- დედამიწის თანამედროვე ორგანულ სამყაროში გაერთიანებული არის 6 სამეფო: ვირუსები, ბაქტერიები, ერთუჯრედიანი ბირთვიანები, მრავალუჯრედიანებიდან — სოკოები, მცენარეები და ცხოველები. სტუდენტებს ჩვენ „ვუხატავთ“ ამ 6 სამეფოს პორტრეტს, როგორც იტყვიან ხოლმე — ვინ ვინ არის. ამ შემთხვევაში, ცხადია, ვიწყებთ ვირუსებით. ტერმინი „ვირუსი" არის ბერძნული წარმომავლობის. „ვირა“ — შხამს ნიშნავს და, შესატყვისად, მსგავსი ტერმინი სტუდენტებში იწვევს გარკვეულ ინტრიგას, რატომ ეწოდება 6 სამეფოდან ერთ-ერთს შხამი (შხამიანი). ჩვენ სტუდენტებს ვუხსნით, რომ ვირუსი, დღევანდელი გაგებით, ყოფილი ბაქტერიაა, რომელმაც პარაზიტიზმის გამო, თავის დროზე დაკარგა უჯრედი. ეს არის რაღაც „ჯოხისებური,“ ფრიად თავისებური არსება, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის გარეშე მკვდარია, არ გააჩნია სიცოცხლისთვის დამახასიათებელი ორი არსებითი ნიშანი — ნივთიერებათა ცვლა და გამრავლება, შესაბამისად, ამიტომ იმყოფება ესოდენ ღრმა ლატენტურ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში, თუ ის პატრონ ნებისმიერ ორგანიზმში — ერთუჯრედიანსა თუ მრავალუჯრედიანში მოხვდება (ბაქტერიაში, ერთუჯრედიან ბირთვიანში თუ მრავალუჯრედიანში, ადამიანის ჩათვლით), მაშინ ის იწყებს გუგულის პრინციპით მოქმედებას. იცით, ალბათ, გუგული პარაზიტი ფრინველია, კვერცხს დებს სხვა ფრინველის ბუდეში, ასე აჩეკინებს და აზრდევინებს თავის მართვეს. ზუსტად ასე იქცევა ვირუსი – შეიჭრება პატრონი ორგანიზმის უჯრედში და მის გენომს საკუთარი გენომით აიძულებს, აკეთებინოს მისთვის სასარგებლო, ნაკლული ცილები. ამას, ჩვეულებრივ, სჭირდება სამი-ოთხი დღის ინკუბაცია. ამ ხნის განმავლობაში ის მრავლდება, ტოვებს ორგანიზმს. მისი შხამიანობა ორგვარი სიმპტომით გამოიხატება. პირველი, როდესაც ის იჭრება ორგანიზმში, არსებობს მასში და სიცოცხლის ორ დამახასიათებელ თვისებას იძენს — ნივთიერებათა ცვლასა და გამრავლებას. ამ შემთხვევაში მისი ცხოველმყოფელობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ პათოლოგია განსაკუთრებით გამოხატულია მას შემდეგ, რაც ვირუსი, 3–4 დღის შემდეგ, ტოვებს პატრონ ორგანიზმს და ერთდროულად პატრონს უტოვებს თავისთვის საჭირო ცილებს. სწორედ ეს უცხო ცილებია პატრონი ორგანიზმისათვის „შხამი.“ საქმე ის არის, რომ ევოლუციურად ვირუსის პატრონ ნებისმიერ ორგანიზმს თავისი ცილები გააჩნია, ვირუსმა კი შექმნა და დაუტოვა პატრონისთვის უცხო ცილები. სწორედ ამაში გამოიხატება ის სიმპტომები, რომელიც ჩვენ ვიცით გრიპის ან ნებისმიერი ვირუსული დაავადების შემთხვევაში.
ვირუსული დაავადებები კორონავირუსის გარდა ყოველთვის გარკვეულ საზღვრებში ავლენდა პათოლოგიებს. ცხადია, თუ ადამიანი ავადმყოფია, მასზე პათოლოგია გაცილებით ნეგატიურად ისახება. შედეგად, ზოგ ადამიანს მეტი მკურნალობა სჭირდება, ზოგს – ნაკლები. ამასთან, გააჩნია, თუ რა შტამის არის ვირუსი. ვირუსს სახეობას ვერ უწოდებენ, განსხვავებით სხვა ორგანიზმისგან, რადგან ძალიან ადვილად იცვლის გენომს და თუ ახლა, ამ წუთში, ერთია, ხვალ შეიძლება სხვა გახდეს. ამიტომაც ვერ აღწერენ მათ, როგორც სახეობებს.
რით განსხვავდება COVID-19 სხვა ვირუსებისაგან? ეს ვირუსი ატიპიურია იმდენად, რამდენადაც ორი-სამი კვირა შეუძლია იყოს პატრონ ორგანიზმში, ნაცვლად სხვა ვირუსთა სამი–ოთხი დღისა.
რით არის გამოხატული კორონავირუსის შესატყვისი დაავადება-პათოლოგია? მას ახასიათებს რა ორი–სამი კვირის ინკუბაცია, საწყის საფეხურზე ის ნაკლებ რეაქციას იწვევს პატრონ ორგანიზმში, ე.ი. ფარულია, ლატენტურია. ეს ვირუსი სახის ორგანოებიდან ლორწოვანი გარსით იჭრება ადამიანის რესპირატულ ორგანოებში (იჭრება ძირითადად პირის ღრუს, ცხვირის ნესტოების და, განსაკუთრებით, თვალის არეებიდან). როდესაც ფილტვებში მოხვდება, იქაც ატიპიურობას ამჟღავნებს, რადგან, სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, მთლიანად ფილტვების ნებისმიერ უბანს აზიანებს და მხოლოდ ამის შემდეგ ტოვებს ორგანიზმს. შედეგად, ადამიანს სუნთქვა ეკვრება, რადგან ჟანგბადს ვეღარ იღებს, ამიტომ იხრჩობა და პროცესიც ლეტალური შედეგით მთავრდება. ეს არის ამ ვირუსის განსაკუთრებულობა, რასაც დღეს პანდემიის ხასიათი მიეცა.
ბევრი ლაპარაკია ამ ვირუსის წარმოშობაზე – საიდან წარმოიშვა ასეთი ატიპიური, არაორდინალური ფორმა ვირუსისა? ეს დადგენილია, მიაგნეს წყაროს. ამ ვირუსის სახელწოდება, როგორც ითქვა, არის COVID-19, ადრე ცნობილი იყო ამავე ვირუსის სხვა ფორმა — COVID-17. ეს არის გენმოდიფიცირებული ფორმა, რომელიც ახლა პათოლოგიის თვალთახედვით მხოლოდ ადამიანზეა სპეციალიზებული. გვახსოვს, ადრე იყო ქათმის გრიპი, ღორის გრიპი და სხვა ვირუსული დაავადებები. უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ეს ტროპიკული აზიიდან მოდის.
ჩვენ ვიცით სხვა პათოლოგიების გამომწვევი პარაზიტებიც, რომლებიც სპეციალიზებულები არიან მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში, მაგალითად, ღორის სოლიტერი, რომელიც წვრილ ნაწლავში პარაზიტობს და ადამიანს უქმნის პრობლემას (თვითდაინვაზირების შემთხვევაში აზიანებს თავის ტვინსაც); ასკარიდა, რომელიც ასევე ადამიანის წვრილ ნაწლავში ბინადრობს, მაგრამ მისი ლარვა ადამიანის ხორხისკენ გადაადგილებისას (ჟანგბადის მისაღებად) მექანიკურად აზიანებს ადამიანის მთელ რიგ შინაგან ორგანოს. არის მთელი რიგი ორგანიზმი, რომლებიც ცხოველურ ორგანიზმებსა და ადამიანშიც გვხვდება. ასეთ შემთხვევაში, პირველი პატრონი ორგანიზმი, მაგალითად, რომელიმე გარეული ან შინაგანი ჩლოქოსანი ცხოველი იმთავითვე იმუნირებულია პარაზიტის მიმართ, განსხვავებით ადამიანისაგან. მსგავს შემთხვევას ვხვდებით კორონავირუსის შემთხვევაშიაც. როგორც ითქვა, მისი ძირითადი, პირველადი პატრონი ორგანიზმი ღამურაა. ეს უკანასკნელიც ვირუსთან იმუნირებულია. როდესაც ადამიანი ბაზრობაზე ნაყიდ ასეთ ცხოველებს ყიდულობს, ორმაგი რისკია: პირველი, ნაყიდი პროდუქტი იმთავითვე შეიცავს მავნე პარაზიტებს, მითუმეტეს, ბაზრობაზე გამოტანილი ნედლი პროდუქტი სხვადასხვა მწერებითა და სხვა უხერხემლო ორგანიზმებით დამატებით ინფიცირდებიან. მსგავს შემთხვევას შეიძლება ჰქონოდა ადგილი ჩინეთის შესატყვისი პროვინციის ბაზრობაზე. მაგრამ, გავიმეორებ, რომ კორონავირუსის ატიპიურობა ბადებს ეჭვს, რომ მისი გენომი, ესოდენ რეზისტენტული, ხელოვნურად არის სინთეზირებული და ამდენად, ფრიად აგრესიული. დადგენილია, რომ COVID-17 ღამურების ვირუსია. ღამურების მრავალსახეობა არსებობს. მაგალითად, ტროპიკული ღამურები სხვა სახეობებს მიეკუთვნებიან და მოზრდილი სხეულიც გააჩნიათ (40-70 სმ.-ს აღწევს). სწორედ ასეთ ღამურებს, სხვა გარეულ ცხოველებთან ერთად, იყენებენ საკვებად.
ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში, გასული საუკუნის 50-იან წლებში, იყო შიმშილიანობის წლები, როდესაც, სტატისტიკის მიხედვით, 30 მილიონამდე ადამიანი ამოწყდა. ამ პერიოდში ადამიანები იძულებული იყვნენ, ნებისმიერი გარეული ცხოველით ეკვებათ — ეს იქნებოდა ტროპიკების მახრჩობელა გველები, ღამურები თუ სხვა. ასე გამოიკვებეს და გადაირჩინეს თავი. შემდეგ წვრილმა ბიზნესმა დაიწყო იმ გარეული ცხოველების ხელოვნურად მოშენება, რომელსაც შიმშილობის წლებში საკვებად იყენებდნენ და გაიტანეს ბაზარზე. ვირუსის მატარებელი ორგანიზმი გინდა ხელოვნურად გამრავლებული შეგიტანია ბაზარზე და გინდა ბუნებრივად მონადირებული, ის ინფექციის მატარებელია და, ხშირად, თერმულადაც რომ დაამუშავო, ვირუსის შემთხვევაში, ვერ გაანადგურებ (ძალიან რეზისტენტულია). ამიტომ ის, ვინც მიირთმევს, ინფიცირდება.
COVID-17 ადამიანზე ლოკალურად მოქმედებდა, ფილტვების მთლიან მოცულობას არ აზიანებდა და, შესაბამისად, ლეტალური შედეგით არ მთავრდებოდა. COVID-19, როგორც ითქვა, სულ სხვა შემთხვევაა, შესაბამისად სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ მისი ხელოვნურად შექმნილი გენომი უნდა გამოყენებული ყოფილიყო ბიოლოგიური ომისათვის. მსგავსი ვირუსი შეიძლება განათავსონ ყუმბარის მსგავს იარაღში. ბირთვული იარაღისა არ იყოს, მსგავსი ბიოლოგიური იარაღი კაცობრიობისთვის დიდი საფრთხის შემცველია...
...ასეა თუ ისე, კორონავირუსისგან გამოწვეულმა ადამიანთა დაავადებამ პანდემიის ხასიათი მიიღო. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, 21-ე საუკუნეში უხილავი მტერი კაცობრიობას უდიდეს პრობლემას უქმნის. უკვე ფიქსირდება პირველადი, მეორეული, მესამეული, მეოთხეული გადაცემები, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ერთმანეთს აინფიცირებენ და ყველაფერი ეს ისეთი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რომ ეს დაავადება ემსგავსება შუა საუკუნეების ბაქტერიების მიერ გამოწვეულ შავ ჭირსა და ტიფს. როგორც ცნობილია, ამ დროს ქალაქები და ქვეყნები თითქმის იცლებოდა მოსახლეობისგან. გასათვალისწინებელია, რომ მაშინ მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა არ იყო განვითარებული. ამჟამად უკვე არსებობს ტექნოლოგიური ნოვაციები თვით ამ აგრესიული ვირუსის დასამარცხებლად.
აქვე უნდა ითქვას, რომ მეცნიერების მხრიდან დაუშვებელია ჭარბი ოპტიმიზმი. შავი ჭირისა და ქოლერას დროს არ იცოდნენ ბაქტერიის გადამტანი კვებითი ჯაჭვი. მაგალითად, ბაქტერიის მატარებელია მასზე იმუნირებული მღრღნელი — ვირთხა, გადამტანია ტრანსმისიული ორგანიზმი — რწყილი. რწყილი კბენს ვირთხას, ამოწოვს სისხლს და მექანიკურად გადააქვს (ამ პროცესს ჰქვია ტრანსმისია) მისგან შავი ჭირის გამავრცელებელი ბაქტერია. შემდეგ, თუ რწყილი — ჰემატოფაგი კბენს ადამიანს, მასში გადააქვს მავნე ბაქტერია. სწორედ ეს მექანიზმი — კვებითი ჯაჭვი — არ იცოდნენ თუნდაც 100 წლის წინათ. ამდენად, ადამიანის არაიმუნირებული ორგანიზმი ხდებოდა მსხვერპლი, რასაც საქართველოში „ჟამიანობას“ უწოდებდნენ (გაიხსენეთ ხევსურეთის ე.წ. „ანატორის“ მაგალითი; იქ ნაპოვნი ნებაყოფლობით შესული, დაინფიცირებული მომაკვდავი ადამიანების ჩონჩხი). ადრე ადგილი ჰქონდა ლოცვა-კურთხევას, ტანსაცმლის დაწვას, ცეცხლის კვამლზე ტანსაცმლის გატარებას და სხვა მრავალს ხერხს.
უნივერსიტეტში ვკითხულობ სიცოცხლის ოთხი მილიარდი წლის ისტორიას. ადამიანი ჯერ არ არსებობდა, მაგრამ ნამარხი ჩონჩხების მიხედვით დადგენილია, რომ ვირუსულ თუ ბაქტერიულ ორგანიზმებს შორეულ გეოლოგიურ წარსულში ცხოველთა არაერთი სახეობა უმსხვერპლია. სამწუხაროდ, ამჟამად სწორედ ამ კონტექსტში კორონავირუსსაც ჩავრთავ ჩემს სალექციო კურსში, რადგან შედეგებმა პრეისტორიულ მასშტაბებს მიაღწია. ასაკოვანი გახლავართ, ომიანობის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს. მაშინ ყუმბარები ჩვენთან არ ჩამოუყრიათ, მაგრამ დიდი გაჭირვება იყო. მრავლდებოდნენ სხვადასხვა სისხლისმწოველი (ჰემატოფაგი) მწერები: ბაღლინჯო, რწყილი და ტილიც, რადგან ომიანობისას ჰიგიენას ძნელად იცავენ. ბებიაჩემი საპონს თავისი ხელით აკეთებდა, მაგრამ ლეტალურობის მსგავსი მასშტაბი არ ყოფილა. ჩვენ არ მოვსწრებივართ შავ ჭირს და ჟამიანობის სხვა გამოვლინებებს. ამიტომაა სწორედ პარადოქსი, რომ მეცნიერების თანამედროვე განვითარების პირობებში ვირუსული ორგანიზმი დაემუქრა კაცობრიობის ყოფნა-არყოფნას.
არსებითი არის ის, რომ ქვეყნებმა, რომელთაც დიდი სამეცნიერო ტექნოლოგია გააჩნიათ, გამოყვეს კოლოსალური თანხები, რათა რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას სათანადო ვაქცინები. ჩემი ღრმა რწმენით, ახლო მომავალში, ეს პრობლემა დადებითად უნდა გადაწყდეს. მთავარია, რომ მეცნიერება ახლოს არის სათანადო გენომის გაშიფვრასთან (არის მოსაზრება, რომ მსგავსი გენომი გაშიფრულია).
...
...საჭიროდ ვთვლი თემიდან ერთ ასეთ გადახვევას: ამერიკელმა ბიოლოგმა და მწერალმა რეიჩელ კარსონმა 1963 წელს გამოსცა წიგნი სათაურით — „მდუმარე გაზაფხული“. ამ წიგნში ხაზგასმულია, რომ 1948 წელს სინთეზირდა ქიმიური ნივთიერება აბრევიატურით — „დდტ“. მის შემქმნელს, შვეიცარიელ პაულ მიულერს ნობელის პრემია მიანიჭეს (ჩემმა თაობამ ძალიან კარგად იცის ეს პრეპარატი). „დდტ“ ანადგურებდა მავნე მწერებს, თუმცა სასარგებლო მწერებიც იღუპებოდა. მოსავლიანობა 20-25%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, რეიჩელ კარსონმა განგაში ატეხა, რადგან მეცნიერებმა ვერ გაითვალისწინეს არსებითი რამ: როგორც ითქვა, ბუნებაში სასარგებლო ორგანიზმებსაც ანადგურებდა. გარდა ამისა, ეს პრეპარატი იმდენად მდგრადი აღმოჩნდა, რომ ნიადაგში არ იშლებოდა, შესაბამისად, მცენარე ნიადაგიდან ფესვებით იწოვდა ამ ნივთიერებას, ჭურჭლოვანი სისტემით თავს იყრიდა ნაყოფში, რომელსაც ადამიანი მიირთმევდა და ტოქსიკური ნივთიერება მასში თანდათანობით გროვდებოდა. ასეთი გზით, კორონავირუსისგან განსხვავებით, ტოქსიკური ნივთიერება ადამიანს მაშინვე არ ანადგურებდა, არამედ თანდათანობით უარყოფითად მოქმედებდა მის ჯანმრთელობაზე.
აღმოჩნდა, რომ „დდტ“ არც ხერხემლიან ნადირ-ფრინველს ინდობდა, მაგალითად, ფრინველებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში სათანადო მცენარეებით იკვებებოდნენ. „დდტ“ მათ ორგანიზმში ხვდებოდა. ეს გამოიხატებოდა მათ მიერ დადებული კვერცხების თხელნაჭუჭიანობაში. თხელი ნაჭუჭი ვერ უზრუნველყოფდა მომავალი ორგანიზმის — წიწილას ან მართვეს გამოჩეკას (შთამომავლობა არასრულყოფილი იჩეკებოდა ან საერთოდ არ იჩეკებოდა). აღსანიშნავია, რომ „დდტ“ — მდგრადი ქიმიური ნივთიერება — მდინარეებს ნიადაგიდან გაჰქონდათ ზღვებში, შესაბამისად, მსოფლიო ოკეანეში. სინთეზირებიდან ათი წლის შემდეგ, „დდტ“ ანტარქტიკაში აღმოაჩნდათ, ერთი მხრივ, პინგვინებს, მეორე მხრივ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლარულ წრეში ჩრდილოეთის ირმებს. პრაქტიკულად, ამ ნივთიერებამ დაანაგვიანა მთელი პლანეტა. სწორედ ამაზე დაწერა რეიჩელ კარსონმა აღნიშნული წიგნი. ეს ნაშრომი ყუმბარასავით გასკდა. საქმე ის არის, რომ „დდტ-ზე“ მომუშავე კონცერნები, რომლებიც მილიონობით და მილიარდობით ფულს აკეთებდნენ, ცხადია, დაუპირისპირდნენ ქალბატონს და მოკვლასაც უპირებდნენ. რეიჩელ კარსონის წიგნი პრეზიდენტ კენედის ყურამდეც მივიდა. მან გულდასმით წაიკითხა წიგნი, დაავალა სენატორებსა და კონგრესმენებს — შექმნილიყო ჯგუფი, ჩატარებულიყო ექსპერიმენტები. ბრძანება განხორციელდა და ქალბატონი მეცნიერი სრულიად მართალი აღმოჩნდა. რეიჩელ კარსონი მოესწრო თავის გამართლებას და სათანადო აღიარებასაც. სწორედ ამიტომ, მისი სახელი 60-იან წლებში მთელმა მსოფლიომ გაიგო. კარსონმა გაიმარჯვა უდიდესი კონცერნების ბოსებზე, რომლებმაც, ბოლოს და ბოლოს, კენედიც კი იმსხვერპლეს. დღეს რომ მქონდეს დრო, გამოვცემდი ნაშრომს, რომელსაც დავარქმევდი — „მდუმარე გაზაფხული მეორე,“ თუმცა, როგორც ხედავთ, ეს მეორე, დღევანდელი „მდუმარე გაზაფხული“ გაცილებით აგრესიულია, ვიდრე ის პირველი...
ღრმად მჯერა, რომ გამალებულ შეიარაღებაზე გადასული ზესახელმწიფოები გაითვალისწინებენ ცოცხალი ორგანიზმებით შექმნილ პოტენციურ უმწვავეს პრობლემებს და შეიარაღებისგან გამოთავისუფლებული თანხები ადამიანთა კეთილდღეობას მოხმარდება.