ნატო ობოლაძე
„მე, უბრალოდ, გადავწყვიტე, რომ საუბარი დამეწყო იმაზე, რასაც თავს ვარიდებთ...“ — ამბობს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი არიშვილი, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ლიტერატურულ კონკურსში იღებს მონაწილეობას.
კონკურსი — „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ქართველი მწერლების პოპულარიზაციასა და ნიჭიერი ავტორების აღმოჩენას ითვალისწინებს, სადაც ირაკლი არიშვილმა მოთხრობა — „დასაწყისის დასასრული“ — წარადგინა. მოთხრობის მთავარი გმირი ახალგაზრდაა, რომელიც საკუთარი თავის შეცნობას იწყებს. ის ხვდება იმედგაცრუებას, ტანჯვას, ტკივილს, სევდას, განიცდის დეპრესიას, ემპათიის განსაკუთრებული შესაძლებლობა კი ნებისმიერი ადამიანის გაგების უნარს აძლევს, მისი შთაბეჭდილებები იმ რეალობას ასახავს, რომელსაც ზოგჯერ უმრავლესობას შეუმჩნეველი რჩება.
„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მწერლობას არასდროს ვგეგმავდი და მეც, როგორც ჩვეულებრივი მკითხველი, ისე ვტკბებოდი მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურით. ერთ საღამოს თავში ერთ წაინადადებამ გამიელვა და სწორედ ასე იწყება ჩემი წიგნიც — „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი ისტორია არა დაბადებით, არამედ გარდაცვალებით დაიწყო“. ამის შემდეგ ვწერდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობდი და ვგრძნობდი. ჩემი წიგნის მთავარი მიზანია საზოგადოებას გავუზიარო ჩემი თვალით დანახული ის რეალობა, რომელსაც ყველა ყოველდღიურად ვხედავთ, ზოგჯერ ვამჩნევთ კიდეც, მაგრამ თავს ვარიდებთ ამ თემებზე საუბარს. მე კი უბრალოდ გადავწყვიტე, რომ საუბარი დამეწყო...“ — ამბობს ირაკლი არიშვილი.
კონკურსის შედეგად სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთაც ჟიური და მკითხველი ერთობლივად შეარჩევენ. ირაკლი არიშვილის მოთხრობისთვის ხმის მიცემა მკითხველს — https://bit.ly/3CbOyY2 — ლინკზე გადასვლის შედეგად შეუძლია, 1 თებერვალს კი საუკეთესო ნაშრომები გამოვლინდება.