თამარ დადიანი
თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი ელენე მეძმარიაშვილი გამოსაცემად ამზადებს წიგნს — „ლათინური ამერიკის ისტორიის ნარკვევები“. წიგნი პირველი სერიოზული მეცნიერული კვლევა იქნება ამ მიმართულებით. აქამდე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ლათინური ამერიკისადმი მიძღვნილი ასეთი მასშტაბური და ფუნდამენტური ნაშრომი არ ყოფილა.
ლათინური ამერიკის რეგიონი და ლათინური ამერიკის მრავალფეროვანი ისტორია თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში თანდათან უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს თავისი არსიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე. საერთოდ, ლათინური ამერიკის ისტორია მდიდარი, საინტერესო და მრავალფეროვანია. ოდესღაც არსებობდნენ აცტეკების, ინკების, მოჩიკასა და ლათინური ამერიკის მრავალი სხვა კულტურის უძველესი ცივილიზაციები, რომლებიც მოგვიანებით დაიპყრეს ესპანელმა დამპყრობლებმა. ლათინურ ამერიკაში შედის ესპანეთისა და პორტუგალიის ყოფილი კოლონიები. ლათინური ამერიკის ისტორიის ყველაზე შთამბეჭდავი პერიოდია XIX ს-ის პირველი მესამედი, როცა ბრძოლა გაჩაღდა ლათინური ამერიკის ხალხთა დამოუკიდებლობისა და სუვერებული სახელმწიფოების შექმნისათვის ესპანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორების ბატონობის წინააღმდეგ.
ლათინური ამერიკის რეგიონით დაინტერესება ახალი ფენომენი არ არის და ამ რეგიონის კვლევასა და შესწავლაში მეცნიერები დიდი ინტერესით ერთვებიან. ქართველი მეცნიერი, ელენე მეძმარიაშვილი დაინტერესდა ამ რეგიონის ისტორიის შესწავლით, რადგან თვლის, რომ საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორიული და პოლიტიკური წარსული რაღაცნაირად ერთმანეთს ჰგავს და ამის ღრმა და მეცნიერული ანალიზი მნიშვნელოვნად გაზრდის ამ რეგიონით დაინტერესებასა და ცნობადობის გაზრდას. თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს კიდევ ლათინური ამერიკის ისტორიის შესწავლას და კვლევას პროფესორი ელენე მეძმარიაშვილი, ამაზე თვითონ გვიამბობს.
— რატომ გადაწყვიტეთ ლათინური ამერიკის ისტორიაზე წიგნის შექმნა? რა იყო ამ ინტერესის მიზანი?
— საქართველოში ლათინური ამერიკის ცნობადობა დღემდე საკმაოდ დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ძალიან ბევრი ისტორიული და პოლიტიკური პარალელის გავლება და ძალიან საინტერესო დასკვნების გაკეთება არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ამერიკისმცოდნეობის დისციპლინა საუნივერსიტეტო დონეზე სულ უფრო პოპულარული ხდება. თუმცა ამის საფუძველი, უპირველესად, ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული პოპულარობაა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლათინური ამერიკა ამერიკის განუყოფელი ნაწილია და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მას ძალიან აქტიურად სწავლობენ და იკვლევენ. საქართველოში ამ რეგიონს მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტში ასწავლიან.
ნაშრომის შექმნის მთავარი მიზანია არა მარტო ახალი თაობის დაინტერესება ლათინური ამერიკით, არამედ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და პროფესიულად ამ რეგიონთან ასე თუ ისე დაკავშირებული სპეციალისტებისთვის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის ამ უაღრესად საინტერესო რეგიონის უკეთ გაცნობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლათინური ამერიკის შესწავლის გამარტივება, ვინაიდან დღეისათვის, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში, სამწუხაროდ, არ არსებობს ლათინური ამერიკისადმი მიძღვნილი ფუნდამენტური ნაშრომი. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წიგნი გახდება საფუძველი იმისა, რომ სხვა უნივესიტეტებშიც ბოლოს და ბოლოს დაიწყოს ლათინური ამერიკის რეგიონის სწავლება და მას კუთვნილი ადგილი დაეთმოს ევროპის, აზიისა თუ შეერთებული შტატების გვერდით. მით უმეტეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან სულ უფრო ვითარდება და ამ მიმართულებით რეგიონისმცოდნეები აუცილებლად დაგვჭირდება.
— რა საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ლათინური ამერიკის ისტორიიდან?
— ნაშრომი, ფაქტობრივად, მოიცავს ლათინური ამერიკის ისტორიას დასაბამიდან თანამედროვე ეპოქამდე. აქცენტი გაკეთდება რეგიონის ისტორიული, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების თავისებურებებზე, რაც იქ მრავლად იყო და რის გამოც ლათინური ამერიკა სრულიად უნიკალური და სხვა რეგიონებისგან განსხავვებულია.
— რით იქნება ეს წიგნი განსაკუთრებული? რით მოხიბლავს ქართველ მკითხველს?
— ნაშრომი ყველასთვის მარტივად გასაგები იქნება, მაგრამ, ამავდროულად, საფუძვლიან, მხოლოდ გადამოწმებულ და გავლენიან წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება წიგნი, რომელიც მისცემს მკითხველს საშუალებას აღმოაჩინოს თავისი ინტერესის ობიექტი და უბიძგოს მისთვის საინტერესო მიმართულებით უფრო მეტი ცოდნის მიღებისკენ. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ ნაშრომი გახდება ძირითადი მასალა ლათინური ამერიკის ისტორიის შესწავლის მიმართულებით, როგორც ჩვენი, ასევე იმ უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, რომლებიც თავის სასწავლო პროგრამაში ამ კურსის შეტანას გადაწყვეტენ. ნაშრომის მთავარი ხიბლი კი ის იქნება, რომ ჩვენ — ავტორები (ჩემთან ერთად წიგნზე მუშაობს თსუ-ის მოწვეული ლექტორი, ამერიკისმცოდნეობის დოქტორი ბესიკ გოგინავა, რომელსაც საქართველოში პირველს აქვს დაცული დისერტაცია ლათინურ ამერიკაზე) არაერთი საკითხის განხილვისას საქართველოსთან პარალელების გავლებას შევეცდებით და მკითხველს საინტერესო აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობას მივცემთ.