შურთხია ბეროშვილი
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ზვიად კვიციანი მუშაობს მონოგრაფიულ ნაშრომზე: „ყველაზე კავკასიელნი“ (ხალხმრავალი და ოქრომრავალი სვანეთი, წერილობითი წყაროების, ანთროპოლოგიური, ნუმიზმატიკური და არქეოლოგიური მონაცემების შუქზე)“. ამ ნაშრომის მომზადების საფუძველია 2011-2021 წლებში თსუ-ის არქეოლოგიის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული სვანეთის სასწავლო-სამეცნიერო არქეოლოგიური ექსპედიციები (ხელმძღვანელი: პროფესორი ზვიად კვიციანი). საველე სამუშაოები, რომელშიც არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები მონაწილეობდნენ, მიმდინარეობდა მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერტორიაზე. განხორციელებული სამუშაოების შედეგად გამოვლენილია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები.
„თსუ სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიცია ატარებს სვანეთის არქეოლოგიური ძეგლების/ობიექტების ინვენტარიზაციას. ამ ეტაპზე უკვე მესტიის მუნიციპალიტეტის 12 თემის: ხაიშის, ჭუბერის, ლახამულის, ნაკრის, ბეჩოს, ცხუმარის, ფარის, მულახის, წვირმის, იფარის, კალისა და უშგულის 950-მდე კულტურულ-ისტორიული ძეგლია აღრიცხული. აღნიშნული მასალის გარდა, აღსანიშნავია სვანეთის სხვა არქეოლოგიური მონაპოვრები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ მოსახლეობაშია გაბნეული და შესაძლებელია მათი ოფიციალური შესყიდვა. გასულ წლებში ჩვენს მიერ მოსახლეობისგან შევისყიდეთ 3500 ლარის 25-ზე მეტი უნიკალური არტეფაქტი, რომელიც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიდეს ბინას.
სვანეთი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი მაღალმთიანი რეგიონია საქართველოში, რომელმაც დღემდე ყველაზე ცოცხლად და კომპაქტურად შემოგვინახა ძველი ქართული მატერიალური და სულიერი ძეგლები: შუა საუკუნეების ორიგინალური არქიტექტურა, ფერწერისა და ოქრომჭედლობის, ხელნაწერებისა და ხალხური რეწვის იშვიათი ნიმუშები, ძირძველი ენა, უძველესი მუსიკალური და ზეპირსიტყვიერი ფოლკლორი, რელიგიურ-მითოლოგიური რწმენა-წარმოდგენები და რიტუალები, ადათობრივი სამართლი, მაღალი მორალურ-ფსიქოლოგიური და ყოფითი ტრადიციები. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე სვანეთში, თსუ სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ განხორციელებული საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად გამოვლენილია სხვადასხვა ეპოქების ნამოსახლარები, სამაროვნები, სამთამადნო და მეტალურგიული ობიექტები და საკულტო ძეგლები; აღმოჩენილია ათასობით ნივთიერი მასალები, რომელშიაც ასახულია საზოგადოების განვითარების თითქმის უწყვეტი სურათი, ქვის ხანიდან მოკიდებული — შუასაუკუნეების ჩათვლით“, — ამბოს ზვიად კვიციანი.