გვესაუბრება პროექტის ხელმძღვანელი,
თსუ-ის პროფესორი ზაზა სხირტლაძე
ქართველი და სომეხი ხალხების ისტორიული ურთიერთობების ცალკეული საკითხების შესწავლას დიდი ივანე ჯავახიშვილიც უთმობდა ყურადღებას. ისტორიკოსი სომხეთის ისტორიას უმთავრესად განიხილავდა, როგორც თვით საქართველოს წარსულის შესწავლის ერთ-ერთ სერიოზულ საშუალებას, რისთვისაც გულმოდგინედ იკვლევდა ძველი და შუა საუკუნეების სომხეთის სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიას, საისტორიო მწერლობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. იქიდან მოყოლებული ამ ურთიერთობების შესწავლის ინტერესი ქართველ მეცნიერებში დღემდე არ შენელებულა, რასაც სულ ახლახანს გამოცემული სამტომეული: „ანისი და საქართველო. ნარკვევები, მასალები“ ადასტურებს. საინტერესოა ამ მიმართებით ისტორიკოსთა, ეთნოგრაფთა, ლინგვისტთა და ანთროპოლოგთა კვლევის შედეგები.
სამტომეულში თავმოყრილია ქართველი მეცნიერების მიერ განხორციელებული პროექტის შედეგები, რომლის მიზანიც გახლდათ ანის-შირაკის, როგორც გამორჩეული მრავალკულტურული გარემოს, ეთნიკური, კონფესიური, გეოპოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული პროცესების წარმოჩენა და ამ პროცესებში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ადგილი და როლის განსაზღვრა.
თუ რა ახალი ისტორიული და კულტურული პროცესები გამოიკვეთა ორი კულტურის ურთიერთქმედების სხვადასხვა დონეზე, ამის შესახებ გვესაუბრება პროექტის ხელმძღვანელი, თსუ-ის პროფესორი ზაზა სხირტლაძე.
— ბატონო ზაზა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ძალებით გამოიცა სამტომეული; „ანისი და საქართველო. ნარკვევები, მასალები“. რა მიზანს ისახავდა ამ ნაშრომის გამოცემა და რა მასალები იქნა შესწავლილი პროექტის ფარგლებში?
— ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, განვლილი სამი წლის მანძილზე (2016-2018) ახორციელებდა პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ანის-შირაკის, როგორც გამორჩეული მრავალკულტურული გარემოს, შეძლებისდაგვარი მრავალმხრივობით წარმოჩენას, ამასთან მასში არსებული სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის შრეებთან ერთად, ქართული პოლიტიკური, აღმსარებლობითი და მხატვრული მემკვიდრეობის თანაარსებობასთან დაკავშირებული მხარეების შესწავლას. პროექტის განხორციელების შედეგად გამოვლენილი მასალები მრავალმხრივ სრულყოფს ანისის, როგორც სხვადასხვა კულტურული წრის შეხვედრისა და ურთიერთმიმართების გარემოს სურათს, ამასთანავე ახალი კუთხით წარმოაჩენს სამხრეთი კავკასიის ვრცელ რეგიონში მიმდინარე ეთნოკონფესიურ თუ კულტურულ პროცესებს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე ეკლესიის მიმართებებს მათთან, საზოგადოდ — ქართული კულტურული მემკვიდრეობის ადგილსა და როლს ამ პროცესებში.
— შესწავლილი მასალების საფუძველზე, ზოგადად, რისი თქმა შეგვიძლია? რა ახალი ისტორიული და კულტურული პროცესები წარმოჩინდა ქართულ-სომხური ურთიერთობების ახლებურად გააზრებისათვის, რა ადგილი ეჭირა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ადგილსა და როლს ამ პროცესებში? — როგორც მოგეხსენებათ, ანისი – „ათას ერთი ეკლესიის ქალაქი“ – საუკუნეების განმავლობაში იდგა იმ გზაჯვარედინზე, სადაც ქვეყნებისა და იმპერიათა პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ინტერესები იკვეთებოდა. ქალაქისა და მისი შემოგარენის სტრატეგიული მდებარეობა იყო ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც იგი, ერთი მხრივ, სომხეთისა და საქართველოს სამეფოს, ხოლო მეორე მხრივ, თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს და ბიზანტიის იმპერიის მუდმივი ცილობის არეალს წარმოადგენდა. სხვადასხვა სახელმწიფო ანის-შირაკში მკვიდრობას, სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ძალისხმევის თანადროულად, საკუთარი სარწმუნოებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაფუძნება-გავრცელების გზით ცდილობდნენ. იცვლებოდნენ ქვეყნები და მმართველები, ვის მფლობელობაშიც ანისი გადადიოდა, იცვლებოდა აღმსარებლობითი ვითარება და, შესაბამისად, მუდმივად იცვლებოდა ქალაქის იერსახეც. შედეგად, ანისი — თავის ეპოქისთვის უჩვეულო მასშტაბების, უაღრესად აქტიური კულტურული თუ სულიერი ცხოვრებით გამორჩეული, ქალაქი — ჩამოყალიბდა სწორუპოვარ მრავალკულტურულ გარემოდ, რომლის შექმნაშიც, საკუთრივ სომხურთან ერთად, გარკვეულ ისტორიულ ეტაპებზე, მონაწილეობდა ბიზანტიური, ისლამური და ქართული კულტურული მემკვიდრეობაც. ყოველივე ეს მკაფიოდ აისახა ანისის ხანგრძლივ ისტორიულ გეზზე, რომელიც თავისი მრავლისმომცველი და სწორუპოვარი ბუნებით გამოირჩეოდა.
— კონკრეტულად, რა თემებს, გამოკვლევებს და წყაროებს მოუყარა თავი სამტომეულმა? რა სიკითხების წარმოჩენაზე გაკეთდა აქცენტები და რა მნიშვნელოვანი მასალები გამოვლინდა კვლევების შედეგად?
— პროექტზე მუშაობის შედეგად გამოვლენილ და შესწავლილ მასალებში, წერილობითი წყაროების გვერდით, ერთიანდება არქეოლოგიური მონაპოვარი, ნუმიზმატიკა, ლაპიდარული და ფრესკული ეპიგრაფიკა, ხუროთმოძღვრება და კედლის მხატვრობა, აგრეთვე საარქივო მასალები – დოკუმენტები, საველე დღიურები, ფოტოები, რომლებიც ქალაქის ისტორიის სხვადასხვა ეტაპთან და მის კვლევასთანაა დაკავშირებული. ამ მასალის აღნუსხვა და შესწავლა ანისის, როგორც სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის თავშეყრის ადგილის, მრავალმხრივ საგულისხმო სურათს სახავს, ამასთან ახალი კუთხით წარმოაჩენს ამ სურათში ქართული მემკვიდრეობის თანამონაწილეობის ხასიათსა და მასშტაბებს.
იმ მასალებს შორის, რომლებიც პროექტის განხორციელების პროცესში იქნა აღნუსხული და შესწავლილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
შვიდ ათეულზე მეტი ქართული მონეტა, რომლებიც დაცულია ყარსის მუზეუმის ფონდებში; ეს ნუმიზმატიკური მასალა ანის-შირაკის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში არსებობის პერიოდთანაა დაკავშირებული;
ას ორმოცდაათზე მეტი ფრესკული წარწერა ანისის წმ. გრიგოლის ეკლესიის მოხატულობიდან. ამ წარწერების დიდი უმეტესობა უცნობი რჩებოდა სამეცნიერო წრეებისთვის, ხოლო ის მცირედი, რაც ცნობილი იყო (არა უმეტეს ორი ათეულისა), ამოკითხული იყო ნაწილობრივ და, მეტწილად, შეცდომებით. შესრულდა ყველა წარწერის გრაფიკული მონახაზი; შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული მასალა შეძლებისდაგვარად იქნა აღნუსხული და ფიქსირებული.
ას ოცზე მეტი უნიკალური ფოტონეგატივი, რომლებზეც ანისის ნაქალაქარის სიძველეებია აღბეჭდილი. ეს ფოტოები გადაღებულია ალექსანდრე როინაშვილის და დიმიტრი ერმაკოვის მიერ XIX საუკუნის მიწურულს; ამჟამად ისინი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.
ანისის ქართულ სიძველეთა აღნუსხვასა და კვლევასთან დაკავშირებული XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის საარქივო მასალები, რომლებიც თილისისა და სანკტ-პეტერბურგის სიძველეთ საცავებში ინახება.
ამასთან ერთად, ნაშრომში თავმოყრილ იქნა ქართული, სომხური, არაბული, სპარსული, სირიული, ოსმალური და რუსული ნარატიული წყაროები, აგრეთვე ქართული და სომხური ლაპიდარული წარწერები, რომლებიც ასახავენ ანისში და ისტორიულ შირაკში არსებულ ქართულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ეთნოპოლიტიკურ, კონფესიურ და კულტურულ პროცესებს. განხორციელდა ანისის პოლიტიკური ისტორიის, ისტორიული და საეკლესიო გეოგრაფიის კვლევა; საგანგებო ნარკვევები მიეძღვნა საქალაქო ცხოვრებას ანისში, ანისის იმ საეკლესიო და საფორტიფიკაციო ნაგებობებს, აგრეთვე ფრესკებს, რომელთა აგება ან განახლება საქართველოს სამეფოს მფლობელობის ეპოქასთანაა დაკაშირებული. დასასრულ, მონოგრაფიული კვლევა მიეძღვნა წმ. გრიგოლის ეკლესიის, მისი დასავლეთი კარიბჭისა და ჩრდილო-დასავლეთი ეკვდერის ფრესკებს, რომლებიც XIII საუკუნის მეორე და მესამე მეოთხედის განმავლობაში საქართველოს სამეფოს უზენაეს საერო და საეკლესიო ხელისუფალთა, აგრეთვე სახელმწიფოს ადგილობრივ წარმომადგენელთა განგებით იქმნებოდნენ.
პროექტის მომზადებისას და, შესაბამისად, მისი განხორციელების საწყის ეტაპზე განზრახული იყო კვლევის შედეგების გამოქვეყნება ერთ ტომად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. განვლილი პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი მასალის მოცულობისა და მისი სათანადო შესწავლის კვალად, პუბლიკაციის მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საბოლოო სახით პროექტის განხორციელების შედეგებმა თავი მოიყარა სამტომეულში, რომლის პირველი და მეორე ტომები ეთმობა გამოკვლევებს, ხოლო მესამეში თავმოყრილია კვლევის შედეგად გამოვლენილი და აღნუსხული მასალები.
პირველი ტომი ისტორიოგრაფიული ნარკვევით იწყება; შემდეგ ვრცელი გამოკვლევა ეძღვნება ანისის პოლიტიკური ისტორიის, ისტორიული და საეკლესიო გეოგრაფიის საკითხებს; საგანგებო ნაკვეთში განხილულია ანისის საქალაქო ცხოვრების ცალკეული მხარეები, რომელიც სხვადასხვა ეთნოკულტურული წრის – მათ შორის ქართულის — თანაარსებობით იქმნებოდა; მოკლედაა განხილული ანის-შირაკის ქართული ნუმიზმატიკური მასალა; დახასიათებულია ქალაქის საფორტიფიკაციო სისტემა, მისი ჩამოყალიბების ეტაპები, მათ შორის — საქართველოს სამეფოს მფლობელობის პერიოდის მასშტაბური აღმშენებლობა და ცალკეული კონსტრუქციულ-მხატვრული მახასიათებლები; განხილულია ანისის საეკლესიო-სააღმშენებლო სკოლის ის ძეგლები, რომელთა მხატვრული იერსახეც სხვადასხვა მხატვრული წრის — მათ შორის ქართულის — მახასიათებელთა თანაარსებობითა და ერთიანობით იქმნებოდა.
რაც შეეხება მეორე ტომს, იგი მთლიანად დაეთმო გამოკვლევას ანისის ყველაზე მნიშვნელოვანი ფერწერული ანსამბლის – ტიგრან ჰონენცის საფასით აგებული წმ. გრიგოლის ეკლესიის, მისი კარიბჭის და ეკვდერის ფრესკების შესახებ. მოხატულობების საგანგებო კვლევამ შესაძლებელი გახადა მათ შექმნასთან დაკავშირებული არაერთი არსებითი საკითხის ნათელქმნა და დაზუსტება. მათ შორისაა ფერწერული ანსამბლის პროგრამის საზოგადო საზრისი და მისი მიმართება ქართველთა სამეფოს მფლობელობის ეპოქის ანისისა და სამხრეთი კავკასიის პოლიტიკურ, აღმსარებლობით და კულტურულ რეალიებთან, ისევე როგორც წმ. გრიგოლ პართელის ცხოვრების ციკლში აღბეჭდილი, ეთნოკულტურული ტენდენციები და ციკლის საზრისის წანამძღვრები, რაც, გარკვეული ისტორიული ეტაპისთვის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიის მიზანდასახულობასთან იყო დაკავშირებული.
მესამე ტომში შეძლებისდაგვარად სრულად იქნა თავმოყრილი ანის-შირაკისა და საქართველოს ურთიერთობის სხვადასხვა მხარეთა ამსახველი ქართული, სომხური, ბიზანტიური, არაბული, სირიული, სპარსული, ოსმალური და რუსული ნარატიული წყაროები; ერთიანი კორპუსის სახით ქვეყნდება ანისისა და მისი შემოგარენის ის ეპიგრაფიკული ძეგლები — სახელდობრ, ქართული და სომხური ლაპიდარული, აგრეთვე ქართული და ბერძნული ფრესკული წარწერები — რომლებიც ასახავს ანისსა და ისტორიულ შირაკში მიმდინარე, ქართულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ, პოლიტიკურ, აღმსარებლობით, კულტურულ პროცესებს; ამას მოსდევს კატალოგები, სახელდობრ, ქვეყნდება ქართული სახელმწიფოს მფლობელობის ეპოქის ნუმიზმატიკური მასალა, რომლის ძირითადი ნაწილი ყარსის მუზეუმშია დაცული; ყარსის მუზეუმში დაცული რელიეფი ქართული წარწერით; საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალები ანისიდან. ტომის ბოლო ნაკვეთში გაერთიანდა ანისისა და საქართველოს ურთიერთობების ამსახველი საარქივო დოკუმენტები.
— ვინ იღებდა მონაწილეობას პროექტის განხორციელებაში?
— პროექტის განხორციელებაში ვმონაწილეობდით მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი ჭეიშვილი, ენტონი ისტმონდი, ირინე გივიაშვილი, ირინე ელიზბარაშვილი, ნატალია ტურაბელიძე, ნანა სიხარულიძე, ვლადიმერ კეკელია, ირმა ხოსიტაშვილი, ნელი ჩაკვეტაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი, ნინო ბაგრატიონი, ვიოლა ტუღუში, ზეინაბ გურჯიძე. შემდგომში პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს შემოუერთდნენ თეო ჯალაღანია, მაია პატარიძე, ირაკლი ფაღავა და ირაკლი თეზელაშვილი. საისტორიო წყაროების თავმოყრასა და გამოსაცემად მომზადებაში ჩართულნი იყვნენ გრიგოლ ბერაძე, დარეჯან გარდავაძე, ნანი გელოვანი, მირიან მახარაძე, მერაბ რობაქიძე, ნინო სურმავა, ჰუბერტ ქაუფჰოლდი, ზაზა შაშიკიძე, თეა შურღაია, ჰარუთიუნ ხუდანიანი, გოჩა ჯაფარიძე. სამტომეული დაიბეჭდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. ამჟამად მზადდება სამტომეულის ინგლისური ვერსია, რომელსაც, იმედია, მალე მიიღებს დაინტერესებული მკითხველი.
მოამზადა თამარ დადიანმა