სტატია მოამზადა შურთხია ბეროშვილმა
სახლში დარჩენილი პროფესორებისთვის დრო თვითიზოლაციაშიც „არ შეჩერებულა“, პირიქით, ამბობენ, რომ დღეები „თვალის დახამხამებაში“ გარბის, მოსაწყენად და „სტრესის დასაძლევად“ ჯერ ვერ მოიცალეს და „გულის გადასაყოლებლად“ კითხვა მათთვის კვლავ ფუფუნებაა, რადგან ახალ რეალობასთან ბრძოლა ონლაინ რეჟიმში უწევთ: ლექციები, სემინარები, სხდომები... დამღლელი დღის შემდეგ კი წინაა ოჯახური საქმეები, ამიტომ ჩვენს შეკითხვაზე — თავისუფალ დროს რომელ საყვარელ წიგნებს დაუბრუნდნენ ან ახალი ნაწარმოებების კითხვისთვის თუ მოიცალეს, მეტ-ნაკლებად გვიპასუხეს და კვლავ თავიანთ პროფესიულ გეგმებზე გვესაუბრნენ. თუმცა, ზოგიერთი დროს მაინც „იპარავს“ და საყვარელი წიგნების გადაკითხვას მაინც ახერხებს.
იზოლაციის დროს ერთმანეთს ვახსენებთ „ვეფხისტყაოსანს“
გვესაუბრება თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ნინო პოპიაშვილი:
- ვფიქრობ, მხატვრული ლიტერატურა ყველაზე სანდო ანტისტრესული რესურსია. ინგლისელი ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი ამბობდა: „წიგნები მიაგავს გემებს, რომლებიც დროის ოკეანეში მიცურავენ“. იზოლაციისას ყველაზე სანდო და საინტერესო რესურსი კვლავაც მხატვრული ლიტერატურაა. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით ითქმის ფილოლოგებზე, რომელთათვისაც ტექსტი, ნებისმიერი ფორმითა და შინაარსით, უკვე საინტერესოა. ეს არის ერთგვარი პროფესიული ჩვევა, როცა ყველაფერს კითხულობ და ყოველ წარწერაზე „გაგირბის თვალი“. იზოლაციამდე ვკითხულობდი და იზოლაციის პირველ დღეებში დავასრულე ზაირა არსენიშვილის შესანიშნავი რომანი — „ვა სოფელო (კახური ქრონიკები)“. ეს არის საქართველოს მე-20 საუკუნის მხატვრული ისტორია; ისეთი მხატვრული, როგორიც აქამდე არ წამიკითხავს და ისეთი რეალისტური, რომ მიჰყვები ავტორს, მიჰყვები თხრობას და ყველაფრის გჯერა. ამასთან, მომხიბვლელად მოთხრობილი, უმდიდრესი ლექსიკური მარაგით, პოეტური სიტყვის ოსტატობით და მშვენიერებით. ამ წიგნმა, სადაც ტოტალიტარული ეპოქა ჩემთვის მშობლიური მხარის მაგალითზეა ასახული, ბევრი საფიქრალი დამიტოვა.
ჩვევად მაქვს გაზაფხულზე „ვეფხისტყაოსნის“ გამეორება. ეს არის ჩვენი წიგნთა წიგნი, ჩვენი საუნჯე. იზოლაციის დროს კი რამდენიმე სოციალური აქტივობა დაემთხვა და საჯაროდ, სოციალური ქსელების დახმარებით ვახსენებდით ერთმანეთს „ვეფხისტყაოსანს“. პოემაში მრავალი თემაა: პესიმიზმი და ოპტიმიზმი, ბრძოლა და სიხარული, სევდა და მოლხენა. მრავალმხრივი სიბრძნე გვასწავლის, გვამხნევებს, გვარიგებს. ვკითხულობდი „ვეფხისტყაოსანს“ და ცხოვრებისეულ შეკითხვებზეც ვიღებდი პასუხებს. „ვეფხისტყაოსანმა“ მოვალეობაც, სიყვარულიც და სიმშვიდეც კიდევ ერთხელ შემახსენა და მაპოვნინა.
არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ისე ხდება, რომ ერთსა და იმავე წიგნს, სხვადასხვა გამომცემლობის გამოცემულს, სხვადასხვა დროს ვყიდულობ ხოლმე. ადრე ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ჩვენს ბიბლიოთეკაშია ჩემი მშობლების ნაყიდი კლასიკოსების წიგნები, რომლებსაც ბავშვობიდან ვკითხულობდი და ისე მოხდა, რომ ამ ტრადიციას მეც ვაგრძელებ. აგარაკზე, სადაც იზოლაციას ბავშვებთან ერთად გამოვექეცი, აღმომაჩნდა ნობელიანტი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის ყველასათვის ცნობილი რომანი — „მარტოობის ასი წელიწადი“. ამ წიგნის ხელახლა წაკითხვა მომინდა. ვაკვირდებოდი გმირებს, მათ ხასიათს, ავტორის თხრობის სტილს, ღირებულებების მონაცვლეობის მარადიულობას და ვფიქრობდი — გამოგონილ სამყაროშიც კი, ყველაფერი, სადაც ადამიანი მონაწილეობს, როგორი ადამიანურია.
გერმანულ ენაზე წავიკითხე იაპონური წარმოშობის გერმანულენოვანი მწერლის იოკო თავადას ახალი რომანი — „ეტიუდები თოვლში“. ამ ავტორს რამდენიმე წელია ვაკვირდები. მიგრაციული გამოცდილება, ქალი ავტორის პერსპექტივა და სხვა ლიტერატურული საკითხები იოკო თავადას სუბიექტურ სამყაროში ძალზე საინტერესო სინთეზს ქმნის. რომანი „ეტიუდები თოვლში“ მოგვითხრობს სწორედ იდენტობაზე, მიგრაციაზე, უცხოსა და ნაცნობის თემებზე.
კიდევ ერთი წიგნი, რომელიც იზოლაციის დროს გახდა ჩემი თანამგზავრი, არის ნობელიანტი მწერლის მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“. ეს არის დიდი წიგნი, რომელმაც ადამიანები კიდევ ერთხელ დამანახა. დიქტატურა, თავისუფლებადაკარგული ადამიანები, ტოტალიტარიზმი — ამ წიგნის მთავარი თემებია. ახლა სწორედ ლიოსას ვკითხულობ.
ჩემი პროფესიისათვის სრულიად ბუნებრივია, რომ ვიხსენებთ და კვლავ ვკითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას. სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ადგილას შექმნილ ტექსტებს ვადარებთ, გამოვყოფთ საერთო თემებსა და სიუჟეტებს, ვაკვირდებით პერსონაჟის ასახვის თავისებურებებს, პოეტური ენის საკითხებს. ამასთან, ვკითხულობთ და ვეცნობით ახალ ტექსტებს. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე ავტორების ტექსტები, ქართული თანამედროვე ლიტერატურა, მისი თემატიკა და ხასიათი, ასახვის თავისებურებები, ძველისა და ახლის, ტრადიციულისა და ინოვაციურის ურთიერთობები და კავშირები.
რომანებთან ერთად უნდა ვახსენო პოეზია, როგორც მხატვრული ლიტერატურის ულამაზესი სამკაული, რომელიც სწორედ იზოლაციის პირობებში კიდევ უფრო საინტერესო და აქტუალური გახდა. პოეზიამ თითქოს მკითხველი დაკარგა პრაგმატულ 21-ე საუკუნეში და თავისი მოკლე ფორმისა და მომენტალური განწყობილების შექმნის გამო თავშესაფარი ვირტუალურ სამყაროში ჰპოვა ჩვენი საუკუნის დასაწყისში, ახლა ხშირად არის ჩვენი ფიზიკური დისტანციის, მარტოობისა და მოწყენილობის შემფარებელი. პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო და რჩება.
ბევრი წიგნი მელოდება
გვესაუბრება თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ პაიჭაძე:
- დღევანდელმა ვითარებამ ბევრი ჩვენგანი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: რა ვქნათ იზოლაციაში? ვფიქრობ, ამ დროს მიდგომა სხვადასხვანაირია: ნაწილისთვის — როგორ გავიყვანოთ დრო, ხოლო მეორეთათვის — როგორ გავანაწილოთ ეს დრო. ბუნებრივია, ორივე შემთხვევაში უჩვეულო რეალობასთან მორგება არის მიზანი, მაგრამ, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ მე და, სავარაუდოდ, ბევრი ჩემი კოლეგაც მეორე ჯგუფს მივეკუთვნებით.
წლებია ასე გრძელდება: სასწავლო წლის განმავლობაში ვაგროვებ ახალ თუ უცნობ წიგნებს, რომლებიც ახლად გამოსულია ან წიგნის მაღაზიის თაროზე აღმოვაჩენ; ან ლიტერატურულ წარდგენებსა და შეხვედრებზე მჩუქნიან; ან ავტორები მიგზავნიან... ეს კოლექცია კი მრავალფეროვანია ჟანრობრივი თუ ენობრივი თვალსაზრისით. სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველდღიურ საქმიანობაში უმრავლესი მათგანის წაკითხვას ვერ ვახერხებ და ზაფხულისთვის ან ზამთრის არდადეგებისთვის ვინახავ, თუმცა ამ დროისთვის არჩევანი იმდენად დიდია, რომ აქაც მრჩება წაუკითხავ-გადაუშლელი წიგნები, რომელთაც შემდეგ ახლები ემატება და ა.შ. ეს მდგომარეობა ლიტერატორისათვის ერთგვარი ჩვეული ტკივილია, დროის უკმარისობით გამოწვეული...
იზოლაციის პირობებში კი მოულოდნელად ეს დრო ისევ დადგა, თუმცა, ამ მხრივ, ჩემთვის არცთუ ფართო შესაძლებლობებით. დისტანციური სალექციო რეჟიმისგან, სხდომებისგან, სარეცენზიო და სარედაქციო სამუშაოსგან თავისუფალ დროს დავიწყე „გადანახული“ წიგნების კითხვაც, ამას დაემატა ჩემთვის საინტერესო ლიტერატურაზე მოძიებული ელექტრონული ვერსიებიც. არჩევანი ისევ ფართოა, პროფესიულ ლიტერატურათმცოდნეობით ტექსტებს მხატვრული ლიტერატურა ენაცვლება და ისე გამოდის, რომ რამდენიმე წიგნს ზოგჯერ პარალელურადაც ვკითხულობ. ამ დროისათვის ეს ის ლიტერატურაა,
რომელთა წაკითხვაც მოვახერხე, ზოგიერთი ბოლომდე ჯერ არც დამისრულებია და თან სხვა წიგნებიც მელოდებიან... ესენია: ჩარლზ დიკენსი — „ორი ქალაქის ამბავი"; უილიამ ფოლკნერი — „სასახლე“; ელიფ შაფაქი — „ევას სამი ქალიშვილი“; ჯეიმზ ჯოისი — „პირადი წერილები“; ჯუმფა ლაჰირი — „უცხო მიწა“; რომენ გარი — „ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ“; ჯონ სტაინბეკი „კონსერვის რიგი“; მილან კუნდერა — „უმნიშვნელობის ზეიმი“; კარლ გუსტავ იუნგი — „მეტამორფოზის სიმბოლოები“; ორჰან ფამუქი — „ჩემი უცნაური ფიქრები“; ინგებორგ ბახმანი — „მალინა“; მარიო ვარგას ლიოსა — „ქალაქი და ძაღლები“; ჰარუკი მურაკამი — „ქარი/პინბოლი“; კნუტ ჰამსუნი — „პანი“; გიორგი კალანდია — „სამი ქართული ამბავი“; ნინო ზედელაშვილი — „დარდების შემგროვებელი (მოგონებები გოდერძი ჩოხელზე)“; დეკანოზი პეტრე (პაატა) კვარაცხელია — „მისტიციზმი ტერენტი გრანელის პოეზიაში“; ზაზა შათირიშვილი — Vita Contemplativa (ჭვრეტითი ცხოვრება); ნონა კუპრეიშვილი — „ეროსიდან ეროტიზმამდე“; გია მურღულია — „ლიტერატურული წერილები და ჩანაწერები“.
მოგონებები მალთუსის თეორიაზე
გვესაუბრება თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ია ხუბაშვილი:
- გენიალური ნათქვამია: „არასოდეს თქვა არასოდეს“. განა როდესმე ვიფიქრებდი, რომ ფილმებში ნანახი ეპიდემიები და პირბადიანი ადამიანები ჩვენი რეალობა გახდებოდა? ანდა, როცა ვმუშაობდი ბოკაჩოს „დეკამერონზე“ (ჩემს საკანდიდატო დისერტაციაზე), სადაც საოცარი სიზუსტითაა აღწერილი 1348 წლის პანდემია, სიკვდილის ზეიმი, რომელმაც ევროპა თითქმის შეიწირა, ანდა „ესპანური გრიპი“, რომელმაც ევროპისა და ამერიკის მოსახლეობის მასობრივი განადგურება გამოიწვია. ვიფიქრებდი, რომ XXI საუკუნეში იტალია, ესპანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ასევე გახდებოდა ადამიანთა მასობრივი განადგურების ადგილი და ჩვენც საფრთხე დაგვემუქრებოდა? და ამ საგანგებო მდგომარეობაში მყოფი რას ვაკეთებ მე? თავისუფლების შეზღუდვა ადამიანს დროს და ფიქრის საშუალებას აძლევს. ჰოდა, მეც ვფიქრობ და რატომღაც მახსენდება მალთუსის თეორია. ინგლისელმა მღვდელმა და ეკონომისტმა თომას რობერ მალთუსმა (1766–1834) თეორია ჩამოაყალიბა, რომლის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით, ხოლო არსებობის საშუალებები (საკვების რაოდენობა) არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. მალთუსი მოსახლეობის ზრდის ტემპების შეჩერების და არსებობის საშუალებით მის უზრუნველყოფას ბალანსის შენარჩუნების საქმეში ხაზს უსვამდა ისეთი ფაქტორების მნიშვნელობას, როგორიცაა ომი, ავადმყოფობა, შიმშილი, ძალადობა (მოსახლეობის ზრდაზე „პოზიტიური კონტროლი“), თავშეკავება სექსუალური ცხოვრებისაგან, გვიანი ქორწინება, ზნეობრივი შეზღუდვები („პრევენციული კონტროლი“). მოკლედ, მალთუსი ცდილობდა მოსახლეობის ზრდის პროცესების ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები „მოსახლეობის კანონის“ სახით ჩამოეყალიბებინა. ამ თეორიას მოგვიანებით „კაციჭამიობის თეორია“ უწოდეს, მაგრამ მალთუსის ამ მოსაზრებების განახლება და განვითარება XX ს-ის 50-იან წლებში ისევ სცადეს, მაგალითად, გ. მაკენროტმა (1903–1955). განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ კაცობრიობის დემოგრაფიულ სურათს, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობის მატება ბოლო 200 წლის განმავლობაში ინტენსიური გახდა და თუ XIX საუკუნის 20-იან წლებში 1 მილიარდს აღწევდა, დღეს 7 მილიარდს გადააჭარბა. ამიტომ, მათი აზრით, თუ ასე გაგრძელდა კაცობრიობის მატება, მაშინ 7 საუკუნის შემდეგ დედამიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე თითო ადამიანი იცხოვრებს, რაც კატასტროფის ტოლფასია. მალთუსმა, რომლის ეპოქაში ასეთი დემოგრაფიული პრობლემა მწვავედ არ იდგა, ამ საფრთხის შესახებ გააფრთხილა კაცობრიობა. მე მალთუსის მიმდევარი ნამდვილად არ ვარ, ეს აზრი ეტყობა, „დარჩი სახლში“-მ გამიჩინა. იქნებ ეს ყოველივე ღვთის რისხვაცაა...
როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ კი უდავოა — მსოფლიო განვითარების ახალ ფაზაში შევიდა და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესებიც ახლებურად განვითარდება.