უდიდესი დანაკლისი განიცადა სრულიად საქართველომ — ჩვენგან წავიდა — ბატონი შოთა სამსონია — დიდსულოვანი და კეთილშობილი პიროვნება, არაჩვეულებრივი ადამიანი, უმაღლესი დონის პროფესიონალი, წარმატებული მეცნიერი და მეცნიერების გამორჩეული ორგანიზატორი, საუკეთესო ლექტორი და პედაგოგი, ქიმიკოსების არაერთი თაობის აღმზრდელი, უნივერსიტეტის დამაარსებლების ტრადიციების გამგრძელებელი და საუნივერსიტეტო ფასეულობების დამცველი, ნოვატორი, საუკეთესო მეგობარი და კიდევ ბევრი სხვა საუკეთესო....
ბატონი შოთა — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, საქართველოს ქიმიური საზოგადოების სამეურვეო საბჭოს წევრი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის კათედრის გამგე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მეცნიერ-კონსულტანტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი-აკადემიკოს-მდივანი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სხვადასხვა დროს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წევრი, თსუ სადისერტაციო საბჭოს ქიმიის დარგობრივი სექციის თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „მაცნეს“ (ქიმიის სერია) რედკოლეგიის წევრი, თსუ შრომების „ქიმია“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, ნავთობქიმიურ საკითხთა, ფარმაკოქიმიის კომისიების წევრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს წევრი.
ბატონი შოთა — წარმატებული მეცნიერი და მეცნიერების გამორჩეული ორგანიზატორი და ნოვატორი — 44 წლის მანძილზე (1978-2022) ხელმძღვანელობდა ორგანული ქიმიის და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის კათედრას, მან წარმატებით გააგრძელა ორგანული ქიმიის კათედრის ტრადიციული თემატიკა — ბატონ პ. მელიქიშვილის და ქალბატონ ნ. ციციშვილის მიერ დაწყებული საქართველოს ფლორის ქიმიური შედგენილობის კვლევა, ბატონ ი. გვერდწითელის და ბატონ ა. კახნიაშვილის მიერ დაწყებული ფუნდამენტური გამოკვლევები ორგანული სინთეზის სფეროში. 1974 წლიდან ბატონი შოთას თაოსნობით კათედრის თემატიკა გაგრძელდა ახალი მიმართულებით — აზოტშემცველი ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმია, კერძოდ: ინდოლის, იზომერული პიროლოინდოლების და ინდოლოინდოლების, სხვადასხვა ტიპის ბისინდოლების, პირიდაზინოინდოლების, არილინდოლების, ადამანტანის ფრაგმენტის შემცველი ინდოლებისა და ბენზიმიდაზოლების, ფოტოქრომული ბის-სპირონაერთების, ბისინდოლური ბიოლოგიურად აქტიური პოლიმერების, დიპეპტიდების, მრავალბირთვიანი კონდენსირებული ჰეტეროციკლების და მათი ნაწარმების სინთეზი და კვლევა ახალი, სასარგებლო თვისებების მქონე ნაერთების გამოვლენის მიზნით.
ამ ახალი მიმართულებით მიღწეულია არაერთი საინტერესო და საყურადღებო შედეგი — მიღებული და შესწავლილია ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, რომლებმაც გამოამჟღავნეს ბაქტრიციდული, ციტოსტატიკური, სიმსივნის საწინააღმდეგო, ფსიქოტროპული, კურარეს მსგავსი და სხვა ტიპის აქტიურობა, ნუკლეინის მჟავებთან და სხვა ბიომაკრომოლეკულებთან ინტერკალაციის უნარი, შუქმგრძნობიარობა და სხვა სასარგებლო თვისებები. მიღებულია ფუნდამენტური მნიშვნელობის არაერთი შედეგი — ექსპერიმენტული მონაცემების და ქვანტურ-ქიმიური გათვლების საუძველზე დაზუსტებულია ე. ფიშერის რეაქციის მრავალსაფეხურიანი მექანიზმის ზოგიერთი დიდი ხნის საპოლემიკო ასპექტი, აღმოჩენილია რიგი ახალი რეაქციებისა: 2-ჩანაცვლებული 3-აცილინდოლების დეაცილირება, ბენზილის ჯგუფის 1,7-მიგრაცია N-ბენზილინდოლებში, ინდოლის ბირთვის ქლორირება 7-ამინოინდოლის დიაზოტირების პროცესში და ბევრი სხვა მრავალმხრივ საინტერესო შედეგი. შესწავლილია ამ რეაქციების მექანიზმები.
ამ გამოკვლევების მიხედვით ბატონი შოთა 50-მდე აკადემიური დოქტორის ხელმძღვანელია და 7 მეცნიერებათა დოქტორის კონსულტანტი, 700-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის 18 პატენტის და საავტორო მოწმობის, 30-ზე მეტი წიგნის (მონოგრაფია, სახელმძღვანელო),.
ბატონ შოთას სხვადასხვა წლებში მოპოვებული ჰქონდა საერთაშორისო სტიპენდიები (17) აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო გრანტები (12).
ბატონი შოთას თაოსნობით და თავმჯდომარეობით ჩატარებულია მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენცია.
ბატონი შოთას ღვაწლი დაფასებულია ჯილდოებით: თსუ-ს პ. მელიქიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია (1980), საბჭოთა კავშირის გამომგონებლის მედალი (1986), ივ. ჯავახიშვილის მედალი (1991), ღირსების მედალი (1998), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობითი აკადემიური პრემია (2012), რესპუბლიკის ღირსების ორდენი № 677, მოწმობა № 07120 (2013).
მან ღირსეული, წონადი წვლილი შეიტანა ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმიის განვითარებაში.
ბატონი შოთა გამოირჩეოდა თავისი არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებებით, სიკეთით და სიყვარულით, ადამიანური სითბოთი. კოლეგების, თანამშრომლების და მოწაფეების მიმართ ყოველთვის იყო მეგობრული, მზრუნველი, შორსმჭვრეტელი, კორექტული და ტაქტიანი.
ძალიან დაგვწყვიტა გული ბატონმა შოთამ!
არასოდეს დაგვავიწყდება მისი მომღიმარე სახე და სითბოთი სავსე თვალები.
ბატონო შოთა, უდიდესი ამქვეყნიური მადლობა!
მადლობა ადამიანურობის გაკვეთილებისთვის, სითბოს და სიკეთისთვის, თანადგომისთვის... დიდია ჩვენი მწუხარება და სინანული.
ნათელი და სანთელი თქვენს ლამაზ სულს, ბატონო შოთა!
ჯერ ადრე იყო თქვენი იმიერში გადაბრძანება.
ყოველთვის ვამაყობდით და მუდამ ვიამაყებთ, რომ თქვენთან ურთიერთობა გვარგუნა ბედმა...
გთხოვთ, მოგვიტევოთ ნებსით და უნებლიე შეცოდებანი, რომელთა მონანიება აქამდე ვერ მოვასწარით.
ღმერთი იყოს თქვენი შემწე!
უფალმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი „სადაც მართალნი განისვენებენ“,
ამინ!
კოლეგების სახელით,
იოსებ ჩიკვაიძე