17 ნოემბერს ერთი წელი შესრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგის, ფსიქოლოგიის დოქტორის ირინე გედევანიშვილის გარდაცვალებიდან. ამ დღეს ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მეგობრები შეიკრიბნენ და, ირინე გედევანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად, მისი წიგნის პრეზენტაცია გამართეს.
ონლაინ ღონისძიებას ასამდე ადამიანი დაესწრო. მათ ტრაგიკულად გარდაცვლილი კოლეგა და მეგობარი გაიხსენეს და მისი სადისერტაციო ნაშრომის — „ინტერკულტურული სენსიტიურობის კვლევა ქართველ ახალგაზრდებში“ — აკადემიური გამოცემა წარადგინეს.
წიგნი გამომცემლობა „ინტელექტის“ ბაზაზე გამოსცა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნანა მაჭავარიანმა, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წიგნის გამოცემის მიზანი ერთი იყო – სურდა, ავტორის ხსოვნა უკვდავყოფილიყო: „ნაშრომი არაჩვეულებრივი ქართულითაა დაწერილი. მჯერა, ეს ნაშრომი საფუძველი გახდება უამრავი ახალი კვლევისა და სანამ იტრიალებს დედამიწა, ირინეს სახელიც იტრიალებს“, – თქვა მან.
შეხვედრა გახსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ, რომელმაც წიგნის გამოცემისთვის მადლობა გადაუხადა ინიციატორს: „ირინეს ხსოვნა ქალბატონმა ნანამ უკვდავყო და ფაკულტეტს გადმოსცა წიგნი, რომელიც სტუდენტებისთვის კარგი სახელმძღვანელოა და რომელშიც ირინეს სადისერტაციო კვლევის შედეგებია შესული. ირინე გულმოდგინე, გულისხმიერი, კეთილშობილი პიროვნება და ღირსეული მასწავლებელი იყო, რასაც სტუდენტებიც აფასებდნენ“, – აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.
გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა თსუ-ის პროფესორმა მზია წერეთელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დისერტაცია, რომელიც ირინე გედევანიშვილმა 2010 წელს დაიცვა, ახლაც მნიშვნელოვანია იმის მიუხედავად, რომ წლები გავიდა. „ეს იყო ერთ-ერთი პირველი მცდელობა საქართველოში ინტერკულტურული სენსიტიურობის კვლევისა. ინტერკულტურულ სენსიტიურობას აუცილებლად თან ახლავს მისი შეფასება, კულტურული სპეციფიკა. ამიტომაცაა ირინეს ნაშრომი მნიშვნელოვანი — მან ბენეტის მოდელის საფუძველზე შექმნა ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ქართველთა დამოკიდებულება ჩვენში მცხოვრები ძირითადი ეთნიკური კულტურების მიმართ. მან გაზომა კიდეც ეს დამოკიდებულება ჩრდილო კავკასიელთა, აფხაზთა, ოსთა, სომეხთა, აზერბაიჯანელთა მიმართ. ეს საინტერესო კვლევა შესაძლოა გამოიყენონ სტუდენტებმა და გახდეს სხვა კვლევების საფუძველი, რაც ძალიან გაახარებდა ირინეს“, – აღნიშნა მან.
წიგნის პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს ირინე გედევანიშვილის პროფესიონალიზმსა და შეუფასებელ ადამიანურ ღირსებებზე. მისმა ლექტორმა და შემდგომ უკვე კოლეგამ, პროფესორმა დალი ფარჯანაძემ გაიხსენა ირინე გედევანიშვილის სტუდენტობა და აღნიშნა, რომ მუდმივად იხსენებდა და იხსენებს — თუ როგორი მოწესრიგებული, აქტიური და სამართლიანობისთვის მებრძოლი იყო ის, როგორც სტუდენტი და შემდგომ როგორი გულისხმიერი და ერუდირებული ლექტორი გახდა. „იგი სავალდებულო, საბაზისო საგნებს და ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას გამორჩეულად ასწავლიდა და ამის მოწმე ბევრი კოლეგა იყო“, – თქვა დალი ფარჯანაძემ.
ირინე გედევანიშვილი გაიხსენეს კოლეგებმა: იამზე კუტალაძემ, ლალი სურმანიძემ, დოდო ღლონტმა, ლია ჩხიკვიშვილმა და სხვებმა, ასევე სტუდენტებმა — ნინო მწითურმა და ნიკოლოზ მარგიანმა: „ერთი სემესტრი მასწავლიდა და, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ოცდაათი ვიყავით, ყველას ინდივიდუალურად გვესაუბრებოდა. უხაროდა, როცა რამე დააინტერესებდათ სტუდენტებს. ერთხელ რაღაც საკითხის გაგება გამიჭირდა და მომდევნო დღეს ირინემ ცალკე დამიბარა. უშუალო ადამიანი იყო და სტუდენები ამას ძალიან აფასებდნენ“, – აღნიშნა ნიკოლოზ მარგიანმა.
შეკრებილმა საზოგადოებამ ერთხმად დაუჭირა მხარი პროფესორ ნანა მაჭავარიანის ინიციატივას – ყოველი წლის 17 ნოემბერი, ირინე გედევანიშვილის გარდაცვალების დღე, მისი სახელობის სამეცნიერო სესიით აღინიშნოს.
მოამზადა მაია ტორაძემ