14 აპრილს, დედაენის დღეს, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სახელმწიფო ენის ერთიან პროგრამაზე საუბრობს, რომელიც 2021 წლის 27 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. პროგრამის შემუშავებას წინ უძღოდა დისკუსიებითა და წინადადებებით დატვირთული სამუშაო პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც სახელმწიფომ მიიღო დოკუმენტი, რომელმაც 10 წელიწადში ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.
რა ეტაპები გაიარა დოკუმენტზე მუშაობის პროცესმა და რა მთავარი საკითხები გამოიკვეთა პოლიტიკურ დოკუმენტში, გვესაუბრება საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი:
სახელმწიფო ენის ფუნქციონირების დონე 2030 წლისათვის უნდა გაუმჯობესდეს 80%-ით
– ბატონო გიორგი, რა მნიშვნელობა აქვს ამ დოკუმენტის შექმნას და რა ფორმით შეუწყობს ხელს ის ქართული ენის სრულფასოვან ფუნქციონირებას?
– სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია) არის საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის 27 დეკემბერს დამტკიცებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, სახელმწიფო ენის შესახებ ორგანულ კანონს. სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) მიზანია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების მხარდაჭერა, რომელიც გამყარებულია შესაბამისი თვლადი ინდიკატორებით. ამ უკანასკნელის მიხედვით, საბაზისო დონესთან მიმართებით სახელმწიფო ენის ფუნქციონირების დონე 2030 წლისათვის უნდა გაუმჯობესდეს 80%-ით.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების მხარდასაჭერად შეიქმნა.
– რა იყო ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელთა გამოც დოკუმენტი ამ დრომდე ვერ შემუშავდა?
– სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა სახელმწიფო ენის პროგრამაზე მუშაობა დაიწყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნისთანავე, 2018 წლიდან. 2018-2019 წლებში ჩატარდა არაერთი საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრა სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრებთან, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ეუთოსთან) და სხვ.
2019 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობის (პრემიერ-მინისტრის) ბრძანებით განისაზღვრა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი (სახელმძღვანელო იხილეთ ბმულზე: (https://www.gov.ge/files/439-59408-877483-629.pdf). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ხელშესაწყობად უნდა შექმნილიყო უფრო მაღალი იერარქიის მქონე დოკუმენტი — პოლიტიკის დოკუმენტი.
– რა პროცედურები უძღოდა წინ დოკუმენტზე მუშაობას (რომელი ორგანიზაციები/ ინსტიტუტები/უნივერსიტეტები იყვნენ ჩართული დოკუმენტის შემუშავების პროცესში)?
– სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა სტრატეგიის შემუშავება დადგენილი წესების მიხედვით განაგრძო. კერძოდ, 2020 წლის სექტემბერში შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის მთავრობის ყველა წევრი სამინისტროს მინისტრის მოადგილეები.
სახელმწიფო ენის სტრატეგიის სიტუაციის ანალიზის ეტაპზე გაიმართა უწყებათაშორისი საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის (როგორც საერთო, ასევე ცალ-ცალკე უწყებრივი) შეხვედრები პირისპირ და დისტანციური ფორმატებით;
გარდა ამისა, ჩატარდა ექსპერტთა კომისიის სხდომები, გაიმართა შეხვედრები აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. სიტუაციური ანალიზის შემუშავების პირველ ეტაპზე გაიმართა შეხვედრა უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან, რომლებსაც ეცნობათ სტრატეგიის შემუშავების ძირითადი პრინციპების შესახებ. გამოიკვეთა სტრატეგიის (სიტუაციური ანალიზის) შემუშავების პრინციპები, პროცესი და ვადები; ასევე განისაზღვრა სტრატეგიის სამდივნო, რომლის ფუნქციებიც დაეკისრა სახელმწიფო ენის დეპარტამენტს.
უწყებათაშორისი საბჭომ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებს მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააცნო სტრატეგიის შემუშავების წესი და სახელმძღვანელო პრინციპები. სამუშაო ჯგუფის წევრებს ეთხოვათ, რომ გარკვეული ვადების დაცვით წარმოედგინათ თავიანთ უწყებებში სახელმწიფო ენის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გამოვლენილი პრობლემები და გამომწვევი ფაქტორები. იდენტიფიცირებული პრობლემებისა და გამომწვევი ფაქტორების სტრუქტურირებულად ჩამოყალიბებისათვის გამოყენებული იქნა პრობლემის ხის მეთოდი.
პრობლემის ხეზე მუშაობამ გამოავლინა ისეთი საკითხები, რომელთა გამოც შეიცვალა სტრატეგიის თავდაპირველი სტრუქტურა. კერძოდ, სიტუაციის ანალიზის პირველ ეტაპზე განიხილებოდა ორი პრიორიტეტული მიმართულება ქართული და აფხაზური ენებისათვის. პრობლემებისა და მათი გამომწვევი ფაქტორების გამოვლენის შედეგად კი გამოიკვეთა აფხაზური ენის მიმართულების პრობლემები და გამომწვევი ფაქტორები; გამომდინარე იქიდან, რომ ეს პრობლემები და ფაქტორები ერთი და იმავე შინაარსის იყო, გაერთიანდა ერთ დიდ პრობლემურ საკითხად – „ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირება და პოპულარიზაცია“. საწყის ეტაპზე სიტუაციური ანალიზის შემუშავებისას მონაწილეობა ასევე მიიღეს: აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა. სულ 20-მდე ასეთი შეხვედრა გაიმართა. გაანალიზდა და შეჯამდა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის შედეგები, რომლებიც საფუძვლად დაედო SWOT-ანალიზის შექმნას (იხ. დანართი №1: SWOT-ანალიზი).
სახელმწიფო ენის სტრატეგია 19 სიტუაციური ანალიზის შემუშავებისას სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო თემატური ღონისძიება, რომლებზეც განიხილებოდა სახელმწიფო ენის სტრატეგიის ძირითადი პრობლემები. სტრატეგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართა შეხვედრები უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისისგან სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა მიიღო რეკომენდაციები სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სტრატეგიაში. სიტუაციის ანალიზის ეტაპზე ჩატარდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის სხდომები, ექსპერტთა მოსაზრებები გათვალისწინებულია სტრატეგიაში. სიტუაციის ანალიზის შემუშავების მეორე ეტაპზე, პრობლემის ხისა და SWOT-ანალიზის შედეგების შეჯამების შედეგად, სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო ლოგიკური ჩარჩოს მომზადებაზე. სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შესავსებად გაეგზავნათ ლოგიკური ჩარჩო თავისი ყველა მახასიათებლით, სამუშაო ვადების მითითებით. მესამე ეტაპზე დამუშავდა ლოგიკური ჩარჩო და შეიქმნა სამოქმედო გეგმა ბიუჯეტით. არსებული პანდემიური რეგულაციებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, ძირითადად, მიმდინარეობდა დისტანციურად, ონლაინპლატფორმების მეშვეობით. სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრები იყო ხანგრძლივი და მრავლისმომცველი. სულ 50-მდე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სტრატეგიის სამუშაო ვერსია განსახილველად გამოქვეყნდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ვებგვერდზე, გაეგზავნა უწყებათაშორისი საბჭოს წევრებს, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრებსა და სფეროთი დაინტერესებულ ყველა მხარესა და პირს. სიტუაციის ანალიზის შეფასების შედეგად გამოიკვეთა სტრატეგიის მიზანი შესაბამისი ამოცანებით. სტრატეგიის განხორციელების ვადად კი განისაზღვრა 10 წელი.
– რა კონკრეტული შენიშვნები ისმოდა სამუშაო ვერსიების განხილვას და იქნა თუ არა ეს შენიშვნები გათვალისწინებული?
– საჯარო განხილვები, კონსულტაციები და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად წარიმართა. თუმცა, სახელმწიფო ენის პოლიტიკის დოკუმენტზე, სახელმწიფო ენის პროგრამაზე მუშაობა დეპარტამენტმა 2018 წელს დაიწყო. სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ამ პროცესში უზრუნველყო ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა.
საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების დროს გამოთქმული იყო ასზე მეტი შენიშვნა, რეკომენდაცია თუ მოსაზრება. თითოეულ წერილს წერილობითვე გაეცა პასუხი. აღნიშნული რეკომენდაციები და მოსაზრებები რამდენიმე კატეგორიად იყოფა: შენიშვნები და რეკომენდაციები სტრატეგიის შემუშავების პროცესისა და მისი განხორციელების შესახებ; მოსაზრებები სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციონირების შესახებ. ბუნებრივია, ის მოსაზრებები, რომლებიც არ ეხებოდა სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას, არ აისახა სტრატეგიის ტექსტში, ხოლო სტრატეგიის შესახებ გამოთქმული რეკომენდაციებიდან უმეტესობა გათვალისწინებულია როგორც ტექსტში, ისე სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში. ზოგიერთი რეკომენდაცია კი გათვალისწინებული იქნება მომავალი წლების სამოქმედო გეგმებში. სტრატეგიის შემუშავების სახელმძღვანელო წესების თანახმად, სახელმწიფო ენის სტრატეგიის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულია დეტალური ანგარიში. იხ. ბმული. https://enadep.gov.ge/uploads/---111.pdf
– არის თუ არა დოკუმენტით უზრუნველყოფილი კონკრეტული ღონისძიებების გატარება ენის დაცვის თვალსაზრისით და რას ითვალისწინებს იგი?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა განპირობებულია კონსტიტუციითა და სახელმწიფო ენის შესახებ ორგანული კანონით. შესაბამისად, ის ენის დაცვისა და მისი სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შეიქმნა. დოკუმენტი მოიცავს სიტუაციურ ანალიზს, რაც ენის ფუნქციონირების მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და პრობლემების მიმოხილვაა. თითოეული საკითხი/პრობლემა გამყარებულია წყაროებითა და სტატისტიკური მონაცემებით, ხოლო სტრატეგიის განხორციელების ნაწილში აღწერილია ამ პრობლემების მოგვარების გზები. სტრატეგიის ამოცანების შესრულება კი განსაზღვრულია თვლადი ინდიკატორებით.
სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობს როგორც სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ისე მისი საბაზო სამეცნიერო დაწესებულება — თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ასევე, ყველა სამთავრობო უწყება. სტრატეგიაში შესაბამის ამოცანებს აქვს აქტივობები. აქტივობების ეტაპები უნდა შესრულდეს ორ-ორ წლიანი ინტერვალით. თითოეულ აქტივობას ჰყავს პასუხისმგებელი უწყება, რაც მათი შესრულების ერთგვარი გარანტია. ამჟამად ხორციელდება 2021-2022 წლების აქტივობები და განხორციელების შუალედური ანგარიშები (წელიწადში ერთხელ) წარედგინება სტრატეგიის სამდივნოს. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი -სტრატეგიის სამდივნო ამუშავებს წარმოდგენილ ანგარიშებს და აქვეყნებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. აგრეთვე, მიმდინარეობს შეხვედრები 2023-2024 წლების აქტივობების შემუშავებისათვის.
– როგორ ფიქრობთ, უზრუნველყოფს თუ არა ეს დოკუმენტი არაქართულენოვანი მოსახლეობის (განსაკუთრებით, ახალგაზრდების) მიერ ქართული ენის შესწავლის აუცილებლის გაცნობიერებას?
– სახელმწიფო ენის სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კანონის თანახმად ქართული ენის ფლობის ვალდებულებას და ამ მიზნით გამოყოფილია ამოცანა — ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე ვრცლად იხ: გვ. 94, ამოცანა 1.4. https://enadep.gov.ge/uploads/strategy.pdf)
– რამდენად შეეწყობა ხელი ქართული ენის ნორმების დაცვას დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შედეგად?
– სალიტერატურო ქართული ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სტრატეგიისა. ბუნებრივია, ამ ამოცანის აქტივობების განხორციელება დამოკიდებულია პასუხისმგებელ უწყებებზე: სახელმწიფო ენის დეპარტამენტზე, თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთაც ვალდებულება აქვთ აღებული ახალი ნორმების შემუშავება-დანერგვისა. შემუშავებული ნორმები განიხილება სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის მიერ და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას. ნორმათა პაკეტის დამტკიცების შემდეგ კი ეს უკანასკნელი განთავსდება სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც მისი დაცვისა და გამოყენების სავალდებულოობას ნიშნავს.
აღნიშნული ამოცანის შედეგი: ინდიკატორის მიხედვით, 2030 წლისათვის დამტკიცებული უნდა იყოს მინიმუმ 150 ნორმა, რაც, რასაკვირველია, არ გულისხმობს 150 წესს, არამედ ნორმათა 150 პაკეტს. თითოეული პაკეტი, შესაძლოა, ათეულობით ნორმის წესს შეიცავდეს. 2030 წლისათვის ასევე დამტკიცებული უნდა იყოს მინიმუმ 30 000 ქართული ტერმინი.
– საბოლოო ჯამში – რამდენად აკმაყოფილებს დოკუმენტი მოთხოვნებს და რა მოლოდინი გაქვთ – 2030 წლამდე გასატარებელ ღონისძიებათა შედეგად მივიღებთ თუ არა რეალურ შედეგებს, რომელთა მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფოს მიერ იქნება დაცული..
– მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ შემოწმების შემდეგ სახელმწიფო ენის ერთიანმა პროგრამამ (სტრატეგიამ) მიიღო დადებითი შეფასება და შესაბამისი დასკვნით დასამტკიცებლად წარედგინა საქართველოს მთავრობას. მოწონებული და დამტკიცებულია ერთხმად საქართველოს მთავრობის სხდომაზე, როგორც ითქვა, 2021 წლის 27 დეკემბერს, რაც ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი ეხმიანება ამჟამად არსებულ ყველა ენობრივ პრობლემას და აკმაყოფილებს მთავრობის 629-ეს ბრძანების ყველა კრიტერიუმს ამოცანებისა და აქტივობების შესრულების კუთხით. ამასთან, საქართველოს მთავრობა არის მხარდამჭერი და გარანტორი მისი განხორციელებისა.
ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხორციელებაში არსებითია ურთიერთთანამშრომლობა. სახელმწიფო უშუალოდაა ჩართული პროცესში, რაც ენის დეპარტამენტის შექმნითა და ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) მიღებით დასტურდება. ამას გარდა, აუცილებელია ყველა სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო დაწესებულების, სახელმწიფო უწყების, გნებავთ, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მონაწილეობა, რათა დღევანდელი გლობალური პროცესებისა და გამოწვევების პირობებში ქართულმა ენამ დაიკავოს და განიმტკიცოს ღირსეული ადგილი.
დაბოლოს: დღეს 14 აპრილია, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. მსურს მივულოცო ყველას და ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები.