხვავებდა სიმსივნეს და მის სისხლძარღვებს ნორმისგან? რა განაპირობებდა მის რეციდივს, მდგრადობას და რეზისტენტობას? კვლევა ჯერ კიდევ პროცესშია, თუმცა გვაქვს გარკვეული შედეგები და შემოთავაზებულია მოცემული პრობლემების გადაწყვეტის გზა — თუ როგორ შეიძლება გადაილახოს ეს დაბრკოლებები. ჩვენს შემთხვევაში დაბრკოლება არის მომატებული ინტერსტიცული წნევა, რომელიც სამკურნალო ნივთიერებას სიმსივნურ უჯრედში შეღწევის საშუალებას არ აძლევს. ჩვენი მიდგომით, მცირდება ინტერსტიცული წნევა და სამკურნალო საშუალებას სიმსივნურ უჯრედზე ხანგრძლივ მოქმედების საშუალებას ვაძლევთ. ამ ეტაპზე ვსწავლობთ კუჭის ადენოკარციომას, მომდევნო ეტაპზე ღვიძლის სიმსივნეების ჩართვას ვგეგმავთ. კვლევის პროცესი ძალიან საინტერესოა, რადგან იღებ ახალ შედეგებს და იმედი გაქვს, რომ, შეიძლება წლების შემდეგ, ის აისახება კლინიკურ მედიცინაში და პაციენტების მდგომარეობას გააუმჯობესებს“, — აღნიშნა თეონა ფარესიშვილმა.
სიმპოზიუმის „საუბრები მორფოლოგიაზე“ შედეგები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შეაფასა, როგორც „ძალიან საინტერესო ფორმატი იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დაინტერესდეს მეცნიერებით და გაიგონ, თუ რას ნიშნავს კარგი სამეცნიერო კვლევა და მისი შედეგები არა მხოლოდ მკვლევრებისთვის, არამედ, ზოგადად, საზოგადოებისთვის.“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საუბრები მორფოლოგიაზე“ 15 ნოემბერს გაიმართა.