თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩარიცხულ და გრანტის მქონე სტუდენტთა რაოდენობით წელსაც ლიდერობს. 2020 წელს თსუ-მ 5082 პირველსემესტრელი მიიღო, მათგან 46%-ზე მეტს სახელმწიფო დაფინანსება აქვს მოპოვებული, რაც ქვეყნის მასშტაბით გრანტოსანი პირველკურსელების 35% პროცენტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ორი აბიტურიენტიც.
„თსუ-ში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2020 წელს კვლავ გაიზარდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტთა მაღალი მაჩვენებლით, თუმცა წელს ეს რიცხვიც გაზრდილია — ჩარიცხულთა 46%-ზე მეტი გრანტის მფლობელია, რაც ნიშნავს, რომ 2349 სტუდენტს დააფინანსებს სახელმწიფო. აღნიშნული რიცხვები მიუთითებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული პირველსემესტრელები გამოირჩევიან მაღალი საგანმანათლებლო შესაძლებლობებით, რაც წარმატებული სტუდენტობის მთავარი წინაპირობაა”, — განაცხადა თსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შოთა ფოთოლაშვილმა.
იმ სტუდენტებს, რომლებმაც სახელმწიფო დაფინანსება ვერ მოიპოვეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლის საფასურის გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს, სტუდენტებს სტიპენდიებისა და სწავლის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობაც აქვთ.
მოამზადა ნატო ობოლაძემ