მაია ტორაძე
„ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყარო“ — ასე ჰქვია მამუკა ჭანტურაიას წიგნს, რომელშიც დიდი შემოქმედის პოეტური ოსტატობა და მისი ნაწარმოებების მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების ანალიზია მოცემული. წიგნი ეძღვნება პროფესორების ჯუმბერ ჭუმბურიძისა და იუზა ევგენიძის ხსოვნას და განკუთვნილია ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისა და ვაჟა-ფშაველას პოეზიით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვის.
„ვაჟა-ფშაველას პოეზიის უკიდეგანო ზღვაში შესვლა, ალბათ, მეტისმეტ გაბედულებად უნდა ჩაეთვალოს ამ წიგნის ავტორს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებით გამოწვეული აღტაცება ხშირად ყოველ ადამიანს სიტყვის თქმის სურვილს აღუძრავს, სითამამეს ჰმატებს, თავდაჯერებულობის განცდას უნერგავს. ამ ადამიანთა რიგშია წინამდებარე წიგნის ავტორი, რომელმაც, შეძლებისდაგვარად, სცადა დიდი ვაჟა-ფშაველას პოეტური ფენომენის თავისებურად გარკვევა. ვაჟა-ფშაველას პოეტურ ხელოვნებაზე საკმაოდ ითქვა, მაგრამ კიდევ ბევრი დარჩა სათქმელი. ლექსად დაწერილი ვაჟას ნაწარმოებები, დიახაც, ღრმა ფილოსოფიური აზრებითაა აღსავსე, მაგრამ, ცხადია, მხოლოდ მათში გამოხატულ იდეათა გამო არ არის ვაჟა უდიდეს პოეტად აღიარებული. იგი იმიტომაცაა დიდებული, რომ ცხოვრებისეული სინამდვილე ლექსებსა და პოემებში, შინაარსთან ერთად, ზეშთაგონებული პოეტური ხელოვნებით, ანუ უიშვიათესი მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებითა და საშუალებებით გადმოგვცა. ამ ხერხებისა და საშუალებების ამოცნობას და გაანალიზებას ესწრაფვის ავტორი, როცა საუბრობს მხატვრულ-სახეობრივ თავისებურებებზე ვაჟას პოეზიაში. რამდენად მოულოდნელადაც უნდა გვეჩვენოს, ვაჟა-ფშაველას „“ძაღლიკა ხიმიკაური“ აქამდე ფართო განხილვის საგნად არ იყო ქცეული. ამ ხარვეზის შესაძლებლობისამებრ შევსება ავტორს ადრიდანვე ჰქონდა მიზნად დასახული და პრესაში რამდენიმე წერილიც დაბეჭდა. წარმოდგენილი ნაშრომი, რომელიც პირველად ქვეყნდება, არის ცდა პოემის მხატვრულ თავისებურებათა გარკვევისა, პოეტური მეტყველების სპეციფიკის განსაზღვრისა. დასასრულ, წინასწარ მადლობა უნდა მოვახსენოთ მკითხველს, რომელიც ამ წიგნს კეთილი განზრახვით აიღებს ხელში, ბოლომდე მოთმინებით წაიკითხავს და საკუთარი აზრის გამოთქმას არ დაიზარებს. ალბათ, ნაშრომი გარკვეული ნაკლისგან დაზღვეული არ იქნება, ამიტომ ავტორი ყურადღებით დაელოდება მკითხველის სიტყვას, ყველა საქმიან წინადადებას მადლიერების გრძნობით მიიღებს და შემდგომ მუშაობაში გაითვალისწინებს“, – ნათქვამია წინასიტყვაობაში.
მამუკა ჭანტურაია თსუ-ის მუზეუმის უფროსი სპეციალისტი და ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის მენეჯერია. ის წლების განმავლობაში იკვლევს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობას, არის არაერთი წიგნის რედაქტორი და რეცენზენტი.
წიგნი – „ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყარო“ – გამოსცა გამომცემლობა „უნივერსალმა“. მისი რედაქტორები არიან მარინე ნონიკაშვილი და როსტომ ჩხეიძე, ხოლო რეცენზენტი — თემურ ჯაგოდნიშვილი.