COVID-19-ის საწყის ეტაპებზე დეზინფორმაციის გაცილებით დიდი ტალღა ჩინეთიდან მოდიოდა, რომელიც მოგვიანებით რუსულმა ნარატივებმა ჩაანაცვლა. საქართველოს, უკრაინისა და ესტონეთის შემთხვევებში მსგავსი იყო ის ინფორმაციები, რომელიც, ზოგადად, მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა (5G ანტენები).
საქართველოში და უკრაინაში გაცილებით დიდი დრო და რესურსი დაეთმო რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიებს. სამივე ქვეყნის მოსახლეობა თვლის, რომ შეუძლია ყალბი ამბების ამოცნობა.
სამივე ქვეყნის შემთხვევაში, საყურადღებო იყო ეთნიკური უმცირესობების როლი. საქართველოშიც, უკრაინაშიც და ესტონეთშიც ეთნიკური უმცირესობები აქტიურად უყურებდნენ რუსულ ტელეარხებს, რაც პრობლემურს ხდიდა მათთან კომუნიკაციას და მათთვის სანდო ინფორმაციის მიწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების ეთნიკური უმცირესობების მნიშვნელოვან ნაწილს ერთი და იმავე ეროვნების ადამიანები არ წარმოადგენენ, სამივე შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის პირველწყარო მათთვის რუსული ტელეარხები იყო და არა ადგილობრივი მედიასაშუალებები.
ესაა ის ძირითადი მიგნებები, რომელიც თსუ-ის სოციალურ დ აპლიტკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასობრივი კომუნიკაცის დოქტორანტმა თამთა ჩხაიძემ სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად მიიღო. კვლევა, რომლის სათაურია „ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის პრაქტიკა საქართველოში, უკრაინასა და ესტონეთში“, გამოქვეყნდა კრებულში: „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია – საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკული და სამართლებრივი ასპექტები“.
სადოქტორო ნაშრომის მიზანია, იკვლიოს, როფორია ყალბ ამბებთან ბრძოლის პრაქტიკა საქართველოში, უკრაინასა და ესტონეთში; რა შინაარსის ყალბი ამბები ხვდება ამ ქვეყნების ონლაინმედიაში; როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში ყალბ ამბებთან ბრძოლის სტრატეგია და როგორ შეიცვალა მეთოდები პანდემიის პირობებში. კვლევას უნდა გამოეკვეთა დაკვირვების ობიექტი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ტენდენციები.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევას რამდენიმე წლიანი საკვლევი პერიოდი აქვს, გარკვეული ნაწილი 2020 წლის ანალიზს ეთმობა, როცა პანდემიის პარალელურად, არანაკლები ძალისხმევა დასჭირდა იმ დეზინფორმაციასთან გამკლავებას, რაც დღემდე თან სდევს პანდემიას.
COVID-19-თან დაკავშირებული კვლევის ამ ნაწილის მეთოდოლოგია მეორადი წყაროების ანალიზს ეფუძნებოდა. პირველადმა კვლევამ პასუხი გასცა კითხვების მხოლოდ მცირე ნაწილს და მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა დამატებით საკვლევ კითხვებს, რომლებიც სხვა მეთოდებით ტარდება.
მოამზადა მაია ტორაძემ