მაია ბიწკინაშვილი,
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე,
ასოცირებული პროფესორი
– 2020-2021 სასწავლო წელს მედიცინის ფაკულტეტი მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. ფაკულტეტის ხუთმა პროგრამამ სტანდარტებთან სრული შესაბამისობით გაიარა პროგრამული აკრედიტაცია. ესენია: „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის” და „საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის” სადოქტორო პროგრამები, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის” სამაგისტრო პროგრამა და „სტომატოლოგიის” ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამები. შესაბამისად, ფაკულტეტი იწყებს უცხოელი სტუდენტების მიღებას სტომატოლოგიის ინგლისურენოვან პროგრამაზე.
აგრეთვე, მომზადდა განახლებული, საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისი მედიცინის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამები, რომლებიც მიმდინარე წლის განმავლობაში გაივლიან აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.
განახლდა და გაფართოვდა კლინიკური უნარების ცენტრი, შეძენილ იქნა ახალი ინვენტარი და გამოიყო დამატებითი სივრცეები. მორფოლოგიური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა თსუ სტომატოლოგიური კლინიკა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების კლინიკაში მუშაობის წილს.
მედიცინის ფაკულტეტი შეუერთდა საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო პლატფორმას — Lecturio-ს „ონ-ლაინ” აკადემიას, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს მოისმინონ მსოფლიოს სხვადასხვა დარგის ცნობილი პროფესორის მიერ წაკითხული ლექციები როგორც საბაზისო, ასევე კლინიკურ საგნებში. პროგრამაში თავმოყრილია 50000-მდე ვიდეო-ლექცია და მრავალფეროვანი კითხვების და სიტუაციური/კლინიკური ამოცანების ბანკი. Lecturio-თი სარგებლობის საშუალება აქვთ ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და აკადემიურ პერსონალს.
უცხოელი სტუდენტების მოზიდვის, აგრეთვე გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიზნით, გაფორმდა ხელშეკრულებები ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ლონდონის სამედიცინო აკადემია, AMO(Americal Medical Opportunities) და ა.შ.
2021 წლის იანვრიდან მედიცინის ფაკულტეტი იწყებს „ERASMUS+” ინსტიტუციური თანამშრომლობის — CBHE 2020 პროექტების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „გლობალურ ჯანმრთელობაში აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განხორციელებას. შემოდგომის სემესტრიდან დაიწყება NIH FIC გრანტის (Strategic Training Partnership to End AIDS in Georgia) განხორციელება, რომლის ფარგლებში, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, 4 წლის განმავლობაში მომზადდება 9 დოქტორი — საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ფაკულტეტის პროფესორების (ნ. ხოდელი, ზ. ჩხაიძე) თაოსნობით, წელს მოგებულ იქნა რუსთაველის ფონდის ორი ახალი გრანტი.
მედიცინის ფაკულტეტის და საქართველოს ექიმთა ასოციაციის ერთობლივი ჟურნალი „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა — საქართველოს სამედიცინო ჟურნალი” ინდექსირებული იყო Google Scholar-ში. მიმდინარე წელს გაზაფხულზე ჟურნალი მიიღო EBSCO-ს სამეცნიერო ბაზამ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში „COVID-19” ინფექციის გავრცელების შეჩერებასა და ეფექტურ მართვაში წამყვანი როლი მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებმა თენგიზ ცერცვაძემ და პაატა იმნაძემ შეასრულეს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ წელს მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 80%-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.
ფაკულტეტი აქტიურად ზრუნავს იმისთვის, რომ შექმნას სტუდენტზე ორიენტირებული გარემო და მისცეს სტუდენტს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ცოდნა და სამედიცინო სფეროში წარმატებული მუშაობისთვის საჭირო უნარები.
ჩანართი მოამზადა თამარ დადიანმა