ცნობილ ქართველ მეცნიერსა და პედაგოგს გედევან ხელაიას წელს დაბადებიდან 95 და სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობიდან 70 წელი უსრულდება. მისი დამსახურებების შესახებ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წინაშე ბევრმა იცის. ის 40 წლის განმავლობაში წვრთნიდა ახალგაზრდობას და უკვალავდა გზას ამ ურთულეს პროფესიაში. მიუხედავად იმისა, რომ 1989 წლიდან იგი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ედგა სათავეში, მშობლიური ფაკულტეტი და კათედრა არასოდეს მიუტოვებია – ბოლომდე თავგანწირულ უნივერსიტეტელად დარჩა. ერთგულება, საქმისა და ქვეყნისადმი სიყვარული კი არასოდეს ესწავლებოდა – ეს თვისებები დიდი წინაპრისგან – ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შეწირული კათოლიკოს-პატრიარქის – ამბროსი ხელაიასგან გადმოეცა და ღირსეულად ატარა ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში.
გედევან ხელაია 1927 წლის 5 აგვისტოს ქალაქ ფოთში დაიბადა. 1944 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. მეგობრები და კოლეგები მის სამეცნიერო მოღვაწეობამდე სტუდენტობის პერიოდსაც გამოყოფენ ხოლმე, რადგან ბატონი გედევანი გამოირჩეოდა შემოქმედებითი და სპორტული წარმატებებით – როგორც კალათბურთელი, დიდხანს იცავდა უნივერსიტეტის ღირსებას.
უნივერსიტეტში მისი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი ეკონომისტ-მეცნიერები: ფილიპე გოგიჩაიშვილი, გიორგი გეხტმანი, ნიკოლოზ ქოიავა, პაატა გუგუშვილი, ვასილ ჩანტლაძე, ირაკლი მიქელაძე, არჩილ გოკიელი, გიორგი გამყრელიძე და სხვები. სწორედ მათი გავლენით შეუდგა ეკონომიკური მეცნიერების საინტერესო გზას.
უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გედევან ხელაია დატოვეს ლაბორანტად ფინანსებისა და კრედიტის კათედრაზე, სადაც მალე გახდა კათედრის ასისტენტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი.
1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და ერთი წლის შემდეგ კათედრის დოცენტის წოდება მიენიჭა. 1981 წელს კი მის სადოქტორო ნაშრომს მაღალი შეფასება მიეცა მეცნიერთა მხრიდან. მალე ბატონი გედევანი გახდა პროფესორი და იმ კათედრის გამგე, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგა.
გედევან ხელაიას კოლეგები განსაკუთრებულ დამსახურებად უთვლიან მოღვაწეობას საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი დიდმნიშვნელოვანი სფეროს — ფულის მიმოქცევის, კრედიტისა და ფინანსების კვლევის მიმართულებით. „აღსანიშნავია მისი წვლილი საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ძირეული საკითხების კვლევაში, თანამედროვე საფინანსო და ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა რიგი პრობლემის გადაწყვეტაში. მისმა შრომებმა მრავალ აქტუალურ საკითხს მოჰფინა ნათელი და მაღალი შეფასება დაიმსახურა. გედევან ხელაიას გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია და უმაღლესი სკოლის რამდენიმე სახელმძღვანელო. მონოგრაფიებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „საბინაო მშენებლობის დაფინანსება-დაკრედიტების პრობლემები საქართველოში“; „ფულის მიმოქცევისა და კრედიტის ზოგიერთი აქტუალური საკითხი“; „კრედიტის როლი საქართველოს სოფლის მეურნეობაში;“ „ფული, ბანკები, ბირჟები; „საერთაშორისო სავალუტო, საკრედიტო და საანგარიშსწორებო ურთიერთობები“, – წერენ ისინი გედეონ ხელაიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილ წერილში.
1989 წლიდან პროფესორი გედევან ხელაია სათავეში ჩაუდგა გორის ეკონომიკის ინსტიტუტს. მისი რექტორობის პერიოდში აქ ზედიზედ გაიხსნა ახალი ეკონომიკური სპეციალობები, შეიქმნა ახალი ფაკულტეტები, კათედრები, განახლდა კაბინეტ-ლაბორატორიები, გაძლიერდა სამეცნიერო კვლევითი მუშაობა. ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, გორის ეკონომიკური ინსტიტუტი სახელმწიფო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა, რაშიც რექტორის განუზომელი წვლილი იყო.
გედევან ხელაია მუდმივად დაუღალავად მუშაობდა სტუდენტებთან. მისი ხელმძღვანელობით არაერთმა პროფესიონალმა გაიკვალა გზა. მას არასოდეს დაუტოვებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მშობლიური კათედრა – ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა დრეზდენში, ბერლინში, მეხიკოში, ბუდაპეშტში და სხვაგან. დარგისა და უმაღლესი განათლების წინაშე დამსახურებებისთვის იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ხოლო დაბადებიდან 90 წლისთავზე თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
რა არის მისი ხანგრძლივი და ღირებული სიცოცხლის საფუძველი? „სიცოცხლის გონივრული სიყვარული, რომელიც მკაცრ ზომიერებას ემყარება. ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის ჰარმონიული შეხამება, დღის რეჟიმის სისტემატური დაცვა. თავისუფალი ვარ ბოროტებისგან, შურისა და ორპირობისგან. ყველასთვის კეთილი და კარგი მსურს. გულით მახარებს კოლეგებისა და ახალგაზრდების წარმატებები და მზად ვარ, დახმარების ხელი გავუწოდო ყველას, ვისაც კი ესაჭიროება. ჩემთვის ყველაზე მთავარი სამშობლოს, მრავალჭირნახული საქართველოს ბედ-იღბალია. ჩემი ლხინი და გაჭირვება მისი ჭირითა და გაჭირვებითაა განპირობებული. კაცმა რომ თქვას, არც მდომებია და არც მინდა სამშობლოზე უკეთ ვიცხოვრო!“, – უთხრა გედევან ხელაიამ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ დაბადებიდან 90 წლის იუბილეზე და ამ სიტყვებში არცერთი არაა ლიტონი – ასე იცხოვრა და ცხოვრობს დღესაც ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის თავდადებული ადამიანი.
მაია ტორაძე