ნანა გაფრინდაშვილი,
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
– ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის განახლების სიმბოლოდ აღიქმება, რომელიც ყველა განათლებულ ადამიანს იმედს აღუძრავს, რომ წინ ახალი ჰორიზონტები, ახალი წარმატებები და გამარჯვებები გველოდება. რამდენჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყოველი ახალი სასწავლო წელი, ერთი მხრივ, ზუსტად ისეთია, როგორც წინა და, მეორე მხრივ, სრულიად ახალი და განსხვავებულია. დამეთანხმებით, ახალი 2020-2021 სასწავლო წელი, მართლაც, სრულიად განსხვავებულია თუმდაც იმ თვალსაზრისით, რომ პანდემიით განპირობებული ონლაინ სასწავლო პროცესის შემდეგ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ისევ გააცოცხლებენ და აახმაურებენ საუნივერსიტეტო სივრცეს და მიუსხდებიან მერხებს ცოდნის მისაღებად თუ გადასაცემად.
ახალ სასწავლო წელს ვულოცავ ყველა უნივერსიტეტელს და განსაკუთრებული თბილი სიტყვები მინდა ვუთხრა ჩვენი ფაკულტეტის 1413 პირველკურსელს, რომლებმაც თავიანთი ინტელექტუალური და პიროვნული სრულყოფისათვის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აირჩიეს. მათ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეს, რადგან ჩვენი ფაკულტეტი არის უპირობო ლიდერი მთელი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით.
ჩვენმა პროფესურამ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბევრი იშრომეს, რათა ფაკულტეტი მომზადებული შეხვედროდა ახალ სასწავლო წელს და იმ გამოწვევებს, რომლებიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ გვაქვს. წელსაც ჩვენი მიზნების, მისიის, ფასეულობებისა და პრინციპების ერთგული ვიქნებით და ფაკულტეტზე ისევ ჰარმონიულად იარსებებს სწავლისა და სწავლების უნიკალური საუკუნოვანი ტრადიცია და თანამედროვე მიდგომები და გამოცდილება, მოხდება სასწავლო და კვლევითი საქმიანობის მაქსიმალური ინტეგრირება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპების ერთიანობას, მენეჯმენტს, ტექნოლოგიებს, დიდაქტიკურ მიდგომებს, სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მეცნიერების კომერციალიზებას, საინფორმაციო ბაზას; სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სრულყოფას. ჩვენთვის პრიორიტეტულია ინტერნაციონალიზაციისა და სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობა, მმართველობითი სტრუქტურების მუშაობის, სოციალური და საკადრო პოლიტიკის სრულყოფა, ფაკულტეტის პოზიციონირებაზე ზრუნვა და სხვ.
წინა წლის გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ თანამედროვე საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის მეტად მნიშვნელოვანია კრიზისების მართვის სწორი სტრატეგია. სტუდენტების, პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების მომზადება, რათა მათ თავიანთი ცხოვრების წესი და საქმიანობა მოარგონ შეცვლილ გარემო-პირობებს.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, გაზაფხულის სემესტრმა დიდი გამოცდილება მოგვცა. წინასწარ დაუგეგმავ და გაუთვალისწინებელ გარემოებებში შევძელით სასწავლო კურსების შედეგიანად ჩატარება, თითოეული პროფესორის, საგნის მოწვეული ლექტორის, მასწავლებლის, ფაკულტეტის ადმინისტრაციის დიდი ძალისხმევით სასწავლო კურსებით დაგეგმილ კომპეტენციებზე გავიყვანეთ ჩვენი სტუდენტები.
ვიწყებთ 2020 წლის შემოდგომის სემესტრს და არ ვიცით, როგორი იქნება იგი და მოგვცემს თუ არა ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სააუდიტორიო ფორმატში სემესტრის დასრულების შესაძლებლობას.
წინა სემესტრის გამოცდილება გვასწავლის, რომ წინასწარ სჯობს თადარიგის დაჭერა. სასწავლო პროცესში LMS ელექტრონული ბაზის მაქსიმალური გადატვირთულობა და ამით გამოწვეული გარკვეული შეფერხებები კიდევ ერთი არგუმენტია, რომ რაც შეიძლება ბევრმა პროფესორმა ჩართოს სწავლების პროცესში Moodle -ის პლატფორმაზე შექმნილი ელექტრონული კურსები. ბევრი ასეთი კურსი ჩვენი ფაკულტეტის პროფესურას უკვე შექმნილი აქვს, ისინი მიმდინარე სემესტრის სასწავლო კურსების სილაბუსის მასალას აახლებენ და საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ ცვლილებები. მათთვის, ვისაც აქვს სურვილი — ჰქონდეს ასეთი კურსი, მაგრამ ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება, ჩატარდება სპეციალური ტრენინგები, როგორ შექმნან Moodle-ის პლატფორმაზე ელექტრონული კურსები და ეფექტურად გამოიყენონ ისინი სწავლების პროცესში. ელექტრონული სასწავლო კურსების შექმნის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთვებიან ჩვენი დოქტორანტები, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას სასწავლო გარემოში. ბუნებრივია, არც Zoom-ის პლატფორმაზე ვიტყვით უარს და საჭიროების შემთხვევაში სასწავლო პროცესში მის ეფექტურ გამოყენებას გავაგრძელებთ.
მოუთმენლად ველოდებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საბოლოო გადაწყვეტილებას კლასტერული აკრედიტაციის შესახებ, რადგან ფაკულტეტის პროგრამების თითქმის ნახევარს ერთ წელიწადში ეწურება აკრედიტაციის ვადა.
სწავლების მეთოდების განახლება და მათი ახალ ვითარებებზე მორგება სწავლების პროცესში მუდმივი გამოწვევაა. სტუდენტთა კმაყოფილების ხარისხის ამაღლება ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის უპირველეს ამოცანად რჩება, ვმუშაობთ შეფასების სისტემის ეფექტურ კონტროლსა და ამ გზით მის გაუმჯობესებაზე. ყველა სასწავლო კურსის უწყისში უკვე დანერგილია „გაუსის” შეფასების სქემა და მასთან სტუდენტთა მოსწრების შეფასების შედარების საშუალება. ამ დროს გადახრის მაჩვენებელი უწყისშივე თვალსაჩინო გახდება პროფესორისათვის.
უცხოენოვანი სასწავლო კურსებისა და პროგრამების შემუშავება-დახვეწა როგორც სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით ჩამოსული, ისე თსუ-ის სტუდენტებისთვის კვლავ ჩვენს პრიორიტეტებში რჩება. გვაქვს დიდი ამბიცია ქართველოლოგიური პროფილის ინგლისურენოვანი პროგრამის შექმნისა, სადაც იქნება თავმოყრილი ქართველოლოგიურ და მასთან კავშირში მყოფ დარგებში ქართველ მეცნიერთა მიღწევები.
კვლავ ფაკულტეტის სასწავლო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება შევინარჩუნოთ სასწავლო პროგრამები სწავლების სხვადასხვა საფეხურზე არარენტაბელურ, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პატარა დარგებში. ზოგიერთი მათგანი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მხოლოდ ჩვენს ფაკულტეტზე ხორციელდება. უწყვეტი სწავლება ამ დარგებში სამეცნიერო კვლევის უწყვეტობისა და ხარისხის გარანტიად მიგვაჩნია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2020-2021 სასწავლო წელს მრავალ სამეცნიერო აქტივობას გეგმავს. ტრადიციულად გაიმართება ყოველწლიური საფაკულტეტო და საერთაშორისო სიმპოზიუმები და კონფერენციები როგორც პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ისე ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, დოქტორანტებისათვის, მაგისტრანტებისა და ბაკალავრებისათვის. გაგრძელდება ყოველწლიური საფაკულტეტო და დარგობრივი სამეცნიერო ჟურნალების („სპეკალი”, „ქართველოლოგი” და სხვ.) გამოცემა. სამეცნიერო ჟურნალების ნაწილი ბეჭდურია, ნაწილი კი ონლაინგამოცემაა. ჩვენს ფაკულტეტზე რამდენიმე ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი გამოიცემა, რომლებსაც ქართველოლოგიურ და ჰუმანიტარულ სამეცნიერო წრეებში მაღალი სამეცნიერო ცნობადობა აქვთ. აღსანიშნავია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე ელექტრონული სამეცნიერო გამოცემების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
დაბოლოს, ერთხელ კიდევ გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ ახალ-ახალ წარმატებებს, ჯანმრთელობასა და მხნეობას!
ჩანართი მოამზადა თამარ დადიანმა