თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებმა, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობმა და საყვარელმა ექიმებმა — თენგიზ ცერცვაძემ და პაატა იმნაძემ თავიანთი მოქმედებებით, პანდემიასთან ბრძოლის ამ ეტაპზე, უნივერსიტეტის იმიჯს ბევრი შემატეს. გამოჩნდა სხვა დადებითი ტენდენციებიც, რაც გვაფიქრებინებს, რომ „კოვიდ-19“-მა და სახლში გამოკეტვამ ჩვენს ცხოვრებაში კარგიც მოიტანა. პოზიტიურად ფიქრი და აზროვნება ახლა გამოსავალია ყველა ჩვენგანისთვის, რათა უარყოფითმა ემოციებმა არ გვძლიოს და შიშისა და პანიკის მორევში არ გადავეშვათ. დღევანდელ მოცემულობაში სწორედ რომ დადებით მხარეზე გვესაუბრება მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, რაც ერთგვარი გამხნევებაა და თანადგომა, რომ მხოლოდ ცუდზე არ ვიფიქროთ. მაშ ასე, გავაანალიზოთ ცხოვრების ახალი შემოთავაზებები და ახალი რუტინა, რაც გვაძლიერებს.
გვესაუბრება თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია
- ახალი კორონავირუსი ისეთი გამოწვევა აღმოჩნდა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ჩვენს დროში, ასე მსოფლიო რამეს შეეცვალოს, აქამდე, მსგავსი პრეცედენტი არ გვქონია. ეკონომიკა გაჩერდა, სწავლის სისტემა შეიცვალა, ადამიანთა ურთიერთობები გადაეწყო. მაგრამ ყველაფერშია „თეთრი“ და „შავი“. რაღაც დადებითიც ხომ არ აღმოაჩნდა არსებულ მოცემულობას ჩვენი ცხოვრების წესისა და მენტალობისთვის? ჩვენი სამშობლოსთვის? ჩვენი უნივერსიტეტისთვის?
ვფიქრობ, საქართველოში დადგა დრო, როცა უნდა გადავაფასოთ არსებული ვითარება და მისგან დამკვიდრებული ცხოვრების წესი. ამ ბოლო დროს გათითოკაცებულ, მოკინკლავე საზოგადოებას, ერსა და ბერს ერთად მოუწია დადგომა. ეს ცუდი არ არის, თანაც ამ ერთობის საჭიროებაც და გამოხატულებაც მკვეთრად იზრდება. ოჯახის წევრებს „მოუხდათ“ ერთმანეთთან უფრო მეტი და ხანგრძლივი ურთიერთობა. მახსოვს, ბაბუაჩემის, ტიტე კორძაიას შეგონება, რომელიც, მოგვიანებით, ზუსტად გაიმეორა ჩემმა მასწავლებელმა, შესანიშნავმა მეცნიერმა და სამაგალითო მოქალაქემ, პროფესორმა შალვა თოიძემ — ოჯახისთვის აუცილებელია ერთად სადილობა ან ვახშმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა იკარგება ერთი იმ რაღაცთაგანი, რასაც ეფუძნება ოჯახური ცხოვრებაო. ამბობენ, ჩინეთში ორთვიანი იძულებითი კარანტინის შემდეგ განქორწინების რიცხვმა იმატა, რადგან ადამიანებმა გამუდმებით ერთად ყოფნისას ერთმანეთის ბევრი ცუდი თვისება „აღმოაჩინესო“. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ საქართველოში ეს არ გველის; პირიქით, ვირუსი ოჯახების ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს; მინიმუმ, ამ თვისებების, ოჯახური სიყვარულის და ერთობის გამოცდას მოგვიწყობს, თანაც ისე, ყველა გამოსაცდელს მოუნდეს და ეამაყებოდეს ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარება.
წარმოიდგინეთ, ვირუსის გავრცელებამ უნივერსიტეტსაც შემატა რაღაც დადებითი. ბევრმა გადახედა თავისი ცოდნის ბანკს (პროფესურაზე მაქვს ლაპარაკი), რადგან საჭირო გახდა სალექციო ტექსტების ელექტრონული ვერსიების დადება და გაზიარება. ამან განაპირობა საკუთარ თავზე მუშაობის გაძლიერების, გადასაცემი მასალის დახვეწის და გამრავალფეროვნების აუცილებლობა, რაც, ვთვლი, რომ კარგია. მეორე მხრივ, მოხდა სტუდენტების მობილიზება — ისინი იძულებულნი გახდნენ, სწავლისთვის საჭირო ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების ინტენსიური გამოყენებისთვის მოსამზადებლად ეზრუნათ, ახალი უნარები გამოემუშავებინათ. ადმინისტრაციულ რგოლებსაც დასჭირდათ ახალ გარემოსთან ადაპტაციის უმოკლესი და ეფექტური გზების მოძიება. ეს ყოველივე მომავალში ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის და, საერთოდ, საუნივერსიტეტო ცხოვრების გაძლიერებასაც და გამრავალფეროვნებასაც.
პროფესურის ნაწილს გამოუჩნდა დრო მეტი სამეცნიერო მუშაობისთვის (დავაზუსტებ, ე.წ. საბიბლიოთეკო სამეცნიერო მუშაობისთვის, რადგან ცხადია, საველე და ლაბორატორიული სამუშაოები შეწყვეტილია). დარგში ახალი ნაშრომების გასაცნობად ან ახალი ნაშრომის შესაქმნელად თითქოსდა მეტი დრო გაჩნდა, თუნდაც მიმოსვლის დროის ეკონომიის ხარჯზე.
ამდენად, ვირუსის გავრცელების პირობებში სახლში დარჩენის კამპანიამ უნივერსიტეტისთვის გარკვეული დადებითი მომენტები შექმნა, თუმცა, ცხადია, ეს „დადებითობა“ დროში ლიმიტირებულია. სრულფასოვანი საუნივერსიტეტო (და საერთოდ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო) ცხოვრების რაც შეიძლება მალე განახლება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა — პლანეტარული ამოცანა.
ის ფაქტი, რომ დღეს მთელი ქვეყნის მოსახლეობა სამედიცინო საზოგადოებას იმედის თვალით შესცქერის, მნიშვნელოვნად ზრდის თსუ მედიცინის ფაკულტეტის პასუხისმგებლობას, ზრდის მოთხოვნებს სამედიცინო განათლების მიმართ. ჩემთვის ფრიად საამაყოა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ავანგარდში ასეთი შემართებით და პროფესიონალიზმით მდგარი ექიმები — თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე უნივერსიტეტელები არიან, ჩვენი ფაკულტეტის პროფესორები. ისინი ინფექციურ სნეულებათა და კლინიკური იმუნოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის კათედრებს ხელმძღვანელობენ. ყველასთვის ცნობილი ინფექციონისტი — მარინა ენდელაძეც ჩვენთან მოწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობს ლექციებს. ამრიგად, იმ ადამიანთა შორის, რომელთა გარშემოც დაირაზმა მთელი ერი, წამყვანი პოზიციები უკავიათ უნივერსიტეტელებს, ჩვენი ფაკულტეტის წარმომადგენლებს. ამ ადამიანთა წარმატებული მოღვაწეობა ზრდის სამედიცინო საზოგადოების მიმართ ქვეყნის მოსახლეობის პატივისცემას, ზრდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პრესტიჟს და მისადმი ნდობას.
ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხა 25 000 ლარი. ფაკულტეტის ადმინისტრაციაში შემოდის პროფესორების წერილები, რომელთაც სურთ კუთვნილი ხელფასების გადარიცხვა აღნიშნულ ფონდში. ეს პროფესორ გიორგი გალდავას ინიციატივა გახლდათ, რომელსაც ბევრმა მისმა კოლეგამ დაუჭირა მხარი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ყოველთვის, საქვეყნო გამოწვევას შემართებით ხვდება, მათ შორის, მედიცინის ფაკულტეტიც, რომელიც ყველა თავისი რესურსით საქვეყნო საქმის მკეთებელთა რიგებშია ჩამდგარი.
ესაუბრა ნინო კაკულია