თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ეკა ჭუმბურიძე დისერტაციას ბოლონიის უნივერსიტეტში დაიცავს. მკვლევრის საკვლევი თემაა ჰომეროსის „ოდისეას“ ინტერპრეტაცია თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაში. კვლევის მიზანია — დაადგინოს, თუ როგორ შეიცვალა სამყარო და ადამიანთა იდეები ან/და მისწრაფებები 24 საუკუნის შემდეგ, რა მიზანი აქვთ თანამედროვე გმირებს და რა ინტერპრეტაცია აქვს თანამედროვე სამყაროში „შინ დაბრუნებას“.
„ამ თემის ფარგლებში განვიხილავთ „ოდისეას“ ინტერპრეტაციას ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ლიტერატურაში, კერძოდ, ერიკ-ემანუელ შმიტის „ულისე ბაღდადიდან“, ჯეიმს ჯოისის „ულისეს“ და გაიტო გაზდანოვის „საღამო კლერთან“. შესაბამისად, განვიხილავთ სამ თანამედროვე ნაწარმოებს ორიგინალში და სამჯერ წარვადგენთ სემინარს ბოლონიის უნივერსიტეტში, სადაც საბოლოოდ დავიცავ დისერტაციას ფრანგულ ენაზე. წარმატებით დაცვის შემთხვევაში მომენიჭება ბოლონიის უნივერსიტეტისა და თსუ-ის დოქტორის წოდება“, – ამბობს ეკა ჭუმბურიძე.
სადოქტორო პროგრამას „ევროპული ლიტერატურა“ თსუ და ბოლონიის უნივერსიტეტი ერთობლივად ახორციელებენ (ხელმძღვანელები: თსუ ასოცირებული პროფესორი ირინე დარჩია და ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი ანა სონჩინი). წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის — „ევროპული ლიტერატურა (ბოლონიის უნივერსიტეტთან ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა)“ — დოქტორანტი ეკა ჭუმბურიძის კვლევითი პროექტიც მოხვდა.