ნატო ობოლაძე
ქართულ სამეცნიერო სივრცეში პირველი სამეცნიერო კრებული — „ადამიანის უფლებათა დაცვა და კოვიდ-19-ის პანდემია“ — გამოქვეყნდა, სადაც კომპლექსურად არის გაანალიზებული პანდემიის დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი აღსრულების პროცესი ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში. სამეცნიერო კრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ USAID-PROLOG-ის მხარდაჭერით და თსუ-ის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორის კონსტანტინე კორკელიას რედაქტორობით გამოიცა. კვლევები პრაქტიკოსი და მკვლევარი სამართლმცოდნეების მიერ განხორციელდა.
დაინტერესებულ მკითხველს სტატიების გაცნობა ბმულზე — https://bit.ly/3iyGM4l — შეუძლია. კრებულის მნიშვნელობის, კვლევისას გამოვლენილ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისა და ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ პროფესორი კონსტანტინე კორკელია გვესაუბრა.
— სამეცნიერო კრებული — „ადამიანის უფლებათა დაცვა და კოვიდ-19-ის პანდემია“ ქართულ სამეცნიერო სივრცეში პირველი ნაშრომია, რომელიც კომპლექსურად აანალიზებს პანდემიის პერიოდში შექმნილ სამართლებრივ ვითარებას. კონკრეტულად რა მიმართულებებია სტატიათა კრებულში განხილული და პანდემიის რა მონაკვეთს მოიცავს კვლევა?
— პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ კრებულით დაინტერესებისათვის. ამ კრებულის მომზადების იდეა ბუნებრივად გაჩნდა მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო აღმოჩნდა უპრეცედენტო გამოწვევის — კოვიდ-19-ის პანდემიის — წინაშე. პანდემიამ აიძულა მრავალი ქვეყანა, გაეტარებინა არაერთი ღონისძიება, რათა გამკლავებოდა უდიდეს კრიზისს, რომელმაც გავლენა მოახდინა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემაზე, ეკონომიკაზე, ტურიზმზე, შრომის ბაზარზე და არაერთ სხვა სფეროზე. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არც ერთი ქვეყანა, რაც არ უნდა ძლიერი და გამართული სამედიცინო სისტემის მქონე ქვეყანა ყოფილიყო, არ აღმოჩნდა მზად კრიზისთან საბრძოლველად. არც საქართველოს ჰქონდა ამ მასშტაბის კრიზისის გამკლავების გამოცდილება. კრიზისმა განაპირობა ის, რომ სახელმწიფოებმა დააწესეს ადამიანის უფლებათა არაერთი შეზღუდვა, რათა მეტი სამართლებრივი საშუალება ჰქონოდათ ამ გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად.
პანდემიის პერიოდში, რომელიც, სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება, საქართველომაც დააწესა ადამიანის უფლებათა შეზღუდვები. ამიტომ, გადაწყდა, რომ კრებულში შეგვეფასებინა საქართველოში დაწესებული შეზღუდვები როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ჩვენი მიზანი იყო, გაგვეანალიზებინა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, შეგვეფასებინა დაწესებული შეზღუდვების ლეგიტიმურობა და პროპორციულობა, გაგვეზიარებინა სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და, საბოლოო ჯამში, ხელი შეგვეწყო იმისათვის, რომ საქართველოში უკეთესად ყოფილიყო დაცული ადამიანის უფლებები კრიზისულ ვითარებაში.
ამიტომ, კრებულის თემით დაინტერესებულ პირებს — როგორც მეცნიერებს, ისე პრაქტიკოსებს — შევთავაზეთ, საკუთარი მოსაზრებების გაზიარება და სასიამოვნოა, რომ ამ იდეას დიდი დაინტერესება მოჰყვა ავტორების მხრიდან. კრებული მოიცავს პრაქტიკულად ყველა თემას, რომელიც აქტუალური იყო პანდემიის დროს და ჯერ კიდევ აქტუალურად რჩება. ეს თემებია: დაწესებული შეზღუდვების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, პამდემიის გავლენა სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, არჩევნები პანდემიის დროს, საკანონმდებლო კომპეტენციის დელეგირება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, ფიზიკური თავისუფლების დაცვა, მიმოსვლის თავისუფლება და საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციული მოწესრიგება. კრებული მოიცავს პანდემიის დაწყებიდან დღემდე არსებულ მდგომარეობას.
ეს კრებული, ცხადია, არ არის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ეგიდით გამოცემული ერთადერთი პუბლიკაცია. ინსტიტუტი ყოველწლიურად, უკვე მე-15 წელია აქვეყნებს მსგავს კრებულებს და ცდილობს ფეხი აუწყოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აკადემიური კუთხით პასუხი გასცეს ადამიანის უფლებათა სფეროში წამოჭრილ კითხვებს თუ გამოწვევებს.
— რამდენად კონსტიტუციური იყო ადამიანის უფლებების შეზღუდვა საქართველოში პანდემიის პერიოდში და რა მიმართულებებით გამოიკვეთა ხარვეზები?
— რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებათა შეზღუდვის უფლება. ადამიანის უფლებათა შეზღუდვის უფლება სახელმწიფოს ჩვეულებრივ (ორდინალურ) სიტუაციაშიც აქვს, თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი იყოს.
მხოლოდ რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა როგორც კარანტინი, ისე კომენდანტის საათი. საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ჩაიკეტა რამდენიმე ქალაქი და მუნიციპალიტეტი. საგანგებო მდგომარეობის დროს, ასევე, გამოცხადდა კომენდანტის საათი, რომელიც დღესაც კი მოქმედებს. არადა საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 21 მარტს, როდესაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, სატელევიზიო მიმართვისას მკაფიოდ აღნიშნა, რომ „დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი, არც კომენდანტის საათის გამოცხადება.“
აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები, როგორებიცაა სრული კარანტინისა და კომენდანტის საათის გამოცხადება, ბადებს კითხვის ნიშნებს, რადგან ეს ღონისძიებები და საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის განცხადება შეუთავსებელია ერთმანეთთან.
დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნების/უცხო ქვეყნებში მუდმივად მცხოვრები პირების მიმართ დაწესებული მოპყრობა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოები, როგორც წესი, დისკრიმინაციულ წესებს ადგენენ უცხოელების მიმართ, ჩვენ შემთხვევაში პირიქით მოხდა. ევროკავშირის 5 ქვეყნიდან შემოსული პირები არ ექვემდებარებოდნენ კარანტინს, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმავე ქვეყნებიდან შემოდიოდნენ, ექვემდებარებოდნენ კარანტინს.
ასევე, გამოვყოფდი კიდევ ერთ პრობლემულ საკითხს, რაც გამოიკვეთა პანდემიის პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა შეზღუდვების მიზეზების შესახებ და დაასაბუთოს დაწესებული შეზღუდვები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ადამიანის უფლებათა შეზღუდვების შემოღების კონკრეტული მიზეზები და შეზღუდვების დასაბუთება. შესაბამისი ღონისძიებების მიზეზების შესახებ ინფორმაციის გარეშე დაწესებული შეზღუდვების პროპორციულობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, გამოიწვიოს საზოგადოების უნდობლობა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ და მოახდინოს უარყოფითი გავლენა დაწესებული შეზღუდვების შესრულებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ბევრი გააკეთა დაწესებული შეზღუდვების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისათვის, მათ შორის, მიმოსვლის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, განათლების უფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შესახებ, გარკვეული შეზღუდვების შემოღების მიზეზები და მათი დასაბუთება არ იყო ნათელი.
საზოგადოების მობილობის შემცირების საჭიროება და სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა, რომელსაც მთავრობა იშველიებდა ადამიანის უფლებათა შეზღუდვითი ღონისძიებების დასაბუთებისათვის, მეტისმეტად ზოგადია. ასეთი ზოგადი ფორმულირებებით ვერ დასაბუთდება ადამიანის უფლებათა ნებისმიერი შეზღუდვითი ღონისძიების გატარების საჭიროება. მთავრობამ უნდა დაასაბუთოს გასატარებელი თითოეული შეზღუდვითი ღონისძიება. ასეთი დასაბუთება უნდა მოიცავდეს შეზღუდვითი ღონისძიების პროპორციულობას, კერძოდ, საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეზღუდვითი ღონისძიებები არის კონკრეტულ სიტუაციაში შესაფერისი ნაბიჯი და რომ სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიება, შექმნილ ვითარებაში, არასაკმარისია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად კორონავირუსის საფრთხისაგან.
თვალსაჩინოებისათვის შეიძლება საჯარო და პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე შეზღუდვის დაწესების საჭიროების მაგალითის მოშველიება. მიუხედავად ამ საკითხის მნიშვნელობისა, არ ყოფილა დასაბუთებული საჯარო და პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე შეზღუდვის დაწესების საჭიროება.
ამიტომ, რაც შეეხება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკას ადამიანის უფლებათა შეზღუდვების მიზეზებისა და დაწესებული შეზღუდვების დასაბუთების შესახებ, ის საჭიროებს შემდგომ გაუმჯობესებას.
— კოვიდპანდემიამ მსოფლიო დააყენა ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიც მანამდე არ ყოფილა. თქვენი შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში როგორ უმკლავდება საქართველო აღნიშნულ გამოწვევას ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით?
— პანდემია მართლაც უპრეცედენტო აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსათვის, მათ შორის, ევროპული ქვეყნებისათვის. ევროპულ ქვეყნებში არ არის ერთნაირი მდგომარეობა. ზოგიერთი ქვეყანა მეტი, ზოგიერთი კი ნაკლები წარმატებით უმკლავდება პანდემიას. იმ ქვეყნებშიც კი, რომელიც წარმატებით უმკლავდება კრიზისს, რისთვისაც ზღუდავს ადამიანის უფლებებს, დღემდე იმართება არაერთი დისკუსია როგორც საზოგადოებაში, ისე პროფესიულ წრეებში ამ თუ იმ შეზღუდვის პროპორციულობის შესახებ. ამის კარგი მაგალითია გერმანია, სადაც ასეთი შეზღუდვების პროპორციულობის განხილვაში ჩართულნი არიან როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება და ისინი ერთობლივად აანალიზებენ, მსჯელობენ, აფასებენ მდგომარეობას და აქედან გამომდინარე მართავენ სიტუაციას.
საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნების შედარების თვალსაზრისით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ევროპის საბჭოს 47 ქვეყნიდან მხოლოდ 10-მა ქვეყანამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მათ შორის, საქართველომ. სხვა სიტყვებით, ევროპული ქვეყნების უმრავლესობას საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია და ისინი ორდინარული (ჩვეულებრივი) სიტუაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე უმკლავდებოდნენ ამ კრიზისს. საკმარისი საფუძველია მტკიცებისათვის, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი იყო არა კორონავირუსის შიდა უკონტროლო გავრცელების საფრთხე და სამთავრობო რეკომენდაციების შესრულების დაბალი მაჩვენებელი, რის გამოც მან საჭიროდ ჩათვალა ადამიანის უფლებათა მეტი შეზღუდვის დაწესება, რათა გამკლავებოდა გამოწვევებს (2020 წლის მარტი), არამედ ქვეყანაში სათანადო სამართლებრივი ბაზის არარსებობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა სახელმწიფოს — დაეწესებინა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაფერისი ადამიანის უფლებათა შეზღუდვები. არც კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, არც კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ და არც სხვა საკანონმდებლო აქტი სრულყოფილად არ განსაზღვრავდა ადამიანის უფლებათა შეზღუდვის პირობებს გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შემთხვევაში. სათანადო სამართლებრივი ბაზის არარსებობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა სახელმწიფოს — დაეწესებინა საჭირო შეზღუდვები, თავს აგვარიდებდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვების დაწესებას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში.
— კრებულის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით გასცეს რეკომენდაციები — თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოს კანონმდებლობა და დაიხვეწოს პრაქტიკა პანდემიის პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. რა ძირითადი რეკომენდაციები გასცეს მკვლევრებმა?
— ავტორთა კვლევების შედეგად მრავალი რეკომენდაცია მომზადდა. მე მხოლოდ იმ ზოგად მიგნებაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც გავაკეთე ჩემს კვლევაში. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს გამოცდილებამ ცხადყო, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ იყო მზად, გაეცა სათანადო პასუხი ამ გამოწვევისათვის. მიუხედავად იმისა, რთული და, ალბათ, შეუძლებელიც კი იყო იმის განჭვრეტა, რომ პანდემიას შეეძლო გამოეწვია ამ მასშტაბის შეზღუდვები, საქართველოში შესაფერისი საკანონმდებლო ბაზის არსებობა პრაქტიკაში თავიდან აგვაცილებდა ისეთ პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება დაწესებული შეზღუდვების ლეგიტიმურობასა და პროპორციულობას. კანონმდებლობა არ ადგენდა სათანადო ღონისძიებებს, რომლებიც მთავრობას მიანიჭებს უფლებამოსილებას — გაუმკლავდეს საგანგებო მდგომარეობის დროს შექმნილ სხვადასხვა სიტუაციას, მათ შორის, პანდემიას. სახელმწიფომ რომ შეძლოს — დაადგინოს ბალანსი პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის საჭიროებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას შორის, მან უნდა შეიმუშაოს კანონმდებლობა, რომელიც მისცემს სახელმწიფოს საშუალებას, ეფექტიანად გაუმკლავდეს საგანგებო მდგომარეობით წარმოქმნილ საფრთხეებს. აქედან გამომდინარე, ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში მოხდეს როგორც საგანგებო მდგომარეობის, ისე ორდინარულ სიტუაციაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმა. ამ რეფორმის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული მრავალი საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ასეთ სიტუაციაში როგორც კრიზისის მართვის, ისე ადამიანის უფლებათა შეზღუდვების თვალსაზრისით.
— შესაძლებელია თუ არა მკვლევრებისა და პრაქტიკოსი იურისტებისა თუ საჯარო მოხელეების თანამშრომლობა კვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების პრაქტიკაში დასამკვიდრებლად?
— ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა და აკადემიურმა დაწესებულებებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას ეხება. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ განათლებული, პროფესიული ცოდნის მქონე თაობების აღზრდაა, არამედ ის, რომ დავეხმაროთ სახელმწიფოს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს. მეცნიერებამ ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფოსა და საზოგადოების კეთილდღეობას. თუ სახელმწიფოს არ აქვს ინტერესი მეცნიერული კვლევის მიმართ, გამოდის, რომ სახელმწიფოს არ აქვს ინტერესი საზოგადოების კეთილდღეობის მიმართ. მეცნიერება არ უნდა არსებობდეს საზოგადოებისაგან იზოლაციაში. ვფიქრობ, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მეცნიერებას პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ხელი შეუწყოს საზოგადოების კეთილდღეობას.
თითოეული გადაწყვეტილება, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, უნდა იყოს მეცნიერულად შესწავლილი და კარგად დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს მცდარი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე. მესმის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ისეთში, როგორიც პანდემიის დროს შეიქმნა, როდესაც საჭირო გარდა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, ყოველთვის იოლი არ არის მეცნიერული კვლევის ჩატარება, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს, მაგრამ ჩვეულებრივ სიტუაციაში მეცნიერული დასაბუთება არა მხოლოდ მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელიცაა. მიუხედავად ამისა, სურვილის შემთხვევაში, კრიზისულ ვითარებაშიც კი სახელმწიფომ შეიძლება მიიღოს მეცნიერული რჩევა. ამის კარგი მაგალითია თუნდაც პანდემია. პანდემიის დაწყებიდან მოკლე დროში, 2020 წლის მაის-ივნისში საქართველოს მთავრობამ გაეროსა და USAID-ის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მეცნიერულ ანალიზს. ამ ანალიზის შედეგად უნდა მომზადებულიყო რეკომენდაციები როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამ კვლევის თანაავტორობა მე მხვდა წილად. მეცნიერული აზრის გათვალისწინებისათვის მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ქ-ნ ნათია მეზვრიშვილსა და ქ-ნ ანა ბუჩუკურს, რომლებიც იმხანად მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ.