პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე შეუერთდა ზეციურ საქართველოს...
2001 წელს, როდესაც ბატონ ზურაბს 75 წელი შეუსრულდა, ვწერდი: „ადამიანებს წლები აშინებს, მაგრამ ბატონ ზურაბს წელთა სიმრავლე ვერას დააკლებს: იგი აკაკი შანიძის მოწაფეა; იმ აკაკი შანიძისა, რომელიც კალმით ხელში შეხვდა-მეთქი თავის საუკუნოვან იუბილეს…“ და ეს იმდენად მჯეროდა, რომ სრულ მოულოდნელობად აღვიქვი მისი გაბრძანება ამ ქვეყნიდან...
ბატონი ზურაბი ღირსეული უნივერსიტეტელი იყო! თუ ვინმეს შეიძლება დამშვენდეს ეს „წოდება“, უპირველესად, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძეს!.. დიახ,
იგი იყო ღირსეული მოწაფე თავისი დიდი მასწავლებლებისა;
იგი იყო ღირსეული მასწავლებელი თავისი მოწაფეებისა;
იგი იყო ღირსეული მსახური ქართული და ქართველური ენებისა;
იგი იყო ღირსეული დამცველი და ქომაგი დედაენისა...
იგი იყო ღირსეული... რის ეპითეტადაც კი შეიძლება გამოდგეს ეს სიტყვა!...
ერთ-ერთი ბოლო პრემია, რომელიც ბატონ ზურაბს დედაუნივერსიტეტისაგან მიენიჭა, იაკობ გოგებაშვილის საუნივერსიტეტო პრემია იყო; ესეც სიმბოლურია: „დედაენის“ ავტორის სახელობის პრემია წიგნისათვის „ქართული ენა, დამწერლობა, ხელნაწერები“.
ჩვენს სინამდვილეში ძნელი მოსაძებნია მეორე შემთხვევა, რომ ენათმეცნიერულ ნაშრომს ისეთი აღიარება და პოპულარობა მოეპოვებინოს, როგორიც – წიგნმა „რა გქვია შენ?“ (რამდენიმე გამოცემა არსებობს!) – თითქმის ყველა საოჯახო ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილზე რომ დევს. ამ წიგნის სათაურიც, სტრუქტურაც და სტილიც იმის წყალობაა, რომ ბატონი ზურაბი პოეტური სულის ადამიანი იყო; ახალგაზრდობაში ლექსებს წერდა და „პირველ სხიველთა“ პირველი თაობის ღირსეული წარმომადგენელიც იყო...
სწორედ ამგვარი სტილითა და სულისკვეთებით იწერებოდა ზურაბ ჭუმბურიძის წიგნები: „მადლი დედაენისა“ თუ „დედაენა ქართული“, „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ თუ „ქართული სალიტერატურო ენისა და სტილის საკითხები", „სალიტერატურო ენა და მწერლობა" თუ „ლიტერატურული წერილები", „ნუ დავაგდებთ ძველსა გზასა“... „მყოფადი ქართველურ ენებში“... „სვანური ენა“(თანაავტორობით)...
მე, პირადად, ბატონი ზურაბი სვანურ ენას მასწავლიდა. ამ საქმეშიც აკაკი შანიძისა და ვარლამ თოფურიას მოწაფე იყო, 50-იანი წლების ბოლოს გადმოიბარა მან ეს კურსი. ეს არ იყო მშრალი კურსი გრამატიკისა. სვანეთზე, სვანებზე, სვანურ პოეზიაზე საუბრით იწყებოდა საგანი... აუცილებლად შეგვასწავლიდა დიდებული სვანური პოეზიის თუნდაც ერთ ნიმუშს; დღემდე მახსოვს ლექსი თამარ დედოფალზე („ვო ხიადულ თამარ დედფალ“...)... მერე გრძელდებოდა გრამატიკით... მეგობარი მიამბობდა: ბატონ ზურაბს საირმეში შევხვდიო; რომ გაიგო, ჩოლურელი ვიყავი, ჩემგან ტექსტების ჩაწერა მოისურვაო... გაოცებული იყო ჩემი მეგობარი ბატონი ზურაბის მიერ სვანური ენის ცოდნით (ასე იტყვიან ბალსზემო, ასე – ბალსქვემო, ასე – ლაშხეთში და ასე ლენტეხშიო; თქვენ ჩოლურლები კი ასეო და „ასწავლიდა“ სვან კაცს სვანურს იმერეთში, ცნობილ სიმონეთში დაბადებული და გაზრდილი სწავლული!)
სვანური ენისადმი ამგვარი დამოკიდებულების გამო იყო, როცა ენათმეცნიერების ინსტიტუტი გამოსაცემად ამზადებდა უნიკალურ „სვანურ ლექსიკონს“, ბატონი ზურაბი რეცენზენტად მოიწვია. დიდი ამაგი დასდო ამ ლექსიკონსაც ბატონმა ზურაბმა...
განგებამ რომ პოეტური ნიჭი უწყალობა ბატონ ზურაბს, სამადლობელი იმით გადაიხადა, რომ დრო და ენერგია არ დაიშურა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას (თუ სხვა მწერალთა) თხზულებების აკადემიური გამოცემებისათვის (ბ-ნი ზურაბი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ტექსტოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა დიდხანს).
ყველაფერს ამ პატარა საგაზეთო წერილში ვერ ვიტყვით — თუნდაც იმ ღვაწლზე, ძველი ქართული ენის ტექსტების გამოცემასა თუ იმ ენობრივი სამყაროს მეცნიერულ კვლევაში რომ მიუძღვის...
ეს კი უნდა ვთქვა: ქართული ენის ღირსეული დამცველი და ქომაგი იყო ბატონი ზურაბი! როცა საქმე ქართული ენის წინაშე მდგარ პრობლემებს ეხებოდა, საფრთხეებზე ჩამოვარდებოდა საუბარი, ბატონ ზურაბს იქ მშვიდად ყოფნა არ შეეძლო... მე მინახავს ქართული ენის პრობლემებზე მსჯელობისას „აჯანყებული“ ზურაბ ჭუმბურიძე. ერთხელ, ერთ სამგლოვიარო შეკრებაზე ხალხმრავლობაში დედაენის სავალალო მდგომარეობაზე ჩამოვარდა საუბარი; თანამოსაუბრე ერთ თანამდებობის პირს საქმეში ჩარევისაკენ მოვუწოდეთ... ეს მე არ მეხებაო, მშვიდად ჩაილაპარაკა „დიდმა კაცმა“... „რას ჰქვია, არ გეხებაო!“ — ისე ხმამაღლა შეუტია ბატონმა ზურაბმა, სხვებმაც მოიხედეს ჩვენკენ... „დიდი კაცი“ თავდახრილი გაგვერიდა... გადამდები იყო ბატონი ზურაბის ეს განწყობა და დამოკიდებულება... ჩვენში რომ ბავშვობიდანვე დედაენის სიყვარული და პატივისცემა ჩაისახა, ამაშიც ბატონი ზურაბის დამსახურებაცაა: საბავშვო ჟურნალ „პიონერში“ მრავალი წელი იგი უძღვებოდა ენობრივ რუბრიკებს და გვაყვარებდა დედაენას ჟურნალის მკითხველებს...
ვთქვით, ამ საგაზეთო წერილში ყველაფერს ვერ ჩავტევთ-თქო, მაგრამ, ცხადია, ესეც უნდა ითქვას: ზურაბ ჭუმბურიძე იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მწერალთა კავშირის წევრი, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი... გოგებაშვილის პრემია ვახსენეთ; ასევე იყო შიო მღვიმელის, ვაჟა-ფშაველას პრემიების ლაურეატი; წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია მიენიჭა ახლახან... ღირსების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ჯვარი... მრავალი საბჭოს, კომისიის, რედკოლეგიის წევრი...
და, რაც მთავარია – 1944 წლიდან დღემდე – უნივერსიტეტელი: სტუდენტი, ასპირანტი, მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, ემერიტუს პროფესორი...
მე თუ მკითხავს კაცი, უნდა დაწესდეს საპატიო წოდება „ღირსეული უნივერსიტეტელი“ და იგი პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძისნაირ ღვაწლმოსილ უნივერსიტეტელებს მიენიჭოს!
მადლობა, ბატონო ზურაბ, თქვენ მიერ დათესილი უზომო სიკეთისათვის.
კვლავაც სტუდენტური მოკრძალებითა და პატივისცემით.
გიორგი გოგოლაშვილი