გვესაუბრება ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი
ესაუბრა ნინო კაკულია
- თუ ყოფილა უნივერსიტეტის ისტორიაში ისეთი მძიმე პერიოდი, როგორც ახლაა, ზოგადად? როდის იყო და როგორ შეხვდა მაშინ უნივერსიტეტი სირთულეებს? — (ისტორიული მეხსიერება).
- კარებში „კოვიდ 19“ ჩადგა და არ გვიშვებს უნივერსიტეტში. მძიმე ვითარებაა, მაგრამ იმის გათვალისწინება, რომ ეს საყოველთაო უბედურებაა ჩვენს ქვეყანასა თუ მთელ მსოფლიოში, მდგომარეობას ცოტა ამსუბუქებს — გავუძლებთ და ერთად გადავიტანთ, ღვთის ნებით!..
უნივერსიტეტის საუკუნოვან ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩემი აზრით, ყოფილა უფრო მძიმე პერიოდებიც და გადაუტანია უნივერსიტეტს... გავიხსენოთ:
1918 წლის აპრილი იყო. ბათუმში ოსმალები შემოვიდნენ; შეიქმნა საფრთხე, მტერი დედაქალაქშიც შემოვიდოდა... მთავრობამ ახლადგახსნილ უნივერსიტეტს მოუწოდა, შეეწყვიტათ ლექციების კითხვა, დაეკეტათ უნივერსიტეტი... ეს ფაქტობრივ ახლადფეხადგმული უნივერსიტეტის დახურვის ტოლფასი იყო... ხომ წარმოგიდგენიათ, უნივერსიტეტის მესვეურებისათვის რას ნიშნავდა ეს! 1918 წლის 3 აპრილს პროფესორთა საბჭო იღებს გადაწყვეტილებას: „უნივერსიტეტი არ დაიკეტოს და ლექციების კითხვა გაგრძელდეს. იმ სტუდენტებისა და მსმენელებისათვის, რომლებიც ომში წავლენ, გამოტოვებული ლექციები განმეორებულ იქნეს... საშიშროების მოახლოების დროს პროფესორები უნივერსიტეტის შენობაში უნდა დარჩნენ და ხელი შეუწყონ მის დაცვას“... დადგენილებას ხელს აწერდნენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. შანიძე, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი და ი. ყიფშიძე... დამეთანხმებით, წარმოსადგენადაც კი ძნელია, რას განიცდიდნენ იმჟამად ეს ერისკაცები... გადარჩა უნივერსიტეტი!..
უნივერსიტეტის არსებობის პირველი ათწლეულის ბოლოს ბოლშევიკებმა მიიტანეს იერიში უნივერსიტეტზე. რექტორი ივანე ჯავახიშვილი თედო ღლონტით ჩაანაცვლეს (თ. ღლონტი ხუთიოდე წლით ადრე სტუდენტად არ მიიღეს განათლების ცენზის უქონლობის გამო...); 1930 წელს უნივერსიტეტი დახურეს... საბედნიეროდ, სამი წლის შემდეგ ისევ გაიხსნა, მაგრამ უნივერსიტეტს ჩამოაშორეს ივანე ჯავახიშვილი, გრიგოლ წერეთელი, ვახტანგ კოტეტიშვილი, შალვა ნუცუბიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი... მძიმე პირობები შეუქმნეს აკაკი შანიძეს, გიორგი ახვლედიანს, არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას და სხვა მრავალს... გადარჩა უნივერსიტეტი, თუმცა ამ ვითარებამ ძალიან მძიმე კვალი დატოვა...
მესამე უმძიმესი ვითარება უნივერსიტეტში თხუთმეტიოდე წლის წინათ შეიქმნა: 2006 წლის ივნის-ივლისში ლომაია-ხუბუას რეჟიმმა პოლიცია შემოიყვანა და ხელგადაგრეხილი პროფესორები უნივერსიტეტიდან გამორეკეს... ორი თვის განმავლობაში უნივერსიტეტი პოლიციის ალყაში იყო... როგორც ამბობენ, საუნივერსიტეტო ისტორიაში მსგავსი რამ 1939 წელს მოხდა: კრაკოვის უნივერსიტეტიდან ფაშისტებმა გამორეკეს პროფესორები... ჩვენს უნივერსიტეტში ამ ვითარებამ ათასობით პროფესორი შეიწირა...
ღვთის ნებით, დედაუნივერსიტეტს მისმა დამფუძნებლებმა ისეთი მყარი საფუძველი შეუქმნეს, ისეთი მადლი დაადევნეს, ასეთი ძნელბედობები ვერაფერს დააკლებს... პრობლემები კი იქმნება...
- უნივერსიტეტი ამჟამად პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. როგორ ჩაერთეთ პროცესში?
- დისტანციური მუშაობა შექმნილ ვითარებაში კარგი გამოსავალია... ფაქტობრივ, აკადემიური წელი გადარჩა... მე ენათმეცნიერი ვარ, გრამატიკოსი და, ცხადია, ჩემთვის სააუდიტორიო მუშაობას სხვა მნიშვნელობა აქვს; სტუდენტს თვალებში რომ უყურებ, იგებს შენს საუბარს თუ ვერა და, შესაბამისად, რომ ცდილობ მსჯელობა შეატრიალო, სხვაგვარად ააგო, რომ საკითხის არსი უფრო ნათლად დაანახო, ის სხვაა... მაგრამ, როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო…
- გამოთავისუფლებულ დიდ დროს რას უთმობთ? რას საქმიანობთ? რას კითხულობთ? რა სახის ინფორმაციას ეცნობით?
- გამოთავისუფლებული დრო... ილიამ თქვა, საქმეა მარტოკაცის ამხანაგიო... არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ წიგნების სამყაროში მარტოობა ვერ დაჩაგრავს კაცს... ცხადია, ინფორმაციის მოძიება-მიღებას დიდი დრო მიაქვს... ყველაფერი გვაინტერესებს, რაც ამ კორონას ეხება... არაა იოლი ამ ზღვა მასალაში გარკვევა... არადა საჭიროა თვითდამშვიდებისათვის, სხვათა ნუგეშისათვის... სხვათაშორის ბევრი სამეცნიერო თუ არასამეცნიერო ლიტერატურა დაგროვდა, რომლის არწაკითხვა ხშირად უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებდა... „სახლში დარჩენა“ კარგია ამ მხრივ... რას ვაკეთებ? – დიდი ხანია მაინტერესებდა კლასიკოსთა პიროვნული ურთიერთობები; ბევრი მასალა დაგროვდა ილიას, აკაკისა და იაკობის ურთიერთობებზე – ლეგენდა თუ სინამდვილე, ტყუილი თუ მართალი... თავი მოვუყარე და ერთ წიგნად ვაქციე... ვფიქრობ, საინტერესო მასალაა... წიგნი სასტამბოდ მზადაა, როგორც იტყვიან... კარგა ხანია, მაგისტრანტებთან ვკითხულობ კურსს — „ენა და მწერალი“. გასულ წელს გამოვეცი სამი მონაკვეთი წიგნაკებად – დავით კლდიაშვილის, მუხრან მაჭავარიანისა და ანა კალანდაძის შესახებ... წლის ბოლოსთვის ვგეგმავდი ვაჟა-ფშაველას შესახებ მეოთხე მონაკვეთის დასრულებას... როგორც ჩანს, კორონავირუსმა დამაჩქარებინა ეს წიგნი... ერთ თვეში, ალბათ, დავასრულებ... იმედია, ყველაფერი კარგად იქნება...
- რა ლიტერატურის გაცნობას გვირჩევდით სახლის პირობებში?
- რის წაკითხვას ვურჩევდი? – რომ ვთქვა, „ვეფხისტყაოსნის“ წაკითხვას-თქო, ხუმრობაში ჩამითვლით? არადა, სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს: რუსთაველის საზოგადოებამ კვლევა ჩაატარა — როგორ ვიცნობთ „ვეფხისტყაოსანს“; მძიმე შედეგი აჩვენა ამ კვლევამ... ამიტომ ვამბობ ღიმილით — წაიკითხეთ „ვეფხისტყაოსანი“; თუ დრო მოგრჩეთ, ილია, აკაკი და ვაჟაც მიაყოლეთ... ნამდვილად კარგია... თუმცა ერთი სამწუხარო რეალობაცაა: დღეს მკითხველსა და წიგნს შორის ტელევიზია და ინტერნეტი ჩადგა... არ მიმაჩნია ეს სასიკეთო ფაქტად...
- რა მოგიტანათ დადებითი სახლში გამოკეტვამ? ვირუსის გავრცელებას თუ მოყვა რაიმე პოზიტივი?
- ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი შექმნილი ვითარებისა: საუბედუროდ ჩვენდა, ამ საუკუნის დასაწყისში ჩვენში პროფესიონალიზმი და გამოცდილება მასხრად აიგდეს... დღევანდელი ხელისუფლების ერთი დიდი დამსახურება ისაა, რომ იგი ამ უჩინარ ბოროტებასთან ბრძოლაში ენდობა, უსმენს და უჯერებს პროფესიონალებს, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებს... აი, ეს გაგვამარჯვებინებს! სხვათაშორის წინა ხელისუფლების დამარცხებაში პროფესიონალიზმისა და გამოცდილებისადმი მათმა უარყოფითმა დამოკიდებულებამაც შეიტანა წვლილი... დიახ, ერთი პოზიტიური შედეგი ამ ვირუსის გავრცელებისა ესეც არის ჩვენში... არ იქნება ურიგო, თუ ამ გამოცდილებას ჩვენს უნივერსიტეტშიც გავუწევთ ანგარიშს. ვიმეორებ, დადებითი შედეგები პროფესიონალიზმისა და გამოცდილების დაფასებას მოაქვს...
- „კოვიდ-19“-ის პერიოდი და თსუ“ — ამ თემაზე ვაპირებთ ბროშურის გამოცემას. რამდენად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ეს პერიოდი მომავალი თაობისთვის ისტორიულად?
- მე ასე წარმომიდგენია: თქვენ მიერ ჩაფიქრებულმა ბროშურამ მომავალ თაობებს უნდა დაანახოს ერთი მთავარი რამ: საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ჩვენს უნივერსიტეტს ჰქონია ძნელბედობის ჟამი, მაგრამ საერთო ძალისხმევას, თავდადებას გაუმარჯვია... ამგვარმა გამოცემამ რწმენა უნდა შემატოს სტუდენტსაც და ლექტორსაც... დღევანდელი თავდადება სახვალიო მაგალითად უნდა იქცეს!...
- პასუხისმგებლობა და სოლიდარობა — როგორ ეხმაურებით ამ თემას ვირუსით გამოწვეულ რეალობაში?
- სახლში გამოკეტვამ ის დაგვანახა, რომ სხვისი ჭირიც ჩვენი ჭირია; შეგვახსენა, (გაგვათავისებინა) ის აზრი — სახლში უნდა დავრჩეთ არა იმიტომ, რომ ჩვენს თავს გავუფრთხილდეთ, არამედ მოყვასზე ვიფიქროთ, სხვას გავუფრთხილდეთ... დაგვაფიქრა საზოგადოებაზე; მე მგონი ადრე ასე არ ვფიქრობდით სხვაზე: წარმოიდგინეთ, არ ვიცნობთ ადამიანებს და მტკივნეულად განვიცდით ყოველ ახალ დაინფიცირებულს, მითუმეტეს, ყოველ გარდაცვლილს... ბედნიერებად მიგვაჩნია ყოველი ახალი გამოჯანმრთელებული... და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში... ადრე არ იყო ასე... გაჭირვებამ დაგვაფიქრა ერთმანეთზე, შეგვაყვარა ერთმანეთი... იმედია, ჩაივლის ეს კორონა და ეს სიყვარული შეგვრჩება...