- რა ვითარებაა თქვენთან ახალი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით?
- დღევანდელი მონაცემებით, შვედეთში არის 10 100-ზე მეტი დადასტურებული ინფიცირებული პაციენტი, 900-მდე ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს თითქმის 400-ს. თუმცა, ეს მონაცემები, გარდაცვლილთა რიცხვის გარდა, ბევრს არაფერს ამბობს, რადგანაც ხშირად ტესტირება იმ პაციენტებშიც კი არ ხდება, ვისაც აშკარად გამოკვეთილი სიმპტომები აქვთ. მხოლოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფ და მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს უტარდება ტესტირება. მეზობელი სკანდინავიური ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა. დაწყებითი სკოლები და ბაღები, ასევე, მაღაზიები და ყველა სხვა დაწესებულება ღიაა. უნივერსიტეტები არ დახურულა, მხოლოდ ლექციები ტარდება დისტანციურად. თუმცა რეკომენდირებულია, რომ ვისაც შეუძლია, სახლიდან იმუშაოს და არ მივიდეს სამსახურში. რაც შეეხება ხანდაზმულ მოსახლეობას, ანუ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მათ ურჩევენ, რომ საერთოდ არ გამოვიდნენ სახლიდან. ამ ბოლო დროს, ასევე, შემოვიდა სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია და იკრძალება 50 ადამიანზე მეტის თავშეყრა.
- იმყოფებით თუ არა თქვენც სახლში და როგორია ცხოვრების დღის წესრიგის ახალი რუტინა?
- მე, ძირითადად, სახლში ვარ და თითქმის მთელი დღე კომპიუტერით ვმუშაობ. სახლიდან ვატარებ დისტანციურ შეხვედრებს და ლექციებს zoom-ის გამოყენებით, ყოველკვირეული ლაბორატორიის სხდომებს და სემინარებს, მოკლედ, ყველა შეხვედრას zoom-ით ან სკაიპით ვმართავთ. ხანდახან მივდივარ ლაბორატორიაში, სადაც ექსპერიმენტები გრძელდება, მაგრამ რაც კი შეიძლება სახლიდან გაკეთდეს, მაგალითად, სტატიებზე მუშაობა, პუბლიკაციების კითხვა და მეცადინეობა, მონაცემების დამუშავება და ა.შ., შინ ვმუშაობ. დოქტორანტები და პოსტდოკები ყველაფერს სახლიდან აკეთებენ. ასევე, ლაბორატორიაში ყოფნისას ვცდილობთ — დავიცვათ დისტანცია და ერთმანეთთან ახლოს არ ვიყოთ.
- რაზე და როგორ მუშაობთ ამ ეტაპზე?
- პრინციპში, ის პროექტები, რაზეც ადრე ვმუშაობდით, გრძელდება. ახლის დაწყებას ვერიდებით, სანამ უფრო მეტი არ გვეცოდინება — თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი კვლევები დამოკიდებულია ცხოველურ თუ უჯრედულ ექსპერიმენტებზე და მრავალ ბიოსამედიცინო რეაგენტზე. ამიტომ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ექსპერიმენტებისთვის საჭირო მასალის მოწოდებაში შეფერხება არ გვექნება. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა...
- როგორც თსუ-ის პროფესორი, თუ ჩაერთეთ დისტანციური სწავლის რეჟიმში?
- უკვე მქონდა სატესტო ჩართვა zoom-ით მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტებთან და დავიწყეთ კურსი — „პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება“, ხოლო მომდევნო კვირისთვის ვგეგმავთ აკადემიური კომუნიკაციის კურსის დაწყებას, ასევე, მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტებისთვის.
- რას ნიშნავს თქვენთვის ამ რთულ დროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სოლიდარობა? როგორ შეეხმიანებით ქართულ საზოგადოებას?
- მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სოლიდარობა არა მხოლოდ ახლა, ყოველთვის მნიშვნელოვანია და ამას არ უნდა ჰქონდეს კამპანიური ხასიათი. თუმცა, არსებულ პირობებში ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ცხოვრება გრძელდება, ყველაფერი კარგად იქნება და კორონას მსგავსი კატაკლიზმები ვერაფერს დაგვაკლებს. მჯერა, რომ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს და ამ კრიზისიდან საქართველო, როგორც ქვეყანა, უფრო გაძლიერებული და გამოცდილი გამოვა. რა თქმა უნდა, ბევრი ეკონომიკური და სოციალური პრობლემა გვექნება, მაგრამ მწამს, რომ ყველაფერს დავძლევთ. ამაზე გაცილებით დიდი კატაკლიზმები და გაჭირვება დაგვიძლევია. მთავარია, არასდროს დავნებდეთ, შეუძლებელი არაფერია!
ესაუბრა ნინო კაკულია