„ქრისტე აღსდგა“ თუ — „ქრისტე აღდგა“? — ეს კითხვა პერიოდულად დავის საგნად იქცევა ხოლმე სამეცნიერო სივრცესა თუ ფართო საზოგადოებაში, განიხილება პრესის ფურცლებსა და სოციალურ ქსელებში.
ამ საკამათო კონტექსტთან დაკავშირებული ყველა — ძველი თუ ახალი მოსაზრება შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს:
1. „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში“ „ქრისტე აღდგა“ ფორმის პარალელურად, გამონაკლისის სახით, დასაშვებადაა მიჩნეული „ქრისტე აღსდგა“, როგორც ძველ და ახალ წერილობით ძეგლებში და საეკლესიო მსახურებაში ტრადიციულად დადასტურებული ფორმა (ა. შანიძე, ბ. ფოჩხუა, შ. აფრიდონიძე...). აღნიშნული ფორმის გამოყენება მორწმუნის „სუბიექტური არჩევანის" საკითხადაა ჩათვლილი.
2. „ქრისტე აღსდგა“ დასაშვებია, როგორც ფაკულტატური საშუალება, რომელიც ერთი სიტყვის განსხვავებულ მნიშვნელობათა („გაცოცხლება, განახლება, აღორძინება“; ასევე, ემოციური განწყობა) ფორმობრივად გარჩევის ფუნქციას ასრულებს (ბ. ჯორბენაძე, ჟ. ფეიქრიშვილი, ტ. ფუტკარაძე...).
3. „ქრისტე აღსდგა“ დაუშვებელია, როგორც არასწორი, მცდარი ფორმა (ლ. ღვინჯილია).
ყველა ამ განსხვავებულ მოსაზრებას ერთი რამ აერთიანებს: კერძოდ, მოცემულ კონტექსტში აღსდგა ფორმა ერთპირიანადაა კვალიფიცირებული და, აქედან გამომდინარე, ს — პრეფიქსი ზედმეტად და გრამატიკული წესიდან გადახვევად არის მიჩნეული. ამ „შეცდომას" კი, ჩვეულებრივ, იმით ხსნიან, რომ ს — პრეფიქსი ამ შემთხვევაში ფორმალური დიფერენცირებისათვის, სტილისტური დანიშნულებით, „სამკაულადაა“ ნახმარი, რათა ქრისტეს ღვთაებრივი, სასწაულებრივი „აღდგომა" ჩვეულებრივი, ადგილიდან ადგომისაგან განსხვავდეს.
საკამათო კონტექსტში ერთპირიანი ფორმა — „აღდგა", ცხადია, ვერ გადმოსცემს მაცხოვრის აღდგომის უნიკალურსა და სასწაულებრივ მოვლენას, რომლის გამოხატვა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქართული ორპირიანი აღ-ს-დგა ზმნის საშუალებით: ამიტომაცაა, რომ სწორედ ამ ენის მფლობელი ჭეშმარიტი მორწმუნის „სუბიექტური არჩევანი“ აღსდგა ფორმის სასარგებლოდ ეყრდნობა მის შინაგან განწყობას, ინტუიციას, რომელიც სულიერ მოვლენებს განარჩევინებს ფიზიკური მოვლენებისაგან.
ამგვარად, მაცხოვრის, ქრისტეს აღდგომის საკრალური მოვლენის ენობრივი ნიშნით გაფორმება მხოლოდ ქართული მრავალპირიანი სტრუქტურის ზმნას შეუძლია: ქართველი მთარგმნელის მიერ ეს საიდუმლო შინაგანად იმდენად ღრმად იყო გაცნობიერებული, რომ იგი, რა თქმა უნდა, გამოიყენებდა ქართული ზმნის შესაძლებლობებს და ს — პრეფიქსის დახმარებით გამოხატავდა იმ უნიკალურ მოვლენას, რომელსაც მაცხოვრის, ქრისტეს მკვდრეთით ამ ქვეყანას აღდგომის საიდუმლო ჰქვია: ქრისტე აღ-ს-დგ-ა.
შესიტყვება „ქრისტე აღსდგა" რწმენის ქვაკუთხედს წარმოადგენს, იგი ქრისტე — მაცხოვრის ქვესკნელიდან, ჯოჯოხეთიდან ამ ქვეყანაზე აღდგომის საიდუმლოს გამოხატავს და ინახავს.
ქართული ენა „იმარხავს“ ყველა იმ საიდუმლოს, რომელიც მოიაზრება იოანე ზოსიმეს ცნობილ ჰიმნოგრაფიულ თხზულებაში — „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ამ საიდუმლოთა შორის არის ქრისტეს აღდგომის დოგმატის საიდუმლოც, რომლის ენობრივი ფორმით გამოხატვა შესაძლებელი გახდა ქართული ანალიზური და სინთეზური აზროვნების მიერ შექმნილი პოლიპერსონალური ზმნის საშუალებით.
დამანა მელიქიშვილი
თსუ ემერიტუსი პროფესორი
გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
(ვრცელი ვარიანტი იხ. დამანა მელიქიშვილი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, ტ. VII, 2021)