ნინო ჭყოიძე თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტია. ფიქრობს, რომ მომავალს სწორედ ჟურნალისტიკას დაუკავშირებს და ამისთვის ბაკალავრიატში სწავლის ყველა სემესტრში გამორჩეული მონდომებით ეუფლებოდა იმ უნარ-ჩვევებს, რომელმაც მედიაბაზარზე თავის დამკვიდრებაში უნდა შეუწყოს ხელი. წელს ნინომ თსუ-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესტონეთის ქალაქ ტარტუს უნივერსიტეტში ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაატარა ერთი სემესტრი. რა მისცა ამ პროგრამამ, რა განსხვავებას ხედავს ის თბილისის სახელმწიფო და ტარტუს უნივერსიტეტებში დამკვიდრებულ სწავლების მეთოდებს შორის, თავად გვიამბობს:
– სამომავლო პროფესიაზე ფიქრისას ერთადერთ ვარიანტად, რამდენადაც ეს ჩემს მეხსიერებას შემორჩა, ყოველთვის ჟურნალისტიკას განვიხილავდი, თუმცა ასეთი დარწმუნებული არ ვყოფილვარ უნივერსიტეტის შერჩევისას. ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი მაინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შევაჩერე. უნივერსიტეტში 2017 წელს ჩავირიცხე და ახლა უკვე ბოლო სემესტრია ჩემთვის.
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე სწავლამ სამომავლო პროფესიასთან დაკავშირებით ჩემთვის ბევრი შეხედულება შეცვალა; გადავაფასე ბევრი ღირებულება და მივხვდი, რომ ჟურნალისტიკაში, როგორც პროფესიაში, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მორალური კეთილსინდისიერება და გულწრფელობაა.
ჟურნალისტიკის მიმართულებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვმუშაობდი კიდეც, რამაც, სწავლის პარალელურად, უკეთ მიმახვედრა, რა მომეთხოვება მე, როგორც ჟურნალისტს. ამჟამად ჟურნალისტიკის განხრით არ ვმუშაობ, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი და სამომავლო გეგმა სწორედ ამ სფეროში დაბრუნება და თავის დამკვიდრებაა.
რამდენიმე თვეში უნივერსიტეტს ვამთავრებ და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხზე კონცენტრირებაა. ოთხი წლის განმავლობაში ვცდილობდი, რომ სემესტრულ შეფასებებში მაღალი ნიშნები მქონოდა, ამაზე ბევრს ვმუშაობდი; ორჯერ სახელმწიფო სტიპენდიაც მოვიპოვე და შემდეგ მიზნად გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა დავისახე, რაც, მიუხედავად ერთი წარუმატებელი მცდელობისა, საბოლოოდ, გამომივიდა კიდეც.
გაცვლითი პროგრამების შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე ამომწურავი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამის შესახებ სწორედ უნივერსიტეტის ვებგვერდიდან გავიგე და მონაწილეობის მისაღებად გრძელი გზაც გავიარე. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა პროცედურულად საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელია, მაგრამ შედეგი ამად ღირს. განაცხადის შეტანამდე ერთი წლით ადრე ინგლისური ენის B2 დონის ტესტირება გავიარე და ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატიც ავიღე. სტუდენტს მხოლოდ შესაბამისი ცნობის წარდგენის შემდეგ აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამაში. პირველი ეტაპი ელექტრონული განაცხადის შევსება და საჭირო დოკუმენტების შეგროვებაა. ასევე, აუცილებელია, რომ წერილობითი რეკომენდაცია გაგიწიოს ლექტორმა.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისას დიდი ყურადღება ექცევა შენს აკადემიურ მოსწრებასა და სამოტივაციო წერილს. მაღალ GPA-სთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ შენი მოტივაცია და მიზნები შეესაბამებოდეს იმ უნივერსიტეტის მოთხოვნებს, რომელში ჩაბარებასაც აპირებ. რამდენიმე ვარიანტიდან არჩევანი ესტონეთზე, ტარტუს უნივერსიტეტზე შევაჩერე. მიუხედავად იმისა, რომ ჩამონათვალში შემხვდა ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებიც, ჩემთვის ყველაზე სასურველი მაინც ტარტუს უნივერსიტეტი იყო და ეს სამოტივაციო წერილშიც აღვნიშნე. ინფორმაცია წინასწარ მოვიძიე და აღმოვაჩინე, რომ ტარტუს უნივერსიტეტი არსებობის მეოთხე საუკუნეს ითვლის და მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის 285-ე ადგილს იკავებს.
დოკუმენტების შეგროვების შემდეგი ეტაპია გასაუბრება, რაც, ჩემი დაკვირვებით, გადამწყვეტ როლს ასრულებს. კომისიასთან გასაუბრება ინგლისურ ენაზეა და სულ 5-10 წუთს გრძელდება, მაგრამ მთავარი სირთულე ამ დროს უნდა გადალახო — მნიშვნელოვანია, მოკლე დროში შეძლო საკუთარი თავის წარდგენა და იმის ახსნაც, თუ რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა მიგეღო გაცვლით პროგრამაში, რატომაა შენი კანდიდატურა საინტერესო მასპინძელი უნივერსიტეტისთვის. მათთვის, ვინც მომავალში აპირებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას, მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია, კარგად მოემზადოთ გასაუბრებისთვის, ყურადღებით დააკვირდეთ შეკითხვების შინაარსს; მომზადების პროცესში ერთ ხრიკსაც მივაგენი — როდესაც შენს თავზე საუბრობ, უნდა დაივიწყო ყველაფერი, რაც რეზიუმესა და სამოტივაციო წერილში უკვე ახსენე, რადგან კომისიის წევრებს ყველა დოკუმენტი აქვთ და უკვე კარგად იციან ეს ყველაფერი; მნიშვნელოვანია, თქვა ის, რაც ჯერ არ გიხსენებია და ისაუბრო იმ აქტივობებზე, რომლებშიც სწავლის პარალელურად მონაწილეობ.
ტარტუს უნივერსიტეტში თსუ-დან 4 სტუდენტი მოვხვდით. ტარტუ ესტონეთის სიდიდით მეორე ქალაქი და ინტელექტუალური ცენტრია. გაცვლითი სემესტრი 2020 წლის 31 აგვისტოს დაიწყო და 2021 წლის 31 იანვარს დასრულდა. საქართველოში გაზაფხულის სემესტრის ონლაინრეჟიმში დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, რომ ტარტუში ლექცია-სემინარებს უშუალოდ აუდიტორიებში ვესწრებოდი.
ეპიდვითარება ესტონეთში შემოდგომის სემესტრის განმავლობაში საკმაოდ კონტროლირებადი და მშვიდი იყო; უნივერსიტეტი კოვიდრეგულაციებს მაქსიმალური სიმკაცრით იცავდა. 6 სასწავლო კურსიდან ონლაინრეჟიმში მხოლოდ ერთი გავიარე; ყოველდღიურად უნივერსიტეტში სიარულმა შესაძლებლობა მომცა, უკეთ გამეცნო ესტონეთის საგანმანათლებლო სისტემა და დავახლოვებოდი ლექტორებსა და სტუდენტებს.
ჟურნალისტიკის მიმართულებით ტარტუში მხოლოდ ორი საგანი — „თარგმანის როლი ჟურნალისტიკაში“ და „თანამედროვე მედიასაზოგადოება გავიარე“, თუმცა სხვა სასწავლო კურსებიც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. დავიწყე ესტონური ენის შესწავლაც, რაც გაცვლითი პროგრამის ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ჩემთვის. ესტონელებთან ურთიერთობისას ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი ცოდნა გამომეყენებინა და ისინიც მუდამ მზად იყვნენ, დამხმარებოდნენ ენის უკეთ შესწავლაში.
* * *
სწავლების სპეციფიკა ტარტუს უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის საკმაოდ განსხვავებულია. სასემინარო ჯგუფები ტარტუში საკმაოდ მცირერიცხოვანი იყო, რაც თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობას აძლევდა — მაქსიმალურად გამოევლინა თავისი ცოდნა, რაც თსუ-ში ხშირად ვერ ხერხდება. ვგულისხმობ იმას, რომ, ჯგუფებში სტუდენტების რაოდენობის გამო, ჩვენთან ლექტორები ინტერაქციულ რეჟიმში მუშაობას ზოგჯერ ფიზიკურად ვერ ახერხებენ.
ასევე ძალიან განსხვავებულია საგამოცდო სისტემაც. შუალედურ გამოცდებს ტარტუს უნივერსიტეტის სასწავლო კურსების უმეტესობაში ფორმალური გამოცდის სახე არ აქვს და სტუდენტებს თავისუფალი არჩევანისა და შემოქმედებითობის საშუალება ეძლევათ, რის გამოც ნაკლებია საგამოცდო სტრესიც, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორების უმეტესობის სტუდენტების მიმართ დამოკიდებულება ბევრად უფრო მისაღებია ჩემთვის. საქართველოში თითქოს უფრო გაქვს შესაძლებლობა, არაფორმალურ გარემოშიც გაატაროთ ერთად დრო სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემის განსახილველად, ტარტუში კი პროფესორებსა და სტუდენტებს შორის ურთიერთობა ჩემთვის ბევრად ფორმალური იყო.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ყველა სასწავლო კურსი უპრობლემოდ გავიარე და საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადი კრედიტების აღიარებაზე შევიტანე, მაგრამ ეს პროცესი ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. თითქმის სამი თვე ველოდი პასუხს — შევძლებდი თუ არა სწავლის დასრულებას მიმდინარე სემესტრში და, საბედნიეროდ, რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ უნივერსიტეტიდან და კრედიტების აღიარების პროცესიც უპრობლემოდ დასრულდა სასურველი შედეგით.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი თვეა ესტონეთიდან დავბრუნდი, იქაური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების ქვეშ დღემდე ვარ. დღემდე ვათვალიერებ ფოტოებს და ვიხსენებ ყველა იმ მომენტს, რომლებმაც ჩემი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალა. გაცვლითი პროგრამის მთავარი ხიბლი მხოლოდ სხვა უნივერსიტეტში სწავლას არ უკავშირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი შენი თავის აღმოჩენა და დამოუკიდებლობასთან შეგუებაა. ესტონეთში ბევრი ქართველი და უცხოელი მეგობარი შევიძინე, რაც ჩემთვის გაცვლითი პროგრამის ყველაზე ღირებული ნაწილია. არ ვიცი, როგორი იქნებოდა გამოცდილება სხვა ქვეყანასა და ქალაქში, მაგრამ ესტონეთი და ტარტუ ჩემთვის იდეალური გარემო აღმოჩნდა. ვგეგმავდი, მაგისტრატურაზეც ტარტუს უნივერსიტეტში ჩამებარებინა; ამ ეტაპზე ეს გეგმა მომავლისთვის გადავდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან აუცილებლად განვახორციელებ.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ოთხი წელია ვსწავლობ, ვთვლი, რომ ნამდვილი სტუდენტური ცხოვრების ხიბლი ტარტუში შევიგრძენი. სტუდენტური ქალაქი, სტუდენტური საცხოვრებელი, უამრავი გაცვლითი სტუდენტი, საინტერესო აქტივობები და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა — ამ ყველაფერმა ერთად დამანახა, რა არის ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის, მნიშვნელოვანი და რას მინდა მომავალში მივაღწიო. თუმცა, რომ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს შანსი არ მომეცემოდა, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ და ყოველთვის მზად ვიქნები — ჩემი გამოცილება სხვა სტუდენტებსაც გავუზიარო.
მოამზადა მაია ტორაძემ