მაია ტორაძე
მარტის დასაწყისში ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების მონაწილეობით საინტერესო დისკუსია გამართა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის“. დისკუსია შეეხებოდა რუსეთის ურთიერთობას საქართველოსა და უკრაინასთან. დისკუსიაში გერმანიის, ჩეხეთის, უნგრეთის, ბელარუსის, პოლონეთის მოხალისეებთან ერთად, საინტერესო აქცენტები დასვა თსუ-ის მაგისტრანტმა ჯივან მკრტიჩიანმა, რომელიც 16 მარტს ამავე აუდიტორიას წარუდგენს მოხსენებას: „სომხების ინტეგრაცია საქართველოში (საკუთარი გამოცდილების საფუძველზე)“.
ჯივან მკრტიჩიანი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტია. წარმატებული აკადემიური მოსწრების პარალელურად, აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა აქტივობაში და მიიჩნევს, რომ არაქართულენოვანი ახალგაზრდებისთვის ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია დემოკრატიულ პროცესებში მათი სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით.
„ვფიქრობ, რომ თანასწორობა და ერთიანობა არის ქვეყნის განვითარების საფუძველი. ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდით დგომა და დახმარება, ურთიერთპატივისცემა და ტოლერანტობა. მე ღრმად მწამს, რომ კარგად სწავლა ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, ადამიანის საქციელი და დამოკიდებულება გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება ერთიანობა, ხოლო ამ ერთიანობას მივაღწევთ მხოლოდ განათლებული საზოგადოების, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებისა და ტოლერანტული საქციელის შედეგად. ამ ეტაპზე, ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის დამსახურებად, ამ აზრის გავრცელება და დამკვიდრება მიმაჩნია“, – ამბობს იგი.
„ზოგადად აქტიური ადამიანი ვარ. სკოლის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩავაბარე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ჩავირიცხე თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე. თავიდანვე თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომ სომხურენოვანი სკოლის დამთავრების შემდეგ შევძლებდი ერთიანი ეროვნული გამოცდებით თსუ-ში ჩაბარებას, თუმცა, ძალიან დიდი მონდომებისა და შრომის შედეგად მივაღწიე წარმატებას. შეიძლება ეს სხვა ადამიანისთვის იმდენად დიდი წარმატება არ იყოს, თუმცა ჩემთვის, როგორც ეროვნული უმცირესობის წევრისთვის, ეს ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევა იყო, რადგან ქართული ენა ჩემთვის მეორე ენაა და ამ ენაზე სასწავლო პროგრამის დაძლევა და შემდეგ უნივერსიტეტში სწავლა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. უნივერსიტეტში სწავლის დაწყებიდანვე ვიგრძენი სირთულეების ახალი ტალღა — სასწავლო მასალა გვქონდა ძალიან ბევრი, თითო ლექციაზე 80-150 გვერდი, რაც ჩემთვის თავიდან წარმოუდგენელი იყო. ამასთანავე, არავის ვიცნობდი, არც ქართულს არ ვფლობდი კარგად, ვერ ვიგებდი ლექციებს, წაკითხვისას ტექსტის 60% უცხო იყო, რთული აღმოჩნდა ჩემთვის იურიდიული ტერმინოლოგიაც, თუმცა, ჩემი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა გამომადგა. თავიდან ქართველი სტუდენტები სხვა თვალით მიყურებდნენ, იცინოდნენ, როცა ქართულად ვლაპარაკობდი. მაგრამ ეს ყველაფერი არ მაშინებდა, პირიქით, სტიმულს მაძლევდა, რომ უკეთესი და ძლიერი ვყოფილიყავი. საბედნიეროდ, ასეც მოხდა. სულ რაღაც ორ თვეში, ძალიან დიდი შრომისა და უძილო ღამეების შედეგად, არა მარტო გავხდი ფაკულტეტის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი, არამედ უკვე სხვებსაც ვეხმარებოდი“, – გვიამბობს იგი.
ის უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პირველივე დღიდან გაწევრიანდა სტუდენტურ თვითმმართველობაში. იყო თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის განათლების დეპარტამენტის წევრი; 2019 წელს გახდა თსუ-ის საუკეთესო დესპანი; მონაწილოებდა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში ადმინისტრაციული სამართლის, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის მიმართულებებით, წარადგინა 12 მოხსენება და თითქმის ყველა კონფერენციაზე მოიპოვა საპრიზო ადგილი. როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასების მქონე და აქტიური სტუდენტი, ხუთჯერ გახდა ფაკულტეტის სტიპენდიატი.
ჯივანი დღეს უკვე თსუ-ს მაგისტრანტია. ჯერჯერობით არ იცის — რაზე დაწერს სამაგისტრო ნაშრომს, მაგრამ იცის, რომ სწავლა უნდა განაგრძოს უცხოეთში, მიიღოს ევროპული განათლება და შემდეგ ეს ცოდნა საკუთარ ქვეყანას – საქართველოს მოახმაროს.
ამისთვის აქტიურადაა ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია „განძის“ საქმიანობაში. ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით და მისი ძირითადი ფუნქციებია ქალთა უფლებების დაცვა და მათი ჩართულობის გაძლიერება, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირება და მათი პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერება, ბავშვთა უფლებები, დემოკრატიული მმართველობა.
გარდა ამისა, ჯივანი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში: „საფარი“ და „სოლიდარობის პლატფორმა“, ხშირად ატარებს ტრენინგებს ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორიცაა „ჰელფინგ ჰენდი“ და „მსახურობა სამართლიანობისთვის“.
ჯივანის გატაცებებს შორის ბევრი საინტერესო საქმიანობაა: ხატავს პორტრეტებს, ქართულ და სომხურ ასოებსაც ახარატულებს, თუმცა წერას მაინც უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. თავისუფალ დროს დღიურებს უბრუნდება და ასე იმახსოვრებს იმ დღეებს, როცა თავგამოდებით ცდილობდა ქართული ესწავლა და საუკეთესო სტუდენტებს შორის მოხვედრილიყო. „სტუდენტის დღიური“ — ასე ჰქვია მის ნაწარმოებს, რომლის ნაწილი უკვე გამოქვეყნებულია, სრული სახით კი აპირებს გამოსცეს წიგნი, რომელიც აუცილებლად დაეხმარება არაქართულენოვან ახალგაზრდებს ყველა იმ სიძნელის გადალახვაში, რაც შესაძლოა საზოგადოებაში მათ ინტეგრაციის პროცესში შეხვდეთ.
ჯივან მკრტიჩიანი – ეს არის სახელი, რომლითაც თსუ მალე იამაყებს!