თამარ დადიანი
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიაქრონიკა 1918-1921“ — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტების ქრონიკაა, რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ეგიდით განხორციელდა. გამოცემა, რომელიც თსუ-ის ბიბლიოთეკამ მოამზადა, ნათლად ასახავს იმდროინდელი მედიის დამოკიდებულებას უნივერსიტეტის მიმართ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისათვის უნივერსიტეტი და მასთან დაკავშირებული ყველა წვრილმანი ამბავი.
მოვლენები და ფაქტები გამოცემაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ყოველგვარი შეფასების, ანალიზისა და დასკვნის გარეშეა წარმოდგენილი. მასალა მოძიებულია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული 1918-1921 წლების პერიოდული პრესიდან. გამოცემაზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, ირაკლი ირემაძე, გიორგი ჯავახიშვილი, ნინო წერეთელი, გიორგი ვახტანგაშვილი და გიგი გიოშვილი.
პროექტის იდეასა და მნიშვნელობაზე გვესაუბრება გამოცემის ერთ-ერთი შემდგენელი, თსუ-ის ბიბლიოთეკის დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის გამგე გიორგი ჯავახიშვილი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამედროვე საქართველოში უკვე კულტურის ისტორიის ნაწილად იქცა და ნაციონალურ მემკვიდრეობას წარმოადგენს. უკანასკნელ 100 წელიწადში უნივერსიტეტი იქცა არა მარტო მეცნიერების კერად, არამედ საზოგადოებრივი დისკუსიის სივრცედ, ხიდად ძველ და ახალ თაობებს შორის. შესაბამისად, თსუ-ის საუკუნოვანი იუბილეს მოახლოებასთან ერთად გაჩნდა სურვილი, რომ შეგვესწავლა პირველი ქართული უნივერსიტეტის ისტორია, რომელიც იქცა იმაზე მეტად, ვიდრე მხოლოდ სასწავლებელია. პროექტის იდეა გაჩნდა 2018 წელს, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით თსუ ბიბლიოთეკის გუნდს გაუჩნდა სურვილი — შეესწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველდღიურობის ისტორია თავისუფალ საქართველოში. იდეას მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა როგორც ბიბლიოთეკის, ისე სტუდენტების მხრიდან. წიგნზე მუშაობდნენ თსუ ბიბლიოთეკის თანამშრომლები და თსუ-ის სტუდენტები. ამ თანამონაწილეობით ერთგვარი საყოველთაოობის განცდა შეიქმნა, წიგნზე მუშაობამ დაგვანახა, რომ უნივერსიტეტი არის ტრადიცია და კოლაბორაცია სტუდენტებსა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შორის. პროექტის მიზანი იყო გვეჩვენებინა მსოფლიო ქარტეხილების ფონზე, 1918 წელს, თბილისში, როგორ შეიქმნა პირველი ქართული უნივერსიტეტი, როგორი იყო მისი ყოველდღიურობა და თანაარსებობა თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოსთან. ჩვენ გვსურდა მკითხველისთვის გვეჩვენებინა საუკუნის წინანდელი სულისკვეთება, თსუ-ის დამფუძნებელებისა და სტუდენტების ყოველდღიურობა. გამოცემაში თსუ-ის ყოველდღიურობის ისტორიაა გადმოცემული 1918 წლიდან საქართველოს გასაბჭოებამდე. თსუ-ის ბიბლიოთეკაში დაცულ პერიოდულ პრესაზე დაყრდნობით აღდგა თავისუფალი საქართველოს პერიოდის თსუ-ის ისტორია. ჩვენ შევეცადეთ აქამდე უცნობი ისტორია მოგვეთხრო მკითხველისთვის. სამწუხაროდ, წიგნის ბოლო გვერდები ემთხვევა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციას და წიგნის ფურცლებზე კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის გმირი სტუდენტები, ვისთვისაც თავისუფლება უფრო მეტი იყო, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე. თავისუფლება კი სტუდენტებმა უნივერსიტეტის კედლებიდან და მისი დამაარსებლების ლექციებიდან შეითვისეს და გაიაზრეს. წიგნი განკუთვნილია, პირველ რიგში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის, ასევე თანამედროვე საქართველოსა და განათლების ისტორიის მკვლევართათვის.