დგინდება, რომ საქართველოს არც ერთი პრეზიდენტის ოფიციალურ გამოსვლასა და მიმართვაში არ არის ერის გაგება მხოლოდ ერთი კუთხით წარმოჩენილი და ის უფრო ეთნიკური და სამოქალაქო გაგების გარკვეულ ნაზავს წარმოადგენს!
მეცნიერულად არ დასტურდება, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის ეპოქა მკაცრი ეთნონაციონალიზმით ხასიათდება!
ედუარდ შევარდნაძე მუდამ ხაზს უსვამდა საქართველოში ტოლერანტიზმის ტრადიციებს და ეთნიკურ შემწყნარებლობას!
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყველაზე მეტი სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტი იქნა მიღებული და პოლიტიკა გატარებული ერის სამოქალაქო დისკურსის დასამკვიდრებლად და ეთნიკურ უმცირესობათა შედგომი ინტეგრაციისთვის.
მსგავსი ტენდეცნიები შეინიშნება გიორგი მარგველაშვილის და სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობაშიც. ორივე მათგანი ყველა მათ გამოსვლასა და ინტერვიუში ხაზს უსვამენ როგორც ეთნიკური ქართველების, ისე უმცირესობების თანასწორ სამოქალაქო როლს სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში.
ესაა ის ძირითადი მიგნებები, რომელიც იკითხება თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორების სალომე დუნდუას, თამარ ქარაიას და ზვიად აბაშიძის ნაშრომში: „ეროვნული საკითხის დისკურსი პოსტ-საბჭოთა საქართველოში საქართველოს პრეზიდენტების ოფიციალური გამოსვლების მაგალითზე“.
ნაშრომი დაიწერა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების განვითარების საფაკულტეტო გრანტის საფუძველზე. კვლევის შედეგებსა და ნაშრომის სამეცნიერო ღირებულებაზე გვსაუბრება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი ზვიად აბაშიძე:
– ნაშრომის მიზანია წარმოსახოს ერისა და ეროვნული საკითხის დისკურსის განვითარება საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. კვლევის ობიექტად შეირჩა საქართველოს პრეზიდენტების ოფიციალური გამოსვლები, ინტერვიუები და სიტყვები, სადაც კი ისინი მოცემულ საკითხს ეხებიან. ჩვენი აზრით, პრეზიდენტების ოფიციალური სიტყვები და ზეპირი მოხსენებები ყველაზე უფრო ნათლად ასახავს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ამ თვალსაზრისით.
კვლევამ აჩვენა, რომ საკმაოდ გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის ეპოქა მკაცრი ეთნონაციონალიზმით ხასიათდება, რომელმაც დიდწილად შეუწყო ხელი საქართველოში ეთნიკურ გაუცხოებას და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების გაღვივებას. ხშირად მას მიაწერენ დევიზს: „საქართველო ქართველებისთვის“, თუმცა, განხორციელებული კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ წარმოდგენილი მოსაზრება მცდარია და არ ეყრდნობა რაიმე ფაქტობრივ მტკიცებულებას. გამსახურდიას არც ერთ ოფიციალურ გამოსვლასა თუ ინტერვიუში საქართველო არ არის მოხსენიებული ექსკლუზიურად ეთნიკურ ქართველთა სამშობლოდ, სადაც ეთნიკური უმცირესობები მეორეხარისხოვან როლს უნდა თამაშობდნენ. გამსახურდიას პერიოდი – ეს პოსტ-კომუნისტური რეფორმების მხოლოდ საწყისი იყო, რომელსაც უნდა დაეძლია საბჭოთა მემკვიდრეობა. სსრკ-ს ერთ-ერთი უმთავრესი მემკვიდრეობა კი „ერის“ მკაცრად ეთნიკური გაგება გახლდათ, რომელიც „ეროვნებას“ და „მოქალაქეობას“ მკვეთრად მიჯნავდა ერთმანეთისგან. გამსახურდიას დროს იწყება ამ ფენომენის ტრანსფორმაციის პროცესი. ეს იქედან ჩანს, რომ ეთნიკურ ქართველებთან ერთად ეთნიკური არაქართველებიც მიიღებდნენ საქართველოს მოქალაქეობას, რაც მაშინდელი პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი დეკლარაციით დასტურდება. პროცესი სახელმწიფო გადატრიალებამ შეაჩერა.
შევარდნაძის მმართველობას მოუხდა ახალი ძალით დაეწყო სსრკ-დან გადმოყოლილი ეროვნული საკითხის ტრანსფორმირება, რაც პასპორტებიდან „ეროვნული“ გრაფის ამოღებით და მხოლოდ „მოქალაქეობის“ დატოვებით დასრულდა. რაიმე სხვა ხელშესახები პოლიტიკა მის დროს არ განხორციელებულა ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციისთვის, თუმცა ფორმალურ დონეზე არც მათი შემავიწროვებელი რაიმე დისკურსი განვითარებულა, პირიქით, იგი მუდამ ხაზს უსვამდა საქართველოში ტოლერანტიზმის ტრადიციებს და ეთნიკურ შემწყნარებლობას.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყველაზე მეტი სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტი იქნა მიღებული და პოლიტიკა გატარებული ერის სამოქალაქო დისკურსის დასამკვიდრებლად და ეთნიკურ უმცირესობათა შედგომი ინტეგრაციისთვის. რამდენიმე მათგანი წარმატებით დაინერგა (მაგ. 1+4 უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების სისტემა უმცირესობებისთვის), თუმცა პრობლემათა მნიშვნელოვანი ნაწილი გადაუჭრელი დარჩა. სააკაშვილისეული დისკურსიც ერთგვარი ნაზავია ერის სამოქალაქო და ეთნიკური გაგებებისა (მაგ: ერთი მხრივ, ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავთან, ახალი სახელმწიფო, ქრისტიანული სიმბოლიკით დატვირთული დროშის და გერბის მიღება და, მეორე მხრივ, ტოლერანტობის და უმცირესობათა ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის მიღება და კიდევ სხვა მრავალი).
მსგავსი ტენდეცნიები შეინიშნება გიორგი მარგველაშვილის და სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობაშიც. ორივე მათგანი ყველა მათ გამოსვლასა და ინტერვიუში ხაზს უსვამენ როგორც ეთნიკური ქართველების, ისე უმცირესობების თანასწორ სამოქალაქო როლს სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში, აქვე მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ ეთნიკური ქართველების როლსაც საქართველოს ისტორიაში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ, მმართველობის სისტემის ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტოზე გადასვლის გამო, ბოლო ორი პრეზიდენტის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე მეტად შესუსტებულია და მათი ფორმალური გამოსვლები და დისკურსი შედარებით მეორეხარისხოვანი გახდა, მათი ადგილი პრემიერ-მინისტრებმა დაიკავეს.
კვლევის შედეგად დგინდება, რომ საქართველოს არც ერთი პრეზიდენტის ოფიციალურ გამოსვლასა და მიმართვაში არ არის ერის გაგება მხოლოდ ერთი კუთხით წარმოჩენილი. ის უფრო ეთნიკური და სამოქალაქო გაგების გარკვეულ ნაზავს წარმოადგენს და ვითარებისდა მიხედვით იცვლება. მიგვაჩნია, რომ ეს, ერთი მხრივ, გარკვეული ხარკია მოსახლეობაში გავრცელებული ერის ეთნო შეხედულებებისადმი და, მეორე მხრივ, მცდელობა – ერი უფრო სამოქალაქო ერთობის გაგებად ჩამოყალიბდეს, რათა დაშორდეს საბჭოთა ტრადიციას და ხელი შეეწყოს დასავლური ტიპის ერი-სახელმწიფოს მშენებლობას საქართველოში.
მოამზადა მაია ტორაძემ