ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრა
2021 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა ცნობილი პათოფიზიოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრის თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი ციალა ( ცინუკი) შალვას ასული ჯანელიძე.
ციალა ჯანელიძე დაიბადა თბილისში 1939 წლის 8 თებერვალს. 1956 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 58-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1962 წელს. 1968 წელს დაიცვა დისერტაცია, 1975 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის სამეცნიერო წოდება. არჩეული იყო საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, სამედიცინო ბიო-ინჟინერიის ასოციაციის წევრად.
სხვადასხვა პერიოდში ციალა ჯანელიძე მუშაობდა აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის მეანობისა და გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, აკადემიკოს კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში პათოფიზიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელად, სამედიცინო ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ფსიქო-ფიზიოლოგიური კვლევების ავტომატიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელად, მე-2 პოლიკლინიკა-საავადმყოფოს ფსიქო-ფიზიოლოგიური კაბინეტის გამგედ, ჯანდაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრში ექიმთა აკრედიტაციის სამსახურის უფროსად. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი, ავტორია პათოფიზიოლოგიის სახელმძღვანელოსი.
ციალა ჯანელიძეს მეტად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეთოლოგიის (ცხოველთა ქცევის შემსწავლელი მეცნიერების) პრობლემების დამუშავებაში. მის მიერ ამ მიმართულებით ჩატარებულმა გამოკვლევებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
1991 წლიდან ციალა ჯანელიძე ეწეოდა მეტად ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი იყო სტუდენტების სამაგალითო მასწავლებელი, რომელიც ზრუნავდა არა მარტო მათ პროფესიულ, არამედ ზოგად განათლებაზეც.
ზნემაღალი, ფიზიკურად და სულიერად ლამაზი, საქმის ერთგული ქალბატონის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება კოლეგებისა და მოსწავლეების მეხსიერებაში.