- როგორ პასუხობს იმუნური სისტემა ახალი ტიპის ვირუსს?
- დღეს მსოფლიოში შექმნილმა სიტუაციამ ერთობ გააფართოვა საზოგადოების ზოგადი ცოდნა ვირუსებისა და იმუნიტეტის შესახებ. რაც შეეხება იგივე საკითხების სპეციფიურ ცოდნას, ზუსტად ამის ძიებაშია დღეს კაცობრიობა. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სხვადასხვა დარგში დაგროვილი სამეცნიერო მიღწევები, ის თეორიული თუ პრაქტიკული მტკიცებულებები, რაც კონკრეტულად ვირუსოლოგიასა და იმუნოლოგიაში ასე ჭარბადაა წარმოდგენილი, არ აღმოჩნდა საკმარისი მიკროსამყაროს ახალ გლობალურ შემოტევასთან გასამკლავებლად. ინფექციების მიმართ იმუნური პასუხის შესახებ დაგროვილი თეორიული ცოდნა, დიდწილად, უკვე გადატანილია პრაქტიკულ მედიცინაში. ამის საუკეთესო დასტურია ვაქცინაციის მიღწევები, რამაც კაცობრიობა არაერთხელ დაიცვა სხვადასხვა გადამდები დაავადებებისგან. დღესაც ახალი ვაქცინის მოლოდინშია მსოფლიო.
მანამდე კი თითოეული ჩვენგანი ჩვენი იმუნური სისტემის იმედად ვართ, რომელიც ფხიზლად დგას ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე და მისი არსენალი გადანაწილებულია სხვადასხვა საგუშაგოებზე. ჩვენი ორგანიზმის პირველი დაცვის ხაზი — კანი და ლორწოვანი გარსები (ფიზიკურ-ქიმიური ბარიერი), იმუნური სისტემის ცენტრალური და პერიფერიული ორგანოები, ქსოვილები, უჯრედები კოორდინირებულად მოქმედებენ; ქმნიან და აძლიერებენ ორგანიზმის თავდაცვის უნარს. მათი ფუნქციაა ზუსტად შეიცნონ შემოჭრილი მტერი — ახალი ვირუსი, შეისწავლონ და გამოიმუშაონ მასთან საბრძოლველი, ზუსტად მორგებული, მაღალსპეციფიური იარაღი — უჯრედებისა და ცილების სახით; ასევე, შეინახონ ცოდნა ამ ვირუსის შესახებ, რათა განმეორებითი შემოჭრის შემთხვევაში ადვილად შეძლონ გამკლავება და მომზადებული, დაცული დაახვედრონ ორგანიზმი. იმუნური სისტემის მიერ შექმნილი თავდაცვის ერთ-ერთი მზა იარაღია ვირუსის ცალკეული კომპონენტების საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულები, რომელიც რჩება ორგანიზმში და მათი არსებობა მიგვანიშნებს გადატანილ ინფექციაზე. იმის შესახებ, თუ რა ინტენსივობით და ხანგრძლივობით ინარჩუნებს ორგანიზმი ანტივირუსულ იმუნიტეტს „COVID-19“-ის შემთხვევაში, ჯერ სარწმუნო კვლევები არ გვაქვს. ადამიანებში აღწერილი რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევა არ დასტურდება ექსპერიმენტულ ცხოველებზე (მაიმუნებზე) ჩატარებული კვლევებით.
როგორც მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში კორონავირუსის ორი ეპიდემიაა აღწერილი 2002 და 2012 წლებში (სამხრეთ ჩინეთსა და საუდის არაბეთში), სადაც გამოჯანმრთელების მაჩვენებელი არ იყო მაღალი და გადადებაც დაბალი იყო, არცერთ შემთხვევაში დაავადების გავრცელებას პანდემიის სახე არ მიუღია. 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში (ქ.უჰანი) გამოვლენილი „COVID-19“ არის ადამიანის ახალი კორონავირუსული ინფექცია, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, დღეს ჯერ ბევრი რამ კიდევ არ ვიცით. 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადების გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.
იმედია, ძალიან ჩქარა იმუნური სისტემის გამარჯვებით დასრულდება ახალ კორონავირუსთან ბრძოლაც და შეჯამებულ ეპიდმაჩვენებლებს დაესმება წერტილი მსოფლიო მასშტაბით. და რაც მთავარია, გამოჯანმრთელების მაჩვენებლის მიხედვით, სტატისტიკა მკვეთრად დადებითი იქნება მდგრადი ანტივირუსული იმუნიტეტის ჩამოყალიბებით.
- რა შემთხვევების და დაავადებების დროს ქვეითდება იმუნიტეტი? ან კი როგორ გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი? — საინტერესოა თქვენი რეკომენდაციები...
- იმუნური სისტემა საკმაოდ მგრძნობიარეა და მისი მაჩვენებლები რეაგირებენ როგორც გარეგან, ასევე შინაგან ზემოქმედებაზე. ის ინტეგრალურ რეგულაციაშია ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებთან. იმუნური სისტემის არასრულფასოვან ფუნქციონირებას იმუნოდეფიციტს უწოდებენ. ის გამოწვეულია იმუნური სისტემის რომელიმე კომპონენტის ან მისი პროდუქტის დეფექტით. მიზეზი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი, რაც, უმეტესად, გენეტიკურ დარღვევებთან ასოცირდება და, სამწუხაროდ, ადრეულ ასაკშივე მაღალი ლეტალობით ხასიათდება. ასევე, აღწერილია შეძენილი, ანუ მეორადი იმუნოდეფიციტები, რაც გამოწვეულია სიცოცხლის განმავლობაში დაბადების შემდგომი დარღვევებით და სხვადასხვა დაავადებების განვითარების მიზეზი ხდება. ყველაზე ხშირია იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, რომლის გარდამავალი ხასიათი, ძირითადად, ნორმისკენაა შექცევადი.
იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს ორგანიზმისთვის არასასურველი ზემოქმედებები: სტრესი, არასრულფასოვანი კვება, ქიმიო და სხივური თერაპია, ხანდაზმულობა, გადატანილი ინფექციები და სხვ. წელიწადის დროთა მონაცვლეობა ასევე გავლენას ახდენს ორგანიზმის რესურსულ მარაგზე. გაზაფხული ცოცხალი ბუნებისთვის ერთგვარი გამოღვიძების პერიოდია და ადამიანის ორგანიზმიც ყველა საჭირო ძალის მობილიზაციას ახდენს. იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვების სახით ორგანიზმისთვის მთავარი საშენი მასალის — ცილოვანი პროდუქტების, მიკროელემენტებისა და ვიტამინების მიწოდება; ასევე, ფიზიკური გამაჯანსაღებელი ვარჯიშის სისტემატურად შესრულება. იმუნოდეფიციტის მიზეზი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი სახის სტრესი, ემოციური თუ ფიზიკური გადაღლა, რაც დამცავი სისტემის დასუსტებას და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.
წლევანდელი წლის აკადემიურ წლად გამოცხადების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს
- ბევრ სტუდენტს აინტერესებს, ხომ არ გამოცხადდება წლევანდელი წელი აკადემიურ წლად და რა იქნება თქვენი, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, განმარტება ამასთან დაკავშირებით?
- ქვეყნის მთავარი საზრუნავი, მოგეხსენებათ, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაა. შესაბამისად, განათლების სისტემამ მხარი დაუჭირა ერთიან პოლიტიკას და შეაჩერა სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობა, რითაც უზრუნველვყავით მოსახლეობის ნაწილის იზოლაციის შესაძლებლობა და, შესაბამისად, გაძლიერდა ინფიცირების პრევენცია. განათლების სისტემას მუშაობა არ შეუჩერებია, სწავლების პროცესი გადავიდა ალტერნატიულ რეჟიმში. დისტანციური სწავლება და მასთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეები ერთიანი გამოწვევაა გლობალურად განათლების სისტემისთვის. ეს ნათლად ჩანს წამყვანი ქვეყნების მაგალითებზეც. ჩენი მხრიდან ყოველდღიურად ხდება სწავლის ხარისხზე ზრუნვა, ჩვენ პროცესების გამართულობაზე ვმუშაობთ და, შესაბამისად, დღეს ჩვენს ქვეყანაში სასწავლო წლის აკადემიურ წლად გამოცხადების არა თუ აუცილებლობა, საჭიროებაც არ დგას ამ ეტაპზე.
- რა ინფორმაცია გაქვთ — როგორ მიდის დისტანციური სწავლა/სწავლების პროცესი?
- დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის აუცილებლობა მყისიერად დადგა საგანმანათლებლო სივრცის წინაშე, რაც, ბუნებრივია, სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა განათლების სისტემის ყველა საფეხურისათვის. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, ინფორმირებულია სასწავლო პროცესის გამართულობისთვის აუცილებელი საჭიროებების შესახებ და აწვდის მათ შესაბამის რეკომენდაციებს. მიუხედავად მცირე პერიოდისა, რაც ახალ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და საქმიანობა, ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური მუშაობა ჩატარდა დისტანციური სწავლების გასამართად. დღეის მდგომარეობით, უკვე შეგვიძლია, გარკვეულწილად, შეჯამებული სურათი გაგიზიაროთ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობამ მნიშვნელოვნად მოკლე დროში წარმატებით გაართვა თავი დისტანციური კომუნიკაციის მოწესრიგებას, შერჩეული პლატფორმების გამართულად ამუშავებას. რაც შეეხება სწავლა/სწავლებას, მოგეხსენებათ, ეს პროცესი მხოლოდ მასალის მიწოდებას არ გულისხმობს და, შესაბამისად, ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ერთად, რათა შეფასების ნაწილში გარკვეული ერთიანი მიდგომა იყოს შემუშავებული, სტუდენტისგან უკუკავშირი იყოს გაძლიერებული და პროცესი გახდეს კიდევ უფრო ინტერაქტიული.
გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ რეალურ დროში გვიწევს ამ პროცესების დალაგება, მართვა, მონიტორინგი და, შესაბამისად, ყველა მონაწილე რგოლი ვითავისებთ — თუ რა სირთულეების წინაშე დგას სისტემა და გაგებით ვეკიდებით არსებულ მოცემულობას, ასევე, პარალელურად, ვმუშაობთ ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის და დანერგვის პროცესი არის სოლიდარული, მხარდაჭერილია როგორც პიროვნულ დონეზე — სტუდენტებისა და ლექტორების მხრიდან, ასევე ინსტიტუციურ დონეზე — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. გვაქვს, აგრეთვე, ინსტიტუციათაშორისი თანამშრომლობის არაერთი მაგალითი უნივერსიტეტებს შორის ტექნიკური გამართულობის მხარდაჭერის კუთხით.
- უმაღლესში ჩაბარების მსურველი აბიტურიენტებისთვის როგორ ჩატარდება გამოცდები და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ აბიტურიენტებს? ხომ არ გაუქმდება გამოცდები და რამდენად ექნებათ მიღება უმაღლეს სასწავლებლებს ახალი სემესტრიდან (სექტემბრიდან)?
- გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები გეგმიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. როგორც მოგეხსენებათ, გახანგრძლივდა გამოცდებზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადები 30 აპრილის ჩათვლით და ეს ეხება როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ასევე, საერთო სამაგისტრო გამოცდებს და სტუდენტთა საგრანტო კონკურსს. რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება არ აისახება გამოცდების ჩატარების თარიღზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ზაფხულისთვის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გლობალურად გაუმჯობესებული იქნება და მომავალი სასწავლო წლის მისაღები გამოცდები დაგეგმილ ვადებში ჩატარდება.
დასასრულს ვიტყვი, რომ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ხარისხიანი განათლებისა და სამეცნიერო მიღწევებზე დაფუძნებული ცოდნის საჭიროება და მისი მნიშვნელობა კაცობრიობის ხვალინდელი დღისთვის.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმხნევეს და, რაც მთავარია, მდგრად იმუნიტეტს!
ესაუბრა ნინო კაკულია