ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელი ვებ-პლატფორმა ამოქმედდა. http://drc.tsu.ge – ვებ-გვერდზე უკვე განთავსებულია რამდენიმე სალექციო კურსი, პოდკასტი და სტატია, რომელიც მკითხველს 1918-1921 წლებში საქართველოში, ზოგადად, კავკასიაში არსებულ ვითარებას აცნობს და, ასევე, საქართველოს ისტორიის აღნიშნულ მონაკვეთს მსოფლიოს კონტექსტში აანალიზებს. ამ დროისთვის ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს.
ახალი საგანმანათლებლო ვებ-პლატფორმა თსუ-ის პირველი დემოკრატიული რესპუბ-ლიკის შემსწავლელი ცენტრ-ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის დეპარტამენტის მკვლევარის ნიკა მუყასაშვილის ორგანიზებით შეიქმნა. მთავარი მიზანი — საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული და ამჟამადაც არსებული, არასწორად ინტერპრეტირებული ისტორიის წინააღმდეგ ობიექტური, მეცნიერული არგუმენტებით დამოწმებული ინფორმაციის გავრცელებაა.
„საბჭოთა კავშირში ქართულ ისტორიოგრაფიას მრავალნაირი ინტერპრეტაციით ასწავლიდნენ, სამეცნიერო წრეებში ბევრი განსხვავებული აზრი არსებობდა. დღესაც ჩვენი ქვეყნისთვის განათლება მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიწრო სამეცნიერო წრეების გარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ინფორმაციას ძალიან ცოტა ადამიანი ფლობს. აღნიშნული ვებ-პლატფორმა თსუ-ის სტუდენტური საგრანტო პროექტების კონკურსში გამარჯვების შედეგად დაფინანსდა. ამ დროისთვის საპილოტე ვერსიაა გაშვებული, თუმცა ნელ-ნელა ვებ-გვერდი ინფორმაციულადაც შეივსება და ვიზუალური მხარეც დაიხვეწება“, — განმარტავს ნიკა მუყასაშვილი.
ვებ-პლატფორმის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში საქართველოში, ზოგადად, კავკასიაში და, ასევე, რუსეთშიც მიღებული ბევრი გადაწყვეტილება დღესაც აქტუალურია და მისი ცოდნა თანამედროვე მწვავე გეოპოლიტიკური საკითხებისადმი სწორ დამოკიდებულებას უზრუნველყოფს.
„ქართული დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა იწყება 1918-1921 წლებიდან: პირვე-ლი ქართული საგანმანათლებლო სივრცე — ტფილისის უნივერსიტეტი — დაარსებულია ამ პერიოდში; საქართველომ მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარა ევროპულ აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებთან, ჩვენ შემოვიტანეთ ძალიან დიდი ტრადიცია გერმანული, ფრანგული მეცნიერების... გვყვავდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც იყო აკაკი ჩხენკელი, რომლის წიგნი ახლა მუშავდება და გამოიცემა ამ ცენტრის სახელით. არსებობს გეოპოლიტიკური წერილები, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს ურთიერთობას რუსეთთან, ახლო აღმოსავლეთთან... თანამედროვე კონსტიტუციური ბაზისი და სამართალმემკვიდრეობა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნდამენტზე აშენდა. აუცილებელია — ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, ვიცოდეთ — საიდან მოვდივართ და ვიცნობდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც 1918-1921 წლებში ისეთი სახელმწიფოს მოდელი შექმნეს, რომელიც იმ დროს ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ მოდელად ითვლებოდა და ამას აღნიშნავდა აქ ჩამოსული ინტერნაციონალი დელეგაციის ყველა წარმომადგენელი. ამ პერიოდის საქართველოში საუბარი იყო 6 საათიან სამუშაო გრაფიკზე, ქართული და ბელგი-ური ბაზრების ინტეგრაციაზე, ქალთა უფლებები სათანადო დონეზე იყო დაცული და მათ 1919 წლის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
აუცილებელია იმის ცოდნა, რომ 1920 წლის „მოსკოვის ხელშეკრულებით“ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს იურისდიქციაში ყოფნა ოფიციალურად აღიარა. აქედან გამომდინარე, უამრავი საკითხია, რომელიც დღევანდელი საქარ-თველოს ისტორიულ წესრიგს წყვეტს“, — აღნიშნა ნიკა მუყასაშვილმა.
ვებ-გვერდი — http://drc.tsu.ge – 13 მაისიდან ამოქმედდა. უახლოეს მომავალში ვიდე-ოლექციების კურსის ატვირთვა იგეგმება, რომელიც 1918-1921 წლებში მიმდინარე პარტიულ პოლიტიკას, არჩევნებს, ხელოვნებას, კონფლიქტებსა და სოციალურ საკითხებს მოიცავს. ვებ-პლატფორმაზე თსუ ბიბლიოთეკის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი ბიბლიოთეკის გამოცემული წიგნები, ექსპერტ-რევიუები და სხვა მასალების გამოქვეყნებაც იგეგმება.