თამარ დადიანი
ქიმიური ელემენტების შესწავლით დაინტერესებულ აბიტურიენტებს, რომლებიც მომავალ პროფესიად ქიმიკოსობას ირჩევენ, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი STEM აკადემიაზე ქიმიაში და ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის ღია კარის დღეზე ეპატიჟება, რომელიც 18 მარტს გაიმართება.
ღონისძიება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობასა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გაიმართება.
ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლიდან წარმატებით ხორციელდება, სადაც სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. პროგრამა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ-ის ერთობლივი პროგრამის ანალოგს წარმოადგენს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან ხორციელდება.
პროგრამა შედგენილია ამერიკის ქიმიის საზოგადოების (https://www.acs.org/content/acs/en.html) და საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. აკადემიურ პერსონალს გადამზადება გავლილი აქვს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (კალიფორნია) და შესაბამის კურსებს უძღვება. საგანმანათლებლო პროგრამა შედგენილია ყველა იმ თეორიული და პრაქტიკული კურსის გათვალისწინებით, რაც აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად. სწავლების პროცესში გამოიყენება ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ქიმიური და ბიოქიმიური ლაბორატორიები, სადაც სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას. პროგრამა ასევე შეიცავს მრავალფეროვანი ზოგადი განათლების საგნებს და გათვლილია ქართველ და უცხოელ სტუდენტებზე.
პროგრამის მიზანია თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ქიმიის ძირითადი დისციპლინების მაღალი დონის ცოდნა და შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებასა და პრაქტიკულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქიმიის, ბიოქიმიისა და მათ მონათესავე დარგებში.
საქართველოს მოქალაქეებისათვის პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 2250 ლარს, ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის არის 10 000 ლარი წელიწადში.
ღია კარის დღეზე აბიტურიენტებსა და სტუმრებს მიესალმებიან: თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პროვოსტი უილიამ ტონგი, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი, სდსუ-საქართველოს დეკანი ჰალილ გიუვენი, თსუ-ს ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჯიბუტი და თსუ-ს ქიმიის პროფესორები. აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ თსუ-ს ქიმიის ლაბორატორიები დაათვალიერონ. მათთვის მოეწყობა სახალისო ქიმიის ექსპერიმენტების ჩვენება. შემდგომ კი სერთიფიკატებით Stem აკადემიის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართება.